Facebook Twitter

საქმე №ბს-972(კ-18) 6 ნოემბერი, 2018 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - დ. გ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი (მოპასუხე)

მესამე პირები - ა. ლ-ე, ა. გ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. გ-ემ 2017 წლის 05 აპრილს სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის მიერ გამოცემული 2016 წლის 11 ოქტომბრის N... (ს/კ ...), 2016 წლის 11 ოქტომბრის N... (ს/კ. ...), 2016 წლის 11 ოქტომბრის N... (ს/კ. ...), 2016 წლის 11 ოქტომბრის N... (ს/კ. ....) გადაწყვეტილებების ა. ლ-ის ნაწილში ბათილად ცნობა. მოსარჩელემ ასევე მოპასუხისთვის ზემოაღნიშნული უძრავი ქონების დ. გ-ის საკუთრებად რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში აუცილებელ მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა. ლ-ე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განჩინებით დ. გ-ის სარჩელზე მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის და მესამე პირის ა. ლ-ის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე, შეწყდა სარჩელის დაუშვებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს როგორც ა. ლ-ემ, ასევე დ. გ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 სექტემბრის განჩინებით დ. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; ა. ლ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა მოცემულ საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განჩინება და საქმე შესაბამისი ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

2017 წლის 8 დეკემბრის სხდომაზე, მოსარჩელის შუამდგომლობით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ა. გ-ე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-ემ და მოითხოვა პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის განჩინებით დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია სათანადოდ საქმის გარემოებები, არ უმსჯელია სააპელაციო საჩივარში დასახელებულ ყველა იმ გარემოებაზე, რასაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული მოსაზრებები.

კასატორი ასევე განმარტავს, რომ ბორჯომის რაიონის სოფელ ტბის საკრებულოს 2003 წლის 12 სექტემბერს გაცემული ცნობა №416-ს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არასწორად მიანიჭა უფლების დამდგენი დოკუმენტის სტატუსი ა. ლ-ისთვის, რადგან იგი თავისი არსით არ წარმოადგენს უფლების დამდგენ დოკუმენტს. ა. ლ-ეს არ უნდა მინიჭებოდა თანამესაკუთრის სტატუსი, რადგან ის კომლის წევრი არასოდეს ყოფილა და უძრავი ნივთი უნდა აღრიცხულიყო მხოლოდ დ. გ-ის საკუთრებად, რადგან ის წარმოადგენს კომლის უკანასკნელ წევრს. დ. გ-ე 1992 წელს პაპის - ა. ლ-ის ნებართვით გახდა კომლის წევრი, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული მოწმის, ვ. ტ-ის ჩვენებაც. საქმეში ასევე დაცულია ტბის თემის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2002 წლის 29 მაისს გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ დ. გ-ე საკომლო ჩაწერით სადავო ფართში ჩაწერილია 2005 წლამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინებით დ. გ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის სადავო გადაწყვეტილებებით ა. ლ-ის დანაშთი სამკვიდრო ქონება თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა ა. ლ-ისა და დ. გ-ის სახელზე. აღნიშნული გადაწყვეტილებები ა. ლ-ის ნაწილში გაასაჩივრა დ. გ-ემ.

აღნიშნული რეგისტრაცია განხორციელდა კანონიერ ძალაში შესული ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც დ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ა. ლ-ის სახელზე ბორჯომის რაიონის სოფელ ტბაში მდებარე სადავო უძრავ ნივთებზე განხორციელებული რეგისტრაციები და მარეგისტრირებელ ორგანოს მიეთითა, რომ სადავო ქონებაზე უფლება გააჩნიათ, როგორც დ. გ-ეს თანასაკუთრებისა და მემკვიდრეობის, ასევე ა. ლ-ეს თანასაკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებით.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული აქტების კანონიერების თაობაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული 2015 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ ბორჯომის რაიონის ტბის სასოფლო-სამეურნეო საბჭოსა და საკრებულოს სოფელ ტბის 1986-2006 წლების საკომლო წიგნით დ. გ. გ-ე წარმოადგენდა ა. ლ-ის კომლის წევრს და ბორჯომის რაიონი სოფელი ტბის საკრებულოს 2003 წლის 12 სექტემბრის N416 და N115 ცნობებით დადასტურებულია ა. ლ-ის, როგორც ა. ლ-ის კომლის წევრის სტატუსი, ა. ი. ლ-ის გარდაცვალების შემდეგ კომლის წევრებს წარმოადგენდნენ დ. გ. გ-ე და ა. ლ-ე, რომლებიც ამავდროულად წარმოადგენენ კანონით მემკვიდრეებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უძრავი ქონების თანასაკუთრების უფლებით რეგისტრაციის თაობაზე მიღებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რაც შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან. პალატა მიუთითებს, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის შესაძლებლობას.

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე