საქმე №ბს-851(კ-18) 2 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ე. მ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები: ლ. მ-ი (მოსარჩელე); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისი (მოპასუხე)
მოპასუხე - მ. ა-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. მ-მა 2016 წლის 2 ნოემბერს სარჩელი აღძრა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის, ე. მ-ისა და მ. ა-ის მიმართ. მოსარჩელემ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით N..., კ. მ-ის 2000 წლის 18 მაისს რეგისტრირებული საკუთრების უფლების და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით N... ე. მ-ისა და მ. ა-ის სახელზე 2016 წლის 4 აგვისტოს რეგისტრირებული საკუთრების უფლების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ლ. მ-მა 2016 წლის 14 დეკემბერს დააზუსტა მოპასუხე მხარე და სსიპ საჯარო რეესტრის ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის ნაცვლად მიუთითა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-მა.
სააპელაციო სასამართლოში სამართალწარმოებისას ლ. მ-მა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 3496 (ს.კ ...; ნაკვეთის წინა ნომერი: ...) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ე. მ-ისა და მ. ა-ის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ 2016 წლის 10 აგვისტოს N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის 2016 წლის 10 აგვისტოს N... გადაწყვეტილება (ს.კ ...), თ. მ-ის რეგისტრირებულ მონაცემებთან (ს.კ ...) ზედდების ნაწილში; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულ ოფისს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე. მ-ის (პ/ნ ...) და მ. ა-ის (პ/ნ ...) N... განცხადებასთან დაკავშირებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე. მ-ემ და მ. ა-ემ. კასატორებმა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები მიიჩნევენ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ სასამართლო პრაქტიკას და მოქმედ კანონმდებლობას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე-13 მუხლის თანახმად, თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ. კასატორები მიიჩნევენ, რომ ლ. მ-ის უფლების რეგისტრაცია წინააღმდეგობაში მოდის კასატორების უფლების რეგისტრაციასთან, თუმცა ვინაიდან საჯარო რეესტრში უფრო ადრე წარადგინეს უფლება დასარეგისტრირებლად სამართლებრივად კანონიერად დარეგისტრირდა კასატორების სახელზე. სწორედ მსგავსი მიდგომაა დადგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით (საქმე Nბს-367-363(კ-12), 28.02.2013წ.), რომლის თანახმად, ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას.
კასატორები აღნიშნავენ, რომ საჯარო რეესტრის N... გადაწყვეტილებით ლ. მ-ის მიერ წარდგენილი იყო არაზუსტი აზომვითი ნახაზი მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე, რომელიც კასატორების სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში იჭრებოდა. საჯარო რეესტრის 2016 წლის 18 იანვრის N..., გადაწყვეტილებით ლ. მ-ს ხარვეზის აღმოსაფხვრელად დაევალა კასატორების სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების გამო კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარმოდგენა. საჯარო რეესტრის 2017 წლის 27 აპრილის N..., გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია, რაც ნიშნავს, რომ დაეთანხმა.
კასატორებს დაუსაბუთებლად მიაჩნიათ სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ კასატორების სახელზე გაკეთებული მიწის რეგისტრაციის ჩანაწერი სისტემურ რეგისტრაციასთან შეუსაბამოა, რადგან საჯარო რეესტრის სამსახური მოქმედი კანონმდებლობით უფლებამოსილია მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია განახორციელოს იმგვარად, რომ მანამდე არსებული სისტემური რეგისტრაციის მონაცემებს სრული სიზუსტით არ იმეორებდეს. კასატორებს მიაჩნიათ, რომ მათ მიერ 2016 წელს წარდგენილი სარეგისტრაციო მონაცემები სისტემურ რეგისტრაციასთან ცდომილებით, მაგრამ დაზუსტებული და რეალურ საზღვრებზე მორგებული იყო, ხოლო მოწინააღმდეგის მიერ წარდგენილი საკადასტრო მონაცემები შესაძლოა იყოს სისტემურ რეგისტრაციასთან შესაბამისობაში მყოფი, თუმცა უზუსტო და რეალურ საზღვრებთან დაშორებული.
კასატორები მიიჩნევენ, რომ საჯარო რეესტრის საკადასტრო გეგმით აზომვითი ნახაზის კონფიგურაციით ზედდება მათ მიწის ნაკვეთთან მოწინააღმდეგის მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი თითქმის მთლიანი მიწის ნაკვეთი - 1803 კვ.მ-ია. მათი მიწის ნაკვეთის 1803 კვ.მ გადაწევა ჩრდილოეთის მხარეს ვერ მოხერხდება, რადგან ჩრდილოეთის მიმართულებით თავისუფალი მიწის ნაკვეთის საზღვრის გადაწევა შეზღუდულია გამყოფ არხამდე. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული მათი საკუთრების უფლება. სასამართლომ ვერ დაასაბუთა რატომ დაირღვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლი და რა არსებითი გარემოებები უნდა გამოეკვლია საჯარო რეესტრს დამატებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აგვისტოს განჩინებით ე. მ-ის მოთხოვნის ნაწილში ე. მ-ისა და მ. ა-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აგვისტოს განჩინებით ე. მ-ისა და მ. ა-ის საკასაციო საჩივარი მ. ა-ის მოთხოვნის ნაწილში, როგორ დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. შესაბამისად, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
მოცემულ შემთხვევაში ლანჩხუთის რაიონის სოფელ ...ში დარეგისტრირდა დაუზუსტებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3495,99 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით ... . უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საგადასახადო სია N114. 2016 წლის 10 აგვისტოს სარეგისტრაციო მოწმობის N... საფუძველზე, უკვე დაზუსტებული მონაცემებით აღნიშნული მიწის ნაკვეთი, სარეგისტრაციო სამსახურის N... გადაწყვეტილებით აღრიცხული იქნა ე. მ-ისა და მ. ა-ის სახელზე. ნაკვეთს მიენიჭა ახალი სარეგისტრაციო კოდი .... კ. მ-ის ნაკვეთს სამხრეთის მხრიდან ესაზღვრება თ. მ-ის მიწის ნაკვეთი, ს/კ ..., რომელიც მიღებული იქნა 1998 წლის მიწის მიღება-ჩაბარების N145 აქტით და ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 0,18 კვ.მ.
მხარეთა დავას არ იწვევს კ. მ-ის სახელზე 2000 წლის 18 მაისს არსებული სისტემური რეგისტრაცია და ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სისტემური რეგისტრაციის არსებობის პირობებში კ. მ-ისა და თ. მ-ის ნაკვეთები არ მოდიოდა ერთმანეთთან ზედებაში. მხოლოდ 2016 წლის 10 აგვისტოს ე. მ-ის და მ. ა-ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის შემდეგ მოხდა ლ. მ-ის მიწის ნაკვეთის გადაფარვა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულების თანახმად, ... . საკადასტრო კოდის ტერიტორიაზე წარმოდგენილი საზღვრები მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება ... უძრავი ნივთის საზღვრებს. ამასთან, 1800კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი N... განცხადებით ხვდება ... კოდით სისტემური წესით რეგისტრირებული ნაკვეთის საზღვრებში. აღნიშნულ მტკიცებულებაზე დართული საკადასტრო გეგმით დასტურდება, რომ დღეის მდგომარეობით ე. მ-ისა და მ. ა-ის სახელზე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 3496 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საზღვრები არ ემთხვევა კ. მ-ის სახელზე ... საკადასტრო კოდით, სისტემური წესით რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებს, კერძოდ: მიწის ნაკვეთის ფართები შეესაბამება ერთმანეთს, თუმცა საკადასტრო საზღვრები არ ემთხვევა, ნაკვეთის ადგილმდებარეობა შეცვლილია იმდენად, რომ ჩრდილოეთიდან ჩამოწეულია სამხრეთის, ანუ ლ. მ-ის ნაკვეთის მიმართულებით, რამაც გამოიწვია ნაკვეთების ზედდება. ამასთან, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის დათვალიერების N00542 ოქმით ირკვევა, რომ ლ. მ-ის სახელზე არსებული მიწის ნაკვეთის აგეგმვით აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთის (1800მ2) აზომვა მოხდა გზიდან დაახლოებით 20-22 მეტრის დაშორებით ჩრდილოეთის მიმართულებით, რის გამოც ნაკვეთი დაახლოებით იმავე მანძილით იცვლის ადგილმდებარეობას ჩრდილოეთის მიმართულებით, რაც ნაკვეთის ფაქტობრივ მდგომარეობასთან მიმართებაში არაიდენტურობის საფუძველს წარმოადგენს.
ისეთ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია ორი სახის მტკიცებულება, რომლის თანახმად, არც ე. მ-ის და მ. ა-ის სახელზე სისტემური სახით რეგისტრირებულ მონაცემებს და არც ლ. მ-ის სახელზე რეგისტრირებული უფლება შეესაბამება სისტემური სახით რეგისტრირებულ მონაცემებს, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ უნდა მოახდინოს მხარეების მიერ წარდგენილი ელექტრონული აზომვითი ნახაზების შედარება, საჯარო რეესტრში დაცულ ქაღალდის საკადასტრო მონაცემებთან და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
საგულისხმოა, რომ კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს (საქმე Nბს-367-363(კ-12)) 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, თუმცა მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილებიდან მოყვანილი დასაბუთება მოცემულ დავაში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არარელევანტურია. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - ე. მ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 08.08.2018წ. №1 საგადახდო დავალებით რ. გ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის 70% - 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე