საქმე Nბს-725-725(2კ-18) 2 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე); 2. გ. ლ-ი (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ქ-ე (მოსარჩელე)
მესამე პირები: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ე“, ლ. წ-ი, ი. ბ-ი, გ. მ-ის უფლებამონაცვლე - ა. მ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ქ-ემ 2015 წლის 2 დეკემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის არაერთგზის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 15 ივლისის N... გადაწყვეტილება რეგისტრაციის თაობაზე; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 11 მარტის N... გადაწყვეტილება რეგისტრაციის თაობაზე; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 27 ივნისის N... გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 24 ივლისის N... გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 30 სექტემბრის N... გადაწყვეტილება; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 3 ნოემბრის N... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი N... სარეგისტრაციო განაცხადით მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2016 წლის 21 იანვრის საოქმო განჩინებით დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და მოსარჩელემ მოპასუხედ მიუთითა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 იანვრის საოქმო განჩინებით საქმეზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩართულ იქნენ გ. ლ-ი, გ. მ-ი და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ე“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 თებერვლის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ლ. წ-ი და ი. ბ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 დეკემბრის განჩინებით მესამე პირის - გ. მ-ის უფლებამონაცვლედ დაშვებულ იქნა მისი პირველი რიგის მემკვიდრე ა. მ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 15 ივლისის N... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ; დანარჩენ ნაწილში მოსარჩელე ნ. ქ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ნ. ქ-ემ. აპელანტმა - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. აპელანტმა - ნ. ქ-ემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ნ. ქ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 15 ივლისის N... გადაწყვეტილება რეგისტრაციის თაობაზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 11 მარტის N... გადაწყვეტილება რეგისტრაციის თაობაზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 27 ივნისის N... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 24 ივლისის N... გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 30 სექტემბრის N... გადაწყვეტილება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 3 ნოემბრის N... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. ლ-მა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - გ. ლ-ი აღნიშნავს, რომ იგი წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების ფაქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას, სახელმწიფო რეგისტრაცია მოწოდებულია მთლიანობაში სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა განამტკიცოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ იმ პირობებში, როცა სადავო არ შეიძლება გახდეს ი. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი და არც სადავოდ არის გამხდარი ნასყიდობის ხელშეკრულებები და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობს მის სახელზე საკუთრების უფლების წარმოშობის რეგისტრაციას, ისევე როგორც მესამე პირების - ი. ბ-ის, გ. მ-ისა და ლ. წ-ის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციებს.
კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება ურთიერთსაწინააღმდეგოა, კერძოდ, სადავოდ არ არის გამხდარი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ის“ 2013 წლის 10 ივნისის კრების ოქმი, საქმეში არ არის წარმოდგენილი მისი გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც პალატის აზრით ცალსახად არ ქმნის ამ ოქმის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილობის საფუძველს, თუმცა მეორე მხრივ, პალატამ ბათილად ცნო საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში. სააპელაციო სასამართლო უდავოდ მიიჩნევს, რომ გ. ლ-ი კეთილსინდისიერი შემძენია, თუმცა საჯარო რეესტრს გააჩნია საკითხის სრულყოფილად განხილვის ვალდებულება. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებასთან, საქმე Nბს-193-189 (2კ-15). რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Nბს-729-721 (კ-16)) თანახმად, სასამართლომ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკითხზე უნდა იმსჯელოს რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამდგენი დოკუმენტების კანონიერების შემოწმებასთან ერთად. გაუმართლებელია სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ძალაში ყოფნის პირობებში, გაუქმდეს მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციები.
კასატორის მოსაზრებით სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სადავო გადაწყვეტილებები მიიღო საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან ნ. ქ-ის უფლება არ იყო რეგისტრირებული არც დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით. ამასთან, სადავოდ არ არის გამხდარი საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 15 მაისის N500199716 დასკვნას, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიწის ნივთზე - უძრავ ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ გამოიკვლია განმცხადებლის ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილი კრების ოქმით დგინდებოდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის რეკვიზიტები, ხოლო „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 წლის 19 ივნისს მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლის თანახმად, საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება უძრავი ნივთის მესაკუთრეს. რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე არ დგინდებოდა სხვა პირის საკუთრების უფლება. ი. ბ-ის მიერ სარეგისტრაციო განცხადების წარმოდგენამდე ნ. ქ-ეს არ წარმოუდგენია სარეგისტრაციო განცხადება სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, ხოლო ფაქტობრივი მფლობელობის კვლევა მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილებას არ განეკუთვნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და გ. ლ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 22 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გ. ლ-მა გ. მ-ისგან შეიძინა უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ... N28, ავტოფარეხი, შენობა N3, 29.1 კვ.მ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 24 ივლისის N... გადაწყვეტილებით გარიგების საფუძველზე, საკუთრების უფლებით აღირიცხა გ. ლ-ის სახელზე უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ... N28, ავტოფარეხი, შენობა N3, 29.1. საკადასტრო კოდი - ... . ასევე დადგენილია, რომ ნ. ქ-ემ 2015 წლის 24 სექტემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ... N28, N3/1 ავტოფარეხზე. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 30 სექტემბრის N... გადაწყვეტილებით ნ. ქ-ეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ საგანზე - ქ. თბილისში, ... N280 - ში N3/1 ავტოფარეხზე, ფართით 29.11 რეგისტრირებულია გ. ლ-ის საკუთრების უფლება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 3 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით ნ. ქ-ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 15 აპრილის N5001992716 დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ თ. ქ-ის ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული ავტოფარეხი მდებარეობით შეესაბამება N... საკ. კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულ N3 შენობა-ნაგებობას, რომლის მესაკუთრეს საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, წარმოადგენს გ. ლ-ი (დანართი N1 და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან N...). თ. ქ-ის ფაქტიურ სარგებლობაში არსებული ავტოფარეხის შიდა ფართი შეადგენს 22,85კვ.მ-ს. ამავე დასკვნის თანახმად, N... საკადასტრო გეგმის მონაცემების თანახმად, რეგისტრირებული შენობა-ნაგებობა N3 წარმოადგენს ერთსართულიანს, რომლის განაშენიანების ფართი შეადგენს 23,3 კვ.მ-ს, ხოლო მისი შიდა ფართი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 29.11კვ.მ., რაც ერთმანეთის შეუსაბამოა. შენობა-ნაგებობის შიდა ფართი ნაკლები უნდა იყოს განაშენიანების ფართისა. დართული ფოტომასალის თანახმად, ორი ავტოფარეხი განლაგებულია ერთმანეთის გვერდიგვერდ.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ საჯარო რეესტრის უმთავრესი დანიშნულებაა სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება. პალატა ადმინისტრაციულ ორგანოს მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 96-ე მუხლის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით აღმოფხვრას ტექნიკური უზუსტობები და დაინტერესებული პირების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება.
საგულისხმოა, რომ ნ. ქ-ე დღემდე ფლობს თავის ავტოფარეხს, ხოლო გ. ლ-ი ფლობს ი. ბ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ავტოფარეხს. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სწორედ ფაქტობრივი ვითარების სათანადოდ გამოკვლევის შედეგადაა შესაძლებელი რეგისტრაციის შესახებ კანონის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც არ დაირღვევა მოსარჩელისა და მესამე პირთა საკუთრების უფლება.
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და გ. ლ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს 02.07.2018წ. N19174 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. კასატორს - გ. ლ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 08.06.2018წ. N16806549 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე