საქმე Nბს-46(კ-19) 2 აპრილი, 2019 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ნ. ბ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე),
ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ბ-მა 2016 წლის 15 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №001088 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 3 აგვისტოს №1-1457 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 აპრილის ს გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და დემონტაჟის ნაწილში გასაჩივრებული აქტების უკანონოდ ცნობა მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ მისთვის დაკისრებულ ჯარიმას - 8000 ლარის ოდენობით გადაიხდის და განახორციელებს ახალი პროექტის შეთანხმებას დემონტაჟის განხორციელების გარეშე, რადგან ამ შენობის გარდა, სხვა საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით ნ. ბ-ის ს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნაირა ბაიდურიანის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად(იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის არა რის სადავო, რომ ქ.თბილისში, ... ქ.#3-ში მდებარე ნ. ბ-ის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ნ. ბ-მა განახორციელა სამშენებლო სამუშაოები (კაპიტალური შენობა) რომელიც ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლის თანახმად, საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას, თუმცა, შესაბამისი წესით გაცემული სანებართვო დოკუმენტაცია ნ. ბ-ს არ გააჩნია.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო - სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა - ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ნ. ბ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის ისეთ დარღვევას, რაც მისი დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს, ამასთან საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას ახალი პროექტის შეთანხმების თაობაზე, რადგან საქმის მასალების დადასტურებულია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიღებულია უარყოფითი გადაწყვეტილება. ამდენად, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს გააჩნია კანონისმიერი ვალდებულება, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევებში და გამოვლენიდან კანონით განსაზღვრულ დროში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სამსახურისათვის ცნობილი გახდა სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ, ის ვალდებული იყო დაეწყო შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება. დადგენილია, რომ ნ. ბ-ის მიერ, არ იქნა აღმოფხვრილი, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 12 თებერვალს შედგენილი №001088 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 18 მაისის №001088 დადგენილებისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 03 აგვისტოს №1-1457 ბრძანების გამოტანის პროცესში არ დარღვეულა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები და არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინება;
3. კასატორს - ნ. ბ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს გ. ხ-ის (პ/ნ ...) მიერ საკასაციო საჩივარზე 10.12.2018წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი 400 (ოთხასი) ლარიდან 100 (ასი) ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი და სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე