საქმე №ბს-1137 (კ-18) 11 დეკემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ი/მ ა. ე-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მესამე პირები - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ი“, თ. ა-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი/მ ა. ე-მა 2016 წლის 11 აგვისტოს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ ქალაქ რუსთავის მერიის მიმართ და მოითხოვა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 08 ივლისის №1115 ბრძანების ბათილად ცნობა, მატერიალური ზიანის -7000აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით - 50 400 ლარის ანაზრაურება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ი“.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა თ. ა-ი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განჩინებით, ზიანის ანაზღაურებისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი განუხილველი დარჩა მოთხოვნის გახმობის გამო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი/მ ა. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ა. ე-მა, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით ი/მ ა. ე-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ა. ე-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთი 2012 წელს შეიძინა თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მიერ გამოცხადებულ საჯარო აუქციონზე, რომელსაც თან ახლდა მშენებლობის განხორციელების ვალდებულება, შესაბამისად, ი/მ ა. ე-მა მოითხოვა სამშენებლო ნებართვის გაცემა, ადმინისტრაციული ორგანოსაგან მიიღო უარი, თუმცა მოპასუხის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით არ არის დასაბუთებული რატომ არის ა. ე-ის მოთხოვნა კანონსაწინააღმდეგო.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნული საქმესის მსგავს სიტუაციაში მუნიციპალიტეტს განსხვავებული გადაწყვეტილებები აქვს მიღებული. თუ მოცემულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მუნიციპალიტეტი უარს ამბობს, ამ მიწის ნაკვეთის მდებარედ ანალოგიური გეგმარებით არეალში არაერთი პროექტია შეთანხმებული და გაცემულია მშენებლობის ნებართვები. ამის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია ი/მ ა. ე-ის საკუთრებისა და კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში მისით სარგებლობის უფლება. კერძოდ, ერთსა და იმავე ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების არსებობის პირობებში მიღებულ იქნა განსხვავებული გადაწყვეტილება. აღნიშნულით კი ირღვევა სამართალწარმოებაში მონაწილე მხარეების თანასწორობის ფუნდამენტური პრინციპი.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს მხრიდან შეფასება არ მომხდარა რუსთავის მუნიციპალიტეტს გააჩნდა თუ არა დისკრეციული უფლებამოსილება სამშენებლოდ განვითარების საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც მან მიწის ნაკვეთი აუქციონზე განკარგა და ვალდებულებად განსაზღვრა მშენებლობის განხორციელება. ასევე კასატორის აღნიშვნით, რუსთავის მუნიციპალიტეტმა პირობიან აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა მიწის ნაკვეთი, რომლის სამშენებლოდ განვითარების შესაძლებლობა მანვე დაადასტურა და მას შემდეგ როდესაც შემძნემა (ა. ე-ი) გადაიხადა შესაბამისი რაოდენობის თანხა და მასზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა საკუთრების უფლება, სამშენებლოდ განვითარებაზე უარი უთხრა. მსგავსი უკანონო ქმედებები აბსოლუტურად არღვევს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას და საზოგადოება დაკარგავს სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ორგანოების მიმართ ნდობას, ეს კი უარყოფითად აისახება ამა მხოლოდ ერთი კონკრეტული სუბიექტის უფლებებზე, არამედ სამართლიანი სახელმწიფოს განვითარებაზე.
კასატორის აღნიშვნით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი დარღვევებით, რომელსაც შესაძლოა ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამავდროულად საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითრებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ი/მ ა. ე-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ ა. ე-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2012 წლის 26 სექტემბერს მიმართა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარდგენილი ესკიზის შეთანხმების და მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი ..., მშენებლობის ნებართვის მისაღებად. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ურბანული დაგეგმარებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის 2013 წლის 06 მარტის №1/1439 ბრძანებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებულ იქნა სასამართლო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 26 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 06 მარტის №1/1439 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე ა. ე-ის 2013 წლის 25 თებერვლის №4891 განცხადებასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ობიექტი არ შეიძლება ყოფილიყო ტროტუარი. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 08 ივლისის №1115 ბრძანებით მოსარჩელის 2013 წლის 25 თებერვლის №4891 განცხადებით გათვალისწინებული მოთხოვნა მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ქ. რუსთავში ... ქ. №21-ის მიმდებარე ტერიტორია ურბანული დაგეგმარების თვალსაზრისიდან გამომდინარე არ წარმოადგენს სამშენებლოდ მიზანშეწონილ ტერიტორიას. მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ადგილას, ქაოსური განაშენიანების თავიდან ასაცილებლად, ასევე
იმის გათვალისწინებით, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას არ აქვს შიდა ეზო, საფრთხე ექმნება აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ კომერციული ფართების ფუნქციონირებას და გარემო პირობებს. ამასთან, მიწის ნაკვეთი, რომელზეც მშენებლობის ნებართვის გაცემას მოითხოვს მოსარჩელე, წარმოადგენს სავალ გზას.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერების თაობაზე და აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული 2015 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მათ შესაბამისად, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება, რაც განხორციელდა და ადმინისტრაციული წარმოებისას. კერძოდ, დადგინდა, რომ ი/მ ა. ე-ის კუთვნილი 81 კვ. მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...,) მდებარეობს ქ. რუსთავში, ... ქუჩის №21 საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქის ცენტრალურ გზაზე, აღნიშნულის გათვალისწინებით ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება, რამდენადაც მოსარჩელის მიერ მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში შეილახება მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა ინტერესები და მშენებლობის განხორციელება გავლენას იქონიებს ქალაქის იერსახეზე.
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 8 ივლისის №1115 ბრძანება მიღებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რაც შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული ინდივიდუალურ - ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის შესაძლებლობას.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი/მ ა. ე-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინება;
3. კასატორს - ი/მ ა. ე-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 21.08.2018წ. №25 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე