Facebook Twitter

საქმე №ბს-864 (კ-18) 2 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები: ჯ. შ-ე, მ. ს-ე, ჯ. ზ-ე, ვ. მ-ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, მიუღებელი პენსიის ანაზღაურების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ს-ემ 2016 წლის 16 აგვისტოს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრის 2016 წლის 8 აგვისტოს N57995-1/16-1 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს მისთვის ასაკობრივი პენსიის დანიშვნა.

ვ. მ-მა 2016 წლის 16 აგვისტოს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრის 2016 წლის 18 აპრილის N18020/161 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს მისთვის ასაკობრივი პენსიის დანიშვნა.

ჯ. ზ-ემ 2016 წლის 16 აგვისტოს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრის 2016 წლის 8 აგვისტოს N57995-14/16 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს მისთვის ასაკობრივი პენსიის დანიშვნა.

ჯ. ზ-ემ 2016 წლის 16 აგვისტოს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის მომსახურების ცენტრის 2016 წლის 8 აგვისტოს N57995-10/16 გადაწყვეტილება და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს მისთვის ასაკობრივი პენსიის დანიშვნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის საოქმო განჩინებით ერთ წარმოებად, ერთად განხილვისთვის გაერთიანდა ადმინისტრაციული საქმეები N3/6151-16 (მოსარჩელე - ჯ. ზ-ე, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო), N3/6157-16 (მოსარჩელე - მ. ს-ე, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო), N3/6160-16 (მოსარჩელე - ჯ. ზ-ე, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო), N3/6154-16 (მოსარჩელე - ვ. მ-ი, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო) და მიენიჭა ერთიანი საქმის N3/6151-16. ამავე სასამართლო სხდომაზე ჯ. შ-ის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 8 აგვისტოს N57995-10/16 გადაწყვეტილება, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ჯ. შ-ეს 2016 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი - პენსია, დაევალოს მოპასუხეს 2016 წლის 1 აგვისტოდან მიუღებელი პენსიის ანაზღაურება მოსარჩელისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის საოქმო განჩინებით დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა ჯ. ზ-ის ნაწილში, კერძოდ, მან მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 8 აგვისტოს N57995-14/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ჯ. ზ-ეს 2016 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი - პენსია, ასევე მოითხოვა მოპასუხისთვის 2016 წლის 1 აგვისტოდან მიუღებელი პენსიის ანაზღაურების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის საოქმო განჩინებით დაზუსტდა მ. ს-ის სასარჩელო მოთხოვნა. მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 8 აგვისტოს N57995-1/16-1 გადაწყვეტილება, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მ. ს-ეს 2016 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი - პენსია, ასევე მოითხოვა მოპასუხეს დაევალოს 2016 წლის 1 აგვისტოდან მიუღებელი პენსიის ანაზღაურება მოსარჩელისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის საოქმო განჩინებით დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა ვ. მ-ის ნაწილში, კერძოდ მან მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 18 აპრილის N18020-16/1 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ვ. მ-ს 2016 წლის 1 აგვისტოდან დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი - პენსია. ასევე მოითხოვა მოპასუხისთვის 2016 წლის 1 აგვისტოდან მიუღებელი პენსიის ანაზღაურების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ჯ. შ-ის, მ. ს-ის, ჯ. ზ-ის და ვ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2016 წლის 8 აგვისტოს №57995-10/16 გადაწყვეტილება, ჯ. შ-ისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ჯ. შ-ეს დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით, 2016 წლის 1 აგვისტოდან; დაევალა მოპასუხეს ჯ. შ-ეს აუნაზღაუროს 2016 წლის 1 აგვისტოდან მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელი (პენსია); ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 08.08.2016 წლის №57995-1/16-1 გადაწყვეტილება, მ. ს-ისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ; დაევალოს სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მ. ს-ეს დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით, 2016 წლის 1 აგვისტოდან; დაევალა მოპასუხეს მ. ს-ეს აუნაზღაუროს 2016 წლის

1 აგვისტოდან მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელი (პენსია); ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2016 წლის 8 აგვისტოს №57995-14/16 გადაწყვეტილება, ჯ. ზ-ისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ჯ. ზ-ეს დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით, 2016 წლის 1 აგვისტოდან; დაევალა მოპასუხეს ჯ. ზ-ეს აუნაზღაუროს 2016 წლის 1 აგვისტოდან მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელი (პენსია); ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 2016 წლის 18 აპრილის №18020/16-1 გადაწყვეტილება, ვ. მ-ისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ; დაევალა სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ვ. მ-ს დაენიშნება სახელმწიფო გასაცემელი (პენსია), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით, 2016 წლის 1 მაისიდან; დაევალა მოპასუხეს ვ. მ-ს აუნაზღაუროს 2016 წლის 1 მაისიდან მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელი (პენსია).

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის პირველი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლებას, ხოლო მე-2 ნაწილის 23-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულ პირთა მიერ სოციალური დაცვის უფლებით სარგებლობის მიზნით სახელმწიფო ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, რაც მაგალითად, ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიხატება ადეკვატური სახსრების გამოყოფით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღების უფლება წარმოადგენს პირის საჯარო სუბიექტური უფლების ერთ-ერთ სახეს, რომლითაც იგი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე აღჭურვილია სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ. სუბიექტური უფლების წარმოშობის წინაპირობა არის მეორე პირის მოვალეობა, რამდენადაც სუბიექტური საჯარო სამართლებრივი უფლება არის პირისადმი საჯარო სამართლის ნორმით მინიჭებული უფლება, თავისი ინტერესების დასაცავად მოითხოვოს სახელმწიფოსაგან კონკრეტული დამოკიდებულება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ მუშაობის გამო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის ცენტრის მიერ 2016 წლის 8 აგვისტოს №57995-10/16 გადაწყვეტილებით ჯ. შ-ეს, 2016 წლის 8 აგვისტოს N57995-1/16-1 გადაწყვეტილებით მ. ს-ეს, 2016 წლის 8 აგვისტოს N57995-14/16 გადაწყვეტილებით ჯ. ზ-ეს, 2016 წლის 8 აგვისტოს N18020/16-1 გადაწყვეტილებით ვ. მ-ს უარი ეთქვათ სახელმწიფო გასაცემელი (პენსიის) მიღებაზე, იმ საფუძვლით, რომ ისინი ეწეოდნენ საჯარო საქმიანობას. კერძოდ, დასაქმებულნი იყვნენ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“, რომელიც წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ახორციელებენ თუ არა ჯ. შ-ე, მ. ს-ე, ჯ. ზ-ე და ვ. მ-ი საჯარო საქმიანობას და სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“, სადაც მუშაობენ მოსარჩელეები წარმოადგენს თუ არა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ ბს-77-75(კ-15) ადმინისტრაციულ საქმეზე გაკეთებულ განმარტებებზე და აღნიშნავს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 მაისის N394 ბრძანებულების თანახმად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფაში სამხედრო დანიშნულების სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების სპეციფიკურობისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გათვალისწინებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და მის შემადგენლობაში მყოფ ავტომატური სისტემების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „სხივის“ ბაზაზე, პროფილის შენარჩუნებით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“, რომლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს განახორციელებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების შემუშავება და დამტკიცება დაევალა. აღნიშნული ბრძანებულება ხაზს უსვამს „დელტას“ შექმნის მიზნებსა და საფუძვლებს, რომელიც სწორედ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფაში სამხედრო დანიშნულების სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების სპეციფიკურობისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გათვალისწინებით შეიქმნა. ამასთან, აღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 სექტემბრის N1120 ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ დებულება (კომპენსაციის შეწყვეტის დროს მოქმედი), რომლითაც განსაზღვრულია ცენტრის მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი. დებულების მიხედვით, ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას სხვადასხვა იარაღისა და მასალების შექმნა და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარება წარმოადგენს.

ამდენად, „დელტას“ საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი. ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“, კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას. საყურადღებოა, რომ “დელტას“ იმავე მიზნებს, ამოცანებს და ფუნქციებს განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ნოემბრის N321 ბრძანებითა და საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის N1-1/247 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ცენტრ „დელტას“ დებულებები. შესაბამისად, დაფუძნების დღიდან დღემდე (როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ასევე საქართელოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში ყოფნის დროს) „დელტა“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს. ზემოაღნიშნულდან გამომდინარე, უმართებულოა კასატორის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ მოსარჩელეების საქმიანობა პარალელურად გამორიცხავს სახელმწიფო პენსიის მიღებას.

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების (სუს. გ. საქმე #ბს-77-75(კ-15) 02.07.2015წ.) არსებობის პირობებში კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე