Facebook Twitter

ბს-256-256 (2კ-18) 20 ივნისი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს, შპს "...ასა" და შპს "ლ...ის" საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.11.2017წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. კ-ამ 23.02.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიმართ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 15.08.2014წ. N702 ბრძანებისა და 26.01.2015წ. N21/511 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.04.2015წ. საოქმო განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, შპს "ლ...ა" და შპს "...ა". აღნიშნული განჩინება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გასაჩივრდა კერძო საჩივრით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.2015წ. განჩინებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.04.2015წ. საოქმო განჩინება ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მესამე პირად ჩაბმის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში საოქმო განჩინება დარჩა ძალაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.01.2016წ. გადაწყვეტილებით ლ. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. კ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.11.2017წ. გადაწყვეტილებით ლ. კ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.01.2016წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 15.08.2014წ. N702 ბრძანება და 26.01.2015წ. N21/511 გადაწყვეტილება, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს, შპს "...ასა" და შპს "ლ...ის" მიერ.

კასატორმა - სსიპ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა ლიცენზიის მთლიანად გადაცემა, რაც გულისხმობს კუთვნილი უფლების მთლიანად საკუთრებაში გადაცემას არა იჯარით, არამედ შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებით. საქართველოს მთავრობის 11.08.2005წ. N136 დადგენილებით დამტკიცებული "სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების" 73.2 მუხლით დადგენილია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელთა წარდგენის ვალდებულებაც გააჩნიათ ლიცენზიის მფლობელსა და მიმღებს. მოცემულ შემთხვევაში სააგენტოში წარდგენილ იქნა ყველა საჭირო დოკუმენტი, ამდენად, სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა კანონმდებლობის ფარგლებში. ლიცენზიის გადაცემა განხორციელდა 26.06.2014წ. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მთლიანი გადაცემის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და ზემოაღნიშნული დებულების 73.3 მუხლის შესაბამისად გაიცა ახალი სალიცენზიო მოწმობა. მხარეთა ნების გამოვლენის ფაქტს ადასტურებს არა მარტო 26.06.2014წ. ხელშეკრულება, ასევე სააგენტოში 06.08.2014წ. წარდგენილი მხარეთა განცხადებები, რომელთა მიხედვით არ ფიქსირდება ლიცენზიის დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზანი. იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ლიცენზიის გადაცემის შემთხვევაში ხელშეკრულებაში იქნებოდა მითითება სარგებლობის ვადის ჩანაწერის შესახებ. უდავოა, რომ მოცემულ შემთხვევაში ლიცენზიის გადაცემა განხორციელდა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ შეფასებულა სათანადოდ. სააგენტოს მიერ გაიცა ახალი სალიცენზიო მოწმობა, რაც ადასტურებს, იმ გარემოებას, რომ სახეზეა ნასყიდობის და არა იჯარის ხელშეკრულება. კასატორმა საკასაციო საჩივარში იშუამდგომლა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს ცნობის შესახებ.

კასატორებმა - შპს "ლ...ამ" და შპს "...ამ" აღნიშნეს, რომ სკ-ის 319-ე მუხლის მიხედვით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად ნების გამოვლენის განმარტებისას, ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. შპს "ლ...ა" და შპს"...ა" სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტს, რომ მათ რეალურ მიზანს სარგებლობის ლიცენზიის სრულად საკუთრებაში გადაცემა წარმოადგენდა. ამასთან ეთანხმებიან და არ ასაჩივრებენ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 15.08.2014წ. N702 ბრძანებას. აღსანიშნავია, რომ მხარეთა მიერ შედგენილ ხელშეკრულებაში და სააგენტოში წარდგენილ განცხადებებში არ არის საუბარი ურთიერთობათა დროებითობაზე, რომელიც საიჯარო ურთიერთობების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. ამ საკითხთან მიმართებით მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებები, სადაც აღნიშნულია, რომ ნების განმარტების აუცილებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი და შესაბამისად გარიგების (ხელშეკრულების) განმარტების აუცილებლობა. საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ მოსარჩელე პრეტენზიას ლიცენზიის 100%-ით გადაცემაზე გამოთქვამს და არა მისი იჯარით - სარგებლობის ვადით გაცემაზე. ამდენად სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიუთითა ლიცენზიის გადაცემის შესახებ გარიგების არსის ბუნდოვანებაზე. შპს "ლ...ა" 2007 წლის 11 აპრილიდან ფლობდა მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიას, რომელსაც უნდა შეესრულებინა გარკვეული სალიცენზიო პირობები, რომელთა შესრულებასაც საწარმოს მხრიდან მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზება სჭირდებოდა. სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის გამო საწარმო დაჯარიმებულ იქნა 5000 ლარით, რომლის გადახდის მიუხედავად კომპანიამ სალიცენზიო პირობები ვერ შეასრულა. ამდენად, შპს "ლ...ის" ინტერესი უნდა ყოფილიყო ინვესტორის მოძიება, რომელიც არსებული რისკების პირობებში დათანხმდებოდა ლიცენზიის შეძენას. ამ მიზნით შპს "...ასა" და შპს "ლ...ას" შორის გაფორმდა ლიცენზიის გადაცემის შეთანხმება, რომლის საფასურად განისაზღვრა 62 000 ლარი. შპს "...ას" მიერ შესრულდა ყველა სალიცენზიო პირობა. მისმა დამფუძნებელმა კომპანიამ შპს "ა...ამ" წყლის ჩამოსასხმელი ქარხნის ასაგებად შეიძინა მიწის ნაკვეთი და ააშენა ქარხანა. ორივე საწარმოს მიერ გაწეულ იქნა დაახლოებით ორ მილიონ ლარზე მეტი დანახარჯი, რაც არ მოხდებოდა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 15.08.2014წ. N702 ბრძანების მიმართ კანონიერი ნდობის არარსებობის პირობებში. შპს "...ა" მოკლებულია შესაძლებლობას გააგრძელოს ...ას წყლის მოპოვება-რეალიზაცია, რაც ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად აისახება როგორც საწარმოს საქმიანობაზე, ასევე სახელმწიფოს ინტერესებზე. საკასაციო საჩივარში კასატორები შუამდგომლობენ საქმის წარმოების შეწყვეტაზე დაუშვებლობის მოტივით, აღნიშნავენ რომ, სახეზეა დერივატიული სარჩელი და მოსარჩელის მიერ არ არის დაცული ამ ტიპის სარჩელის აღძვრისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული წინაპირობები, კერძოდ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 46.5 მუხლით დადგენილი დანაწესი. ასევე დაყენებულია შუამდგომლობა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს ცნობის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 19.03.2018წ. განჩინებით სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო მიჩნეულ იქნა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს, შპს "...ასა" და შპს "ლ...ის" საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების შესახებ, რადგან სადავო აქტების გამოცემისას ორგანომ არ დაიცვა სზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხლების მოთხოვნები საქმის გარმოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და გადაწყვეტილების სათანადო დასაბუთების შესახებ.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 15.08.2014წ. N702 ბრძანებით შპს "ლ...აზე" გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია მთლიანად გადაეცა საკუთრებაში შპს "...ას". სადავო ბრძანებას საფუძვლად დაედო შპს "ლ...ასა" და შპს "...ას" შორის გაფორმებული 26.06.2014წ. ხელშეკრულება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მთლიანი გადაცემის შესახებ, ასევე შპს "ლ...ასა" და შპს "...ას" მიერ 08.08.2014წ. სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადებები, რომელთა მიხედვით განხორციელდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გადაცემა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 11.08.2005წ. N136 დადგენილებით დამტკიცებული "სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების" 73.1 მუხლზე და აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რამდენიმე ნაწილად დაყოს სარგებლობის ლიცენზია და სარგებლობის უფლება ან მისი ნაწილი იჯარით ან საკუთრებაში გადასცეს სხვა პირს. კასატორები აპელირებენ იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან 26.06.2014წ. ხელშეკრულებიდან არ იკვეთება სარგებლობის დროებითი გადაცემის მიზანი, სახეზეა ნასყიდობის ხელშეკრულება, რასაც ადასტურებენ ასევე საკასაციო საჩივარზე დართული შპს "...ასა" და შპს "ლ...ას" შორის 27.06.2014წ. ლიცენზიის ღირებულების შესახებ შეთანხმებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო ინსტანციაში საქმის წარმოების დროს საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს, სსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მის პროცესუალურ კომპეტენციაში შედის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება სამართლებრივი თვალსაზრისით. საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი მოიპოვოს და საქმეზე შეაგროვოს ახალი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო ინსტანციაში ახალი მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარზე დართული ზემოაღნიშნული ხელშეკრულება არ იყო წარდგენილი ქვედა ინსტანციის სასამართლოებში, ასევე არ დასტურდება შესაბამისი ხელშეკრულების სააგენტოში წარდგენა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტების მიღებამდე. აღსანიშნავია ასევე, რომ ლიცენზიის ღირებულების შესახებ 27.06.2014წ. შეთანხმება არ არის სათანადო წესით დამოწმებული, ამდენად უსაფუძვლოა კასატორების აპელირება ზემოაღნიშნულ გარემოებებზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 15.08.2014წ. N702 ბრძანების საფუძვლად გამოყენებული დოკუმენტაციით ვერ ირკვევა ლიცენზიის გადაცემის ფორმა. 26.06.2014წ. ხელშეკრულება შეიცავს ზოგად ჩანაწერს სარგებლობის ლიცენზიის გადაცემის თაობაზე, რომელიც არ იძლევა სარგებლობის გადაცემის ფორმის ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრის საშუალებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ლიცენზიის გადაცემა შესაძლოა გულისხმობდეს მის განკარგვას, გასხვისებას ან შპს „ლ...ის“ მიერ საკუთრების შენარჩუნებას და შპს „...ასთვის“ მხოლოდ სარგებლობის უფლების გადაცემას.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ 26.06.2014წ. ხელშეკრულებას შპს „ლ...ის“ სახელით ხელს აწერს დირექტორი - მ. წ-ი. საქმეში დაცული, შპს „ლ...ის“ წესდების მიხედვით გარიგების დადებაზე გადაწყვეტილების მიღება შპს-ს საერთო კრების კომპეტენციას განეკუთვნება (15.1.15 პუნქტი), გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ის, რომ შპს-ში მხოლოდ ორი პარტნიორია, რომელთაგან ერთ-ერთი შპს-ს 80 %-იანი წილის მფლობელია, არ გულისხმობს საერთო კრების მოწვევის გამორიცხვას და გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების შესაძლებლობას, რადგან „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მიხედვით პარტნიორს აქვს ხმისა და ინფორმაციის მიღების უფლება, დამფუძნებლის მიერ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობაზე მითითება ხდება შპს-ს წესდებაშიც (მე-9 მუხ.). განსახილველი დავის საგნიდან და სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია ლიცენზიის გადაცემის ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის უფლებამოსილებაზე მსჯელობის შესაძლებლობას, თუმცა აღნიშნული საკითხის მიმართ განსხვავებულია ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენცია. სზაკ-ის 96.1 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულად გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მათ შორის დაადგინოს შპს-ს სახელით დადებულ ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის უფლებამოსილება. ხელშეკრულების ძალაში ყოფნა იმთავითვე არ გულისხმობს მის მართლზომიერებას და არ გამორიცხავს ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის საჭიროებას. მართლზომიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების, ყველა მხარის ინტერესის დაცვის მიზნით, კონკრეტული შინაარსის აქტის გამოცემამდე ორგანოს სათანადოდ უნდა შეეფასებინა მასთან წარდგენილი ხელშეკრულება, რაც არ განუხორციელებია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ "სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულება" ითვალისწინებს სარგებლობის ლიცენზიის რამდენიმე ნაწილად დაყოფისა და მისი ნაწილის იჯარით ან საკუთრების უფლებით გადაცემის საშუალებას. იმ პირობებში, როდესაც შპს "ლ...ის" პარტნიორთა 25.07.2014წ. N4 საერთო კრების ოქმით შპს "...ასათვის" ლიცენზიის მთლიანად გადაცემის წინააღმდეგია ხმათა 20%-ის მფლობელი, მნიშვნელოვანია სარგებლობის ლიცენზიის დაყოფისა და ნაწილობრივი გადაცემის შესაძლებლობის დადგენა. საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით, კერძოდ შპს "ლ...ასა" და შპს "...ას" შორის გაფორმებული 26.06.2014წ. ხელშეკრულებით არ არის დაზუსტებული შესაბამისი სარგებლობის ლიცენზიის გადაცემის ფორმა, აღნიშნული არც პარტნიორთა კრების 25.07.2014წ. N4 ოქმიდან ირკვევა, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ არის ჩართული ყველა დაინტერესებული პირი, არ დასტურდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, შესაბამისად საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ერთპიროვნულად საკითხის შეფასება და საკუთრების ფორმით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე ზუსტად განსაზღვროს წარმოშობილი უფლების სამართლებრივი ფორმა, დაადგინოს სარგებლობის ლიცენზიის მთლიანი ან ნაწილობრივი გადაცემის შესაძლებლობა და მიიღოს კანონმდებლობის შესაბამისი გადაწყვეტილება.

სასკ-ის 32.4 მუხლის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტები გამოსცა საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე. შესაბამისად არსებობდა სადავო აქტების ბათილად ცნობისა და სააგენტოსათვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ამავე საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო შპს "ლ...ისა" და შპს"...ას" საკასაციო საჩივარში აღძრულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ "მეწარმეთა შესახებ" კანონის 46.5 მუხლი შპს-ის პარტნიორის სარჩელის უფლებას განსაზღვრავს. ასეთი სახის სარჩელის საგანია პარტნიორის მიერ საზოგადოების ინტერესების დასაცავად, მის ნაცვლად და მის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის შესაძლებლობა. ასეთ დროს პარტნიორი არა საკუთარი, არამედ საზოგადოების ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად. განსახილველი შემთხვევა განსხვავდება ზემოაღნიშნული გარემოებისაგან, რადგან ადგილი არ აქვს შპს "ლ...ის" მიერ მესამე პირთა მიმართ რაიმე სახის მოთხოვნის არსებობას, სარჩელი აღძრულია შპს-ის პარტნიორის ინტერესების დაცვის მიზნით. ამდენად არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების და საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს, შპს "...ასა" და შპს "ლ...ის" საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს, შპს "...ასა" და შპს "ლ...ის" საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2.არ დაკმაყოფილდეს შპს "...ასა" და შპს "ლ...ის" საკასაციო საჩივარში აღძრული შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.11.2017წ. გადაწყვეტილება;

4. სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202482571) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.03.2018წ. N 00330 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. პ. წ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შპს "ლ...ის" საკასაციო საჩივარზე 06.03.2018წ. N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

6. ი. ა-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შპს "...ას" საკასაციო საჩივარზე 07.03.2018წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი