Facebook Twitter

საქმე Nბს-1152(2კ-18) 11 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მარნეულის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხე), ს. კ-ი (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარეები - ჩ. ქ-ა, თ. დ-ა, ა. დ-ა (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 6 მაისს ჩ. ქ-ამ, თ. დ-ამ და ა. დ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 25 ივლისის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 22 მარტის №... რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ს. კ-ი.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით ჩ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 25 ივლისის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 22 მარტის №... რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. ა. დ-ას და თ. დ-ას უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და საჭიროების შემთხვევაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჩ. ქ-ამ, ა. დ-ამ და თ. დ-ამ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ასევე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ს. კ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, ს. კ-ის სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გაშვების გამო, დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ჩ. ქ-ას, ა. დ-ას და თ. დ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. დ-ას და თ. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 25 ივლისის N... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 22 მარტის N... რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. კ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, ასევე აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი ს. კ-ი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას იმის გამო, რომ მოსარჩელე ჩ. ქ-ა სადავო საცხოვრებელ სახლში აღარ ცხოვრობს ათ წელზე მეტია. ის გასულია კომლიდან და ცხოვრობს ცალკე ოჯახად ქ.მარნეულში. რაც შეეხება ა. და თ. დ-ებს ისინი არიან გ. კ-ას შვილები და თ. ქ-ის კომლში არც დაბადებულან და არც უცხოვრიათ, ვინაიდან მათი დედა ცხოვრობს ცალკე კომლად. ამავე დროს, ისინიც არიან გათხოვილები და ცხოვრობენ ცალკე კომლად. თ. ქ-ი გარდაიცვალა 2015 წლის 5 მარტს. გარდაცვალებამდე წლების განმავლობაში ცხოვრობდა მარტო და კომლის ყველა წევრი იყო წასული და ს. კ-ი ერთადერთია ვინც თ. ქ-თან ცხოვრობდა და უვლიდა. შესაბამისად, მოსარჩელეებს არ გააჩნიათ უფლება კომლის ქონებაზე.

კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახური საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ შეაფასა სადავო უძრავ ნივთზე პირველადი რეგისტრაციის ეტაპზე გახსნილი სააღრიცხვო ბარათის, ასევე, უძრავი ნივთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტების დროს წარმოდგენილი საარქივო ცნობის, როგორც უფლების დამდგენი დოკუმენტის სამართლებრივი ბუნება. საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, თ. ქ-ის სახელზე 2002 წლის 22 ოქტომბერს (განცხადების რეგისტრაციის ნომერი №...) გახსნილია სააღრიცხვო ბარათი, ბეჭედდასმული და ხელმოწერილი, რაც ადასტურებს მარნეულის რაიონში, სოფელ ... უძრავი ნივთის თ. ქ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტს. სისტემური რეგისტრაციით განხორციელებული რეგისტრაციის შედეგად შედგენილი სააღრიცხვო ბარათი №... სრულიად შეესაბამება იმ დროს მოქმედ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის ბრძანებულებას. ამასთან, სარეგისტრაციო განცხადება სისტემური რეგისტრაციის წესით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტების თაობაზე წარმოდგენილ იქნა თავად სააღრიცხვო ბარათში მითითებული პირის მიერ, ხოლო რეგისტრაცია განხორციელებულია მის მიერ წარმოდგენილი საარქივო ცნობის საფუძველზე (აღნიშნული საარქივო ცნობით კი არ დგინდება კომლის სხვა წევრების არსებობის ფაქტი), რომელიც მოსარჩელე მხარეს არ გაუხდია სადავო და კვლავ ძალაშია. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორს მიაჩნია, რომ არ არსებობდა რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებები.

კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სასამართლომ არ იმსჯელა კეთილსინდისიერი შემძენის ს. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. სასამართლოს არ შეუფასებია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა. მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მოსარჩელე მხარეს ისე შეუქმნა გადაწყვეტილების აღსრულების ლეგიტიმური მოლოდინი, რომ არ უმსჯელია, თუ როგორ უნდა მოხდეს მოსარჩელის სასარგებლოდ სადავო უძრავ ნივთზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, იმ პირობებში როცა კეთილსინდისიერი შემძენის უფლების დამდგენი დოკუმენტი და რეგისტრაცია ძალაშია. ამდენად, სასამართლოების მხრიდან ასეთი ფორმალური დამოკიდებულება სადავო საკითხის მიმართ ეფექტურ მართლმსაჯულებაზე უარის თქმის ტოლფასია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. კ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. კ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტლების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

საქმეზე დადგენილია, რომ სადავო ქონების, დაზუსტებული მახასიათებლებით, თ. ქ-ის სახელზე აღრიცხვას საფუძვლად დაედო, ერთი მხრივ, საგადასახადო სია, ხოლო, მეორე მხრივ, საარქივო ცნობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ... 1986-2011 წლების საკომლო წიგნებში არ აღმოჩნდა ჩანაწერი მოქალაქე თ. მ. ქ-ის კომლის შესახებ. ცნობა გაცემულია ... საკომლო წიგნებით დაცული ინფორმაციის საფუძველზე, თუმცა სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ თ. ქ-ი იყო ზემო ... მაცხოვრებელი და სადავო ქონებაც მდებარეობდა ზემო ... . შესაბამისად, ... საკომლო წიგნების ჩანაწერში თ. ქ-ის კომლის შესახებ ინფორმაცია ვერ იარსებებდა.

საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 2 დეკემბრის №AA2015085454-03 საარქივო ცნობით დადგენილია, რომ მარნეულის რაიონის ... სასოფლო-საბჭოს სოფელ ზემო ... 1986-2011 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია თ. კ-ვ მ. . კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ცოლი - ს. კ. კ-ა (გარდაიცვალა); შვილი - გ. ტ. კ-ა (გათხოვდა); შვილი - გი. ტ. კ-ა (გათხოვდა); შვილი - ჩ. ტ. კ-ა; შვილიშვილი - ა. ა. დ-ა (ჩანაწერი გაურკვეველია); შვილიშვილი - ტა. ა. დ-ა (ჩანაწერი გაურკვეველია). ამდენად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან თ. ქ-ის კომლის შესახებ ინფორმაცია დაცული იყო ზემო ... საკომლო წიგნებში და მარეგისტრირებელი ორგანოსათვის წარდგენილ იქნა არასწორი ინფორმაციის შემცველი საარქივო ცნობა, მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციის საფუძვლად წარდგენილი დოკუმენტაციის არასათანადოდ გამოკვლევასთან დაკავშირებით. ასევე მართებულია მსჯელობა, რომ თ. დ-ასა და ა. დ-ას დაბადება 1992 წლის შემდგომ არ გამორიცხავს მათ უფლებას კომლის ქონებაზე, რამდენადაც ისინი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჩაწერილები იყვნენ კომლის შემადგენლობაში. კანონმდებლის დათქმა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემა განხორციელდეს 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით გულისხმობს იმას, რომ ქონების გადაცემა უნდა განხორციელდეს 1992 წლის 1 იანვარს ჩამოყალიბებულ კომლზე, თუმცა მოცემული დათქმა არ ზღუდავს იმ პირთა საკუთრების უფლებას, რომლებიც 1992 წლის 1 იანვრამდე ჩამოყალიბებული კომლის წევრები გახდნენ აღნიშნული თარიღის შემდგომ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოურკვევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნები ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, აღნიშნული კი ქმნის სასამართლოს მიერ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩვრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურისა და ს. კ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება;

3. კასატორს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს 14.11.2018წ. №32095 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. კასატორს - ს. კ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 16.11.2018წ. №0 საგადასახადო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე