#ბს-364(კ-19) 4 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ა. ხ. ქ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინება
განსახილველი საგანი _ სარჩელის გამოხმობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 11 სექტემბერს ა. ხ. ქ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 3 და 5 ივლისის, აგრეთვე 2017 წლის 28 ივლისის N20/7-2414 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტისათვის მოსარჩელის სახელმწიფო საზღვარზე შემოშვების დავალდებულება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ა. ხ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ხ. ქ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ა. ხ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ხ. ქ-მა, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ხ. ქ-ის საკასაციო საჩივარი.
2019 წლის 19 ივნისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ა. ხ. ქ-ის წარმომადგენელმა - ა. ლ-ამ, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელის გამოხმობა მოითხოვა.
2019 წლის 24 ივნისს საკასაციო სასამართლომ ა. ხ. ქ-ის წარმომადგენლის - ა. ლ-ას განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსაზრების დადგენის მიზნით წერილობით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.
2019 წლის 2 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მომართა საკასაციო სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, თანხმობა განაცხადა ა. ხ. ქ-ის მიერ სარჩელის გამოხმობასთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ა. ხ. ქ-ის განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სარჩელი განუხილველად დარჩეს, შემდეგ გარემოებთა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამდენად, საკასაციო სასამართლოში სარჩელის გამოხმობა დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი 02.07.2019წ. №ბ-981-19 განცხადებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, თანხმობა განაცხადა ა. ხ. ქ-ის მიერ სარჩელის გამოხმობასთან დაკავშირებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის _ ა. ხ. ქ-ის განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, ა. ხ. ქ-ის სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ დარჩეს განუხილველი, ხოლო ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებები გაუქმდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ა. ხ. ქ-ის საკასაციო საჩივარზე ნ. კ-ეს 12.11.2018წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნ. კ-ეს (პ/ნ …) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი სრულად შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 399-ე, 372-ე, 831 მუხლებით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ხ. ქ-ის განცხადება სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ა. ხ. ქ-ის სარჩელი, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ დარჩეს განუხილველი;
3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება;
4. ნ. კ-ეს (პ/ნ …) დაუბრუნდეს ა. ხ. ქ-ის საკასაციო საჩივარზე 12.11.2018წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი სრულად, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი