Facebook Twitter

საქმე Nბს-1357(კ-18) 22 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ლ-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2017 წლის 11 დეკემბერს სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე გ. ლ-ას მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 28 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე გ. ლ-ას მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისრა 1 000 (ერთი ათასი) ლარი; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე გ. ლ-აზე პირგასამტეხლოს სახით სარჩელით მოთხოვნილი 28 000 ლარიდან 27 000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებულ ნაწილში უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში, სსიპ „დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის“ რექტორის 2016 წლის 7 სექტემბრის ბრძანებით, გ. ლ-ა ჩაირიცხა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელად 2016 წლის 11 სექტემბრიდან და აყვანილი იქნა ყველა სახის კმაყოფაზე. სსიპ „დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის“ მსმენელი გ. ლ-ა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 13 სექტემბრის ბრძანებით გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში 2016 წლის 11 სექტემბრიდან და მასთან გაფორმდა კონტრაქტი. კონტრაქტის მე-6 მუხლის 6.1.3. ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს ინიციატივით მოსამსახურის წინასწარი ინფორმირების გარეშე მასთან კონტრაქტი ცალმხრივად შეიძლება შეწყდეს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით გაუვლელობის შემთხვევაში; ამავე მუხლის 61.5. პუნქტის მიხედვით კი, სამინისტროს ინიციატივით მოსამსახურის წინასწარი ინფორმირების გარეშე მასთან კონტრაქტი ცალმხრივად შეიძლება შეწყდეს თუ მოსამსახურის მისი ბრალით სასწავლებლიდან გარიცხვის (მათ შორის, დისციპლინური ან აკადემიური საფუძვლით) შემთხვევაში. იმავე მუხლის 6.2. ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (28 000 ლარის ოდენობით) და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება. გ. ლ-ამ 2017 წლის 26-29 ივნისს საცეცხლე მომზადების ჩასათვლელი (ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშოს შესრულებაში მიიღო 10 უარყოფითი შეფასება, ხოლო 2017 წლის 20-21 ივლისს გადაბარებისას კვლავ აჩვენა არადამაკმაყოფილებელი შედეგი. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სსიპ „დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის“ აკადემიური საბჭოს 2017 წლის 27 ივლისის N51 დადგენილებით გ. ლ-ას შეუწყდა იუნკერის სტატუსი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 აგვისტოს ბრძანებით, აკადემიური მოუსწრებლობისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო პირველი კურსის იუნკერი გ. ლ-ა დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან.

საკასაციო პალატა არ იზიარებს ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემობებეთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებას, რომლის თანახმად, „ობიექტურად შეუძლებელია განისაზღვროს გამოცდის ჩაუბარებლობის მიზეზები - ადგილი ჰქონდა პირის მიერ გამოცდის სპეციალურად, განზრახ ჩაუბარებლობას, მის მიერ არასათანადო შრომასა და მომზადებას, სასწავლებლის მიერ პირისათვის გამოცდის ჩაბარებისათვის აუცილებელი ცოდნის, განათლების, გამოცდილებისა და პრაქტიკის მიუცემლობას, გამოცდაზე შეუსაბამოდ რთული საკითხის ამოხსნისა თუ დავალების გაცემას“. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლოზე შეთანხმება განხორციელდა სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების შესაბამისად. ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული გარემოებები შესაძლოა გახდეს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების და არა პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი, რაც მართებულად არის ჩამოყალიბებული გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც ძალაში დარჩა გასაჩივრებული განჩინებით. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აღძრულ სარჩელზე დამდგარი შედეგი შეესაბამება დარგის მარეგულირებელი კანონის ნორმებს.

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 იანვრის განჩინება;

3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე