ბს-1492(კ-კს-18) 20 ივნისი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. უ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2018წ. განჩინებაზე და ამავე განჩინებაზე წარდგენილი შპს „…ის“ კერძო საჩივარი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. უ-მა 14.07.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ მერიის 04.07.2017წ. N1-1525 ბრძანებისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 24.05.2017წ. N3277758 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.07.2017წ. განჩინებით მ. უ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შეჩერდა სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 24.05.2017წ. N3277758 ბრძანების მოქმედება მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.07.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „…ი“, რომელმაც ასევე გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.07.2017წ. განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.11.2017წ. განჩინებით კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.07.2017წ. განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 06.02.2018წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.04.2018წ. გადაწყვეტილებით მ. უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.07.2017წ. განჩინება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
სააპელაციო სასამართლოში 24.07.2018წ. წარდგენილი განცხადებით შპს „…მა“ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.04.2018წ. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, არ დაკმაყოფილდა აგრეთვე შპს „...ის“ შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ. აღნიშნული განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. უ-ის მიერ, ხოლო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში - კერძო საჩივრით გასაჩივრდა შპს „…ის“ მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატის სხდომაზე შპს „…ის“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტების მიხედვით დაგეგმლია 120-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, მსგავსი ობიექტებისათვის კანონმდებლობა სამშენებლო ნებართვის გაცემის განსხვავებულ პროცედურას ითვალისწინებს, რადგან 100-ზე მეტ ნომრიანი სასტუმრო ექცევა განსაკუთრებულ სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტთა ნუსხაში, რაც ავტომატურად წარმოშობს ნებართვის გამცემი ორგანოს ვალდებულებას ნებართვის გაცემის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ჩაბმის შესახებ. სადავო ნებართვის გაცემისას დარღვეულ იქნა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის და საქართველოს მთავრობის 23.07.2015წ. N371 დადგენილების მოთხოვნები. სხვა მსგავს შემთხვევებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ არაერთი ნებართვა გააუქმა აღნიშნული წესის დაუცველობის გამო. კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დემონტაჟის პროცესის დასრულებამდე და მისი უძრავი ნივთის გამაგრებამდე გაიცა მშენებლობის ნებართვა. დემონტაჟის გაგრძელება მიზანშეუწონლად მიიჩნია მშენებლობის მაკონტროლებელმა ორგანომ, ამის მიუხედავად გაიცა ნებართვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დემონტაჟის დასრულება მშენებლობის მოსამზადებელ ეტაპზე მოხდება. დემონტაჟი რომ მოსამზადებელი სამუშაოების შემადგენელი ნაწილი იყოს, მასზე ცალკე ნებართვის გაცემა აღარ გახდებოდა საჭირო. კასატორი თვლის, რომ ნებართვის გამცემი უნდა ინტერესდებოდეს დაგეგმილი მშენებლობის მეზობელ ნაგებობებზე ზეგავლენით. ნებართვის გამცემ ორგანოს წარდგენილი ჰქონდა ექსპერტიზის დასკვნა მ. უ-ის ქონებაზე დაგეგმილი მშენებლობის უარყოფითი გავლენის შესახებ. სურვილის შემთხვევაში, შპს „…ს“ დავის მიმდინარეობის მანძილზე შეეძლო გაემაგრებინა მ. უ-ის ნაგებობა, შპს „…ის“ უმოქმედობა ადასტურებს მის უარს გამაგრებით სამუშაოებზე. კასატორი დაზიანებულ სახლში ცხოვრობს მცირეწლოვან შვილთან და ონკოლოგიურად დაავადებულ დედასთან ერთად. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ დაგეგმილი მშენებლობის ქვეშ გადის მეტრო, თუმცა „…“ წარმოებაში ჩართული არ ყოფილა. სააპელაციო სასამართლოს არ უმჯელია მ. უ-ის არგუმენტებზე.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების საკითხი ზემდგომი ინსტანციის სასამართლომაც შეიძლება განიხილოს. შპს „…ს“ მშენებლობის განუხორციელებლობით ადგება მნიშვნელოვანი ზიანი, რაც საექსპერტო დასკვნით დასტურდება. დაწყებული მშენებლობის მიმართ არსებობს საჯარო ინტერესიც, მ. უ-ის გარდა სხვა მომიჯნავე ნაგებობების მესაკუთრეებიც ელოდებიან მათი უძრავი ნივთების გამაგრებას, რაც სამშენებლო ნებართვის მოქმედების შეჩერების გამო ვერ ხორციელდება. შპს „…ისა“ და მოსარჩელის ინტერესები თანხვედრაშია, მ. უ-ის სახლის გამაგრება ვერ განხორციელდება სამშენებლო სამუშაოების განახლებამდე. შპს „…ი“ ყოველთვის გამოთქვამდა მზადყოფნას მ. უ-ის სახლის გამაგრებაზე, თუმცა აღნიშნული ვერ მოხდებოდა გარკვეული ნაგებობების დემონტაჟის დასრულებამდე. კომპანიას არ ეძლევა გამაგრების შესაძლებლობა მშენებლობის ნებართვის ამოქმედების გარეშე. მშენებლობის ნებართვის მიმართ შპს „…ს“ აქვს კანონიერი ნდობა, კომპანიამ სადავო აქტებზე დაყრდნობით განახორციელა რიგი ქმედებები, გააფორმა ხელშეკრულებები, დაიწყო სადემონტაჟო სამუშაოები, მობილიზება გაუკეთა საჭირო ადამიანურ რესურსს და ა.შ.. ამასთანავე, ორივე ინსტანციის სასამართლომ შპს „…ის“ სასარგებლოდ გადაწყვიტა დავა, რაც ადასტურებს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ კომპანიის მოთხოვნის საფუძვლიანობას. ის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება არასაბოლოოა და გასაჩივრებას ექვემდებარება, არ გამორიცხავს დაუყონებლივ აღსრულებას, პირიქით დაუყონებლივ აღსრულების ინსტიტუტი სწორედ იმისთვის არსებობს, რომ კანონიერ ძალაში შესვლამდე აღსრულდეს გასაჩივრებას დაქვემდებარებული გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. უ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი დავის გადაწყვეტისას უნდა მოხდეს სარჩელის აღძვრის მიზნის გათვალისწინება, რადგან დავის წარმოება - გარკვეული აქტების უკანონობის დადგენის მოთხოვნა, ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალება და სხვ., მიზნად ისახავს სწორედ მოსარჩელის დაცვის ღირსი კანონიერი ინტერესის დაკმაყოფილებას. აქტის უკანონობის დადგენა არ არის თვითმიზანი, არამედ მიზნის - მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიღწევის საშუალება. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს შპს „…ის“ სახელზე გაცმეული სამშენებლო ნებართვის ბათილად ცნობას, რადგან დაგეგმილი მშენებლობის მომიჯნავედ მდებარე მისი სახლის მდგრადობას, ოჯახის ნორმალურ პირობებში ცხოვრებას ექმნება არსებითი საფრთხე. საკასაციო პალატა ადასტურებს პირის უფლებას არა მარტო თავშესაფრის, არამედ სათანადო საცხოვრებლის ქონაზე, რაც გულისხმობს კონკრეტულ ადგილას პირის უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრების შესაძლებლობას, თუმცა თვლის, რომ სადავო აქტების ბათილად ცნობა ვერ უზრუნველყოფს მოსარჩელის აღნიშნული უფლების დაცვას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „…ს“ მიეცა მოსარჩელის მომიჯნავედ მდებარე ნაკვეთზე არსებული ნაგებობების დემონტაჟის ნებარვა, დაიწყო სადემონტაჟო საქმიანობა, ნაგებობათა უმეტესი ნაწილი დემონტირებულ იქნა, თუმცა მ. უ-ის განცხადების გამო ზედამხედველობის სამსახურის 16.05.2017წ. ბრძანებით სადემონტაჟო სამუშაოები შეჩერდა სამუშაოების უსაფრთხოების წესების დაცვით, სათანადოდ შედგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე განხორციელებამდე. აღნიშნული აქტის გამოცემისას გათვალისწინებულ იქნა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.04.2017წ. დასკვნა და 21.04.2017წ. წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მ. უ-ის შენობის მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება სპეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით. საქმეში დაცულია აგრეთვე იმავე დაწესებულების 04.04.2018წ. დასკვნა, რომლის თანახმად მ. უ-ის ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობა ფასდება არადამაკმაყოფილებლად, შენობა ექვემდებარება კაპიტალურ გამაგრებას დეტალური გამოკვლევის საფუძველზე დამუშავებული პროექტით, პირველი შემოწმების შემდეგ შენობის დაზიანებები ხარისხობრივად გაიზარდა, რაც ძირითადად განპირობებულია თვეების განმავლობაში ნაგებობის გაუმაგრებლობით. ამდენად, აღნიშნული დასკვნებით, მათზე თანდართული ფოტომასალით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება შპს „…ის“ მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად მ. უ-ის საკუთრებაში რიცხულ სახლზე ნეგატიური ზეგავლენა, სახლის მდგრადობისათვის საფრთხის შექმნა, გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების საჭიროება, გამაგრებითი სამუშაოების დაყოვნების გამო მ. უ-ის ნაგებობის დაზიანებების პროგრესირება. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის აუცილებელია სამშენებლო ნებართვის არსებობა (33.1 მუხ.„ა“ ქვ.პ., 36.1 მუხ.), სამშენებლო სამუშაოები არის მოქმედებათა ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება სამშენებლო მოედნის მომზადების, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, დემონტაჟის, კონსერვაციის ან/და შეკეთების დროს (3.60 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, შპს „…ის“ სახელზე გაიცა მშენებლობის ნებართვა, თუმცა აქტის მოქმედების შეჩერების გამო მას ეკრძალება რაიმე სამშენებლო ღონისძიებების განხორციელება. ამდენად, სამშენებლო ნებართვის მოქმედების შეჩერება, მისი ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციული წარმოების დაწყება კიდევ უფრო დააყოვნებს მოსარჩელის სახლის გამაგრებით სამუშაოებს, რაც შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს იქ მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობისათვის. გასათვალისწინებელია, რომ შპს „…ი“ წარმოდგენილ კერძო საჩივარსა და საქმეში დაცულ ახსნა-განმარტებებში ადასტურებს მ. უ-ის სახლის გამაგრების საჭიროებას და შესაბამისი სამუშაოების განხორციელებისათვის მზადყოფნას. უფრო მეტიც საქმეში დაცულია შპს „…ის“ მიერ მომზადებული გამაგრების პროექტი და სამშენებლო კომპანიასთან დადებული კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს გამაგრებითი სამუშაოების განხორციელებას. შესაბამისად, მოსარჩელის ინტერესი - სახლის გამაგრებითი სამუშაოების განხორციელება, მიიღწევა სადავო აქტის - მშენებლობის ნებართვის მოქმედების განახლებით. ამასთანავე, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უშუალოდ დაგეგმილი ნაგებობის მშენებლობის დაწყებამდე შპს „...მა“ უნდა უზრუნველყოს მ. უ-ის საცხოვრებლის იმდაგვარად გამაგრება და შემდგომში დაგეგმილი მშენებლობის იმ საშუალებებითა და მეთოდებით განხორციელება, რაც გამორიცხავს მიმდინარე მშენებლობის გამო მ. უ-ის სახლის ტექნიკური მდგომარეობის გაუარესებას. საჭიროების შემთხვევაში შპს „…მა“ უნდა უზრუნველყოს სპეციალური ცოდნის მქონე პირის (დაწესებულების) მიერ დამატებითი კვლევის ჩატარება, რათა შეირჩეს მ. უ-ის სახლის გამაგრების ყველაზე სწრაფი, ოპტიმალური და ეფექტიანი ღონისძიებები. დაუშვებელია შპს-ს მიერ მოგების მიღების მიზანს შეეწიროს კერძო პირთა (მ. უ-ის) სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. ამდენად, მართალია საკასაციო პალატა შედეგობრივად ეთანხმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს მ. უ-ის საცხოვრებლის სათანადოდ გამაგრების გარეშე შპს „…ის“ მიერ ძირითადი სამშენებლო სამუშაოების დაწყების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის 49.1 მუხლის „ე“ ქვეოპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისთვის მიკუთვნებულ ერთ-ერთ ობიექტად სახელდებოდა 100 და მეტადგილიანი სასტუმრო, შესაბამისად, წარმოიშობოდა ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილება მონაწილეობა მიეღო ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში - ადმინისტრაციული წარმოების შესაბამის სტადიაზე, როგორც სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს (50.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი), თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელეს აღნიშნული პრეტენზია არ დაუყენებია სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში დაცული იყო და შესაბამისად მოსარჩელე იცნობდა საპროექტო დოკუმენტაციას. ამასთანავე, მოსარჩელე ვერ უთითებს სახანძრო უსაფრთხოების კუთხით პროექტში არსებულ კონკრეტულ დარღვევაზე, რეალური საფრთხის წარმომშობ წინაპირობებზე, შესაბამისად არ დასტურდება აღნიშნულის გამო სადავო აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები.
ის გარემოება, რომ ნებართვის გაცემისას დემონტაჟი დასრულებული არ იყო, ასევე არ ადასტურებს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობას, რადგან მშენებლობის განხორციელების მოსამზადებელი რიგის სამუშაოებს განეკუთვნება სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია სამშენებლო მოედნის მოწესრიგებასთან, მათ შორის, ამორტიზებული ან სხვა არსებული ნაგებობების დაშლასთან და სამშენებლო ნაგვის მოცილებასთან („მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. N57 დადგენილების 87.1 მუხ. „ა“ ქვ.პ.). საქმეში დაცული ფოტომასალით დასტურდება, რომ ნაგებობათა ძირითადი ნაწილი დემონტირებულია, სადემონტაჟო სამუშაოების აბსოლუტური უმრავლესობა განხორციელებულია, ამდენად, დარჩენილი სადემონტაჟო საქმიანობის ფარგლების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ აღნიშნული სამუშაოები შესაძლებელია განხორციელდეს ახალი მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, მით უფრო, რომ შპს „…ის“ მშენებლობის ორგანიზების პროექტით მოსამზადებელი სამუშაოებისათვის 35 დღეა გათვალისწინებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის მიზნის, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი. ამდენად, მ. უ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული არსებითი განხილვისთვის.
რაც შეეხება შპს „…ის“ კერძო საჩივარს, საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში ქვემდგომი ინსტანციის სასაართლოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობის შესახებ. უკეთუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებით დაინტერესებული მხარე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, იგი უფლებამოსილია განიხილოს აღნიშნული საკითხი. საპროცესო კანონმდებლობა არ აწესებს რაიმე აკრძალვას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით (იხ. სუს 19.04.2018წ. Nბს-1111-1105(კ-კს-17) განჩინება). ამდენად, შპს „…ი“ უფლებამოსილი იყო სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაეყენებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების მოთხოვნა.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მას დაუსაბუთებლად ეთქვა უარი გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე, თუმცა საკასაციო პალატა თვლის, რომ აღარ არსებობს კერძო საჩივრის საფუძვლიანობაზე, მის ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებაზე, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების მართლზომიერებაზე მსჯელობის საჭიროება, რადგან მ. უ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესაბამისად, ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.04.2018წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, რის გამო კერძო საჩივრის მიზანი უკვე მიღწეულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. უ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. შპს „…ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2018წ. განჩინება;
4. მ. უ-ს (პ.ნ. …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 24.12.2018წ. N7402543558 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი