Facebook Twitter

საქმე Nბს-1227(კ-18) 11 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - თ. კ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. კ-ემ 2017 წლის 17 მარტს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხისთვის თ. კ-ის სასარგებლოდ ზიანის - 24 000 (ოცდაოთხიათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. კ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განჩინებით თ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. კ-ემ. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სასარჩლო მოთხოვნას და სააპელაციო საჩივარს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ ბინის გაცვლის თაობაზე შეიტყო სარჩელის აღძვრამდე რამდენიმე თვით ადრე, როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოიძია ფართის მესაკუთრე. კასატორი ასევე მიუთითებს მის მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე და ითხოვს არ ჩაეთვალოს ხანდაზმულობის ვადა გასულად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით თ. კ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობისთვის თ. კ-ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრება, რომელიც გამოწვეულია პირის საკუთრების უფლების ხელყოფით. კერძოდ, თ. კ-ის განმარტებით, თბილისის მშრომელთა დეპუტატების ქალაქის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საბინაო განყოფილების ბინების გაცვლის ბიუროს მიერ ბინის გაცვლის პროცედურები განხორციელდა თ. კ-ის ინფორმირებისა და წარმოებაში მონაწილეობის გარეშე მაშინ, როდესაც ქალაქ თბილისის პირველი მაისის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1978 წლის 25 იანვრის №02/37-69 გადაწყვეტილებით თ. კ-ეს ოჯახის სამ წევრზე მიეცა სადავო ბინა და მოიხსნა აღრიცხვიდან. საქმეზე დადგენილია, რომ სადავო ბინიდან თ. კ-ე ამოწერილია 1986 წლის 29 ნოემბერს (ამოწერის წელი ცუდად იკითხება). საქმეში, ასევე, წარმოდგენილია თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც, 1994 წლის 2 დეკემბერს თ. კ-ე რეგისტრირებულია თბილისში, ნ. და ...ის ქ. №5-ში. ამასთან, თ. კ-ე საქართველოში დაბრუნდა 2011 წელს და სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ ამ პერიოდიდან მაინც მისთვის უკვე ცნობილი იყო ან ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ თბილისის ბინაში სხვა პირები ცხოვრობდნენ.

აღნიშნული გარემოებების შეფასების საფუძველზე საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ თუ მოსარჩელე საქართველოში დაბრუნებიდან არც სამართლებრივი მეთოდით ბინის შესახებ ინფორმაციის შეტყობით და არც ფაქტობრივად ბინის მდგომარეობის გადამოწმებით არ დაინტერესებულა, რისი რეალური შესაძლებლობაც მას ჰქონდა და შეეძლო, რომ შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, აღნიშნული მისივე ბრალეული ქმედებით არის გამოწვეული. სარჩელი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2017 წლის 17 მარტს, რა დროსაც გასული იყო სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით დადგენილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამდენად, სასამართლოს არ გააჩნია შესაძლებლობა იმსჯელოს ზიანის ანაზღაურების შესახებ აღძრული მოთხოვნის სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლებით გათვალისწინებულ დაკმაყოფილების შესაძლებობაზე, რადგან ხანდაზმულობის ვადის დარღვევა წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განჩინება;

3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე