საქმე Nბს-804(2კ-18) 2 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ფ-ი (მოსარჩელე)
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისი
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ფ-მა 2016 წლის 12 დეკემბერს სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 4 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებით დადგენილი გადაფარვის ნაწილში სახელმწიფოს სახელზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 13 ივლისის N..., 2013 წლის 28 მაისის N... და 2015 წლის 30 ივნისის N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 9 ივლისის N05/14872, 2012 წლის 12 ივლისის N05/15311, 2013 წლის 22 მაისის N5/13210 და 2015 წლის 24 ივნისის N7/38019 მიმართვების ზედდების ნაწილში ბათილად ცნობა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის 2016 წლის 4 ოქტომბრის N... და 2016 წლის 10 ნოემბრის N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ფ-ის სარჩელი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 13 ივლისის N ..., 2013 წლის 28 მაისის N... და 2015 წლის 30 ივნისის N... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები, რომლითაც სახელმწიფოს სახელზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე უძრავ ქონებაზე განხორციელდა სარეგისტრაციო ჩანაწერები, ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 4 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებით დადგენილი გადაფარვის ნაწილში; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულ ოფისს დაევალა, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შედეგად გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვებთან დაკავშირებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდნენ საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თავის საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, კერძოდ, მოსარჩელის უფლების დამდგენი დოკუმენტის მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება თუ არა უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა, ხოლო დადგენის შემთხვევაში რამდენად შეესაბამება იგი აზომვით ნახაზზე მითითებული ნაკვეთის საზღვრებს. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის მდებარეობა არ შეესაბამება მის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზს, ვინაიდან მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული არც ერთი მომიჯნავე ნაკვეთი არ ემთხვევა. სასამართლოს მიერ გამოკვლეული არ არის საჯარო რეესტრის მიერ მომზადებული სიტუაციური ნახაზი, რომლითაც დგინდება, რომ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოსარჩელის უფლება აღრიცხული არ არის. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენებას, ვინაიდან მიაჩნია, რომ ცალსახად არ დგინდება მოსარჩელის საკუთრების უფლება მითითებულ უძრავ ნივთზე, რაც სასამართლოს უნდა დაედგინა და საქმე არსებითად გადაეწყვიტა.
კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თავის საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე განხორციელებული სახელმწიფოს საკუთრების რეგისტრაცია. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება ხელშეუვალია. ზემოაღნიშნული უფლება, სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრეს ათანაბრებს სხვა მესაკუთრეებთან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობა დაკავშირებულია აღნიშნული უფლების რეგისტრაციის ფაქტთან. სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული და ბათილად ცნო სახელმწიფოს სახელზე არსებული რეგისტრაცია. ადმინისტრაციული აქტი ბათილად შეიძლება იქნეს ცნობილი თუ მისი მომზადების ან გამოცემის წესია დარღვეული. კასატორის მოსაზრებით არ არსებობს აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან აქტის გამოცემის წესის დარღვევად ვერ ჩაითვლება ისეთი გარემოების გაუთვალისწინებლობა, რომლის თაობაზეც ინფორმაციის მოპოვება ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას აღემატება. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა განისაზღვრება უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის (განცხადების რეგისტრაციის) შესაბამისად. ამდენად, რეგისტრაცია უნდა განხორციელებულიყო სამინისტროს და სააგენტოს მიმართვის საფუძველზე და არა მოსარჩელის - ნ. ფ-ის განცხადების საფუძველზე, ვინაიდან მათი მიმართვა დროში წინმსწრებია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმეზე სადავოა მოსარჩელის მამკვიდრებლის - ო. ფ-ის საკუთრების უფლება, რომელზეც უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს 1995 წლის 3 აგვისტოს №594 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი. მოცემულ შემთხვევაში სადავო მიწის ნაკვეთზე უფლების დამდგენი დოკუმენტი გაცემულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №503 დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენდა მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო აქტის გაცემის ძირითად საფუძველს. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა, რომ საფუძველს არის მოკლებული ო. ფ-ის საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრებში მეორდება სააპელაციო საჩივრების დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორები დამატებით არ უთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების (სუს. გადაწყვეტილება საქმე #ბს-367-363(კ-12) 28.02.2013წ.) არსებობის პირობებში კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე