Facebook Twitter

საქმე №ბს-886(კ-18) 2 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ნ. ბ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე: საქართველოს რეგიონული განვითარების დს ინფრასტრუქტურის სამინისტრო (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ბ-მა 2017 წლის 30 იანვარს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ ნ. ბ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის N468/კ ბრძანების ბათილად ცნობა; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ნ. ბ-ის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გათავისუფლებიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის ნ. ბ-ის განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-მა. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ უგულვებელყო საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ხელმძღვანელობით სტანდარტთან დაკავშირებით (საქმე Nბს-52-52(კ-08)). კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე განახორციელა ფორმალური მართლმსაჯულება. კასატორის აზრით, წინამდებარე საქმეზე მართლმსაჯულების ფორმალურად განხორციელებას ადასტურებს კასატორის მიერ წარდგენილი კონკრეტული პრეტენზიები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლის სრულყოფილად შესწავლისა და საპროცესო მოთხოვნათა დაცვით სწორად შეფასების შემთხვევაში არსებითად სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა.

კასატორის მოსაზრებით, განსახილველი დავის ფარგლებში მნიშვნელოვანია დადგინდეს სამინისტროში ჩატარებული რეორგანიზაციისას ადგილი ჰქონდა თუ არა დაწესებულების შტატებით გათვალისწინებული თანამდებობათა შემცირებას კონკრეტულად მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის ფუნქციონალურ-შინაარსობრივი დატვირთვის თვალსაზრისით. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო საჩივარში მითითებული საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 სექტემბრის №29561 წერილით დასტურდება, რომ ყველა სამინისტრო საკუთარი უწყების საქმიანობის შესახებ საზოგადოებასთან ურთიერთობას წარმართავს სამინისტროში მოქმედი შესაბამისი (საზოგადოებასთან ურთიერთობის) სამსახურის მეშვეობით და საკუთარი დებულების საფუძველზე. კასატორის მოსაზრებით ზემოაღნიშნული წერილიდან ნათლად ჩანს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მისი მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებლად ესაჭიროება მოსარჩელის, ნ. ბ-ის მიერ დაკავებული თანამდებობის ფუნქციონალურ-შინაარსობრივი დატვირთვის მქონე თანამდებობის არსებობა.

კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას (2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილება). საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საშტატო ერთეულისთვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები. კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინებიდან საერთოდ არ ირკვევა ჰქონდა თუ არა ადგილი რეორგანიზაციას შტატების შემცირებით, რომელსაც მოჰყვა ადმინისტრაციული ორგანოს რომელიმე დანაყოფის ცვლილება, გაუქმება, გარდაქმნა, რაც იწვევს ამ ორგანოს შინაარსობრივად ფუნქციონალურ, სტრუქტურულ ცვლილებას.

კასატორი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ მხოლოდ დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 ივლისის განჩინებით ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ. ბ-ი მუშაობდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ, საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებაში - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, ... თანამდებობაზე. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის N468/კ ბრძანების საფუძველზე, ნ. ბ-ი 2017 წლის 3 იანვრიდან გათავისუფლდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ... თანამდებობიდან, სამინისტროში ჩატარებული რეორგანიზაციისა და დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო. მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 დეკემბრის №594 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ახალი დებულება, რომლის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათ შორის აღარ არის მითითებული სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 3 აპრილის N43/ო ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 12 იანვრის №1/ო ბრძანებაში, შედეგად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები და თანამდებობათა დასახელებები განისაზღვრა დანართის შესაბამისად. აღნიშნული დანართის თანახმად, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის შტატი განისაზღვრა 9 პირით, მათ შორის დეპარტამენტის უფროსის 1 შტატი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 1 შტატი, მთავარი სპეციალისტის 6 შტატი და უფროსი სპეციალისტის 1 შტატი. მთლიანად სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალიწინებული იყო 151 ადგილი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის N132/ო ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 12 იანვრის №1/ო ბრძანება. ამავე ბრძანების დანართის შესაბამისად, დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა, რომლითაც განისაზღვრა მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები და თანამდებობათა დასახელებები. მთლიანად სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალიწინებულ იქნა 151 ადგილი, ხოლო ბრძანების ძალაში შესვლის თარიღად მითითებულ იქნა 2017 წლის 3 იანვარი. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 დეკემბრის №594 დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ახალი დებულება, რომლის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათ შორის აღარ არის მითითებული სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი. ამდენად, სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, როგორც სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი გაუქმდა.

საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლოების დასკვნას, რომ რეორგანიზაციის შემდგომი დებულების მე-9 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის აპარატის (დეპარტამენტი) ფუნქციებში გვხვდება საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციის მხოლოდ მცირედი ნაწილი - საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე, თუმცა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2017 წლის 7 ივლისის N97/ო ბრძანების შესაბამისად, სტრუქტურული ქვედანაყოფი - აპარატი გაუქმდა. ამდენად, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 დეკემბრის N594 დადგენილებაში 2017 წლის 5 ივლისს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მე-9 მუხლი, რომელიც განსაზღვრავდა აპარატის (დეპარტამენტის) ფუნქციებს ამოღებულ იქნა. ამდენად, მართებულია სასამართლოების შეფასება, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევდა შტატების შემცირება და აღარ არსებობდა საშტატო ერთეული, შესაბამისი ფუნქციური დატვირთვით.

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, რადგან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის სამსახურში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე