საქმე №ბს-1238(კ-18) 11 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ. ღ-ე (მოსარჩელე);
მოპასუხეები: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, სსიპ შემოსავლების სამსახური
მესამე პირი - ო. ა-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ღ-ემ სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ო. ა-ის მიმართ. მოსარჩელემ მოთხოვნის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 3 აპრილის №..., 2010 წლის 31 მაისის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 22 აპრილის №114 ბრძანების, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსის 2010 წლის 11 მაისის №16/1241/3-10 წერილის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის №1-1/6 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოსარჩელეს საკუთრების უფლებით დაურეგისტრირდება უძრავი ქონება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ივლისის განჩინებით საქმეში ო. ა-ი ჩაბმულ იქნა მესამე პირად.
რუთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ღ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 3 აპრილის №..., 2010 წლის 31 მაისის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 22 აპრილის №114 ბრძანება და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი; მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსის 2010 წლის 11 მაისის №16/1241/3-10 წერილის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის №1-1/6 ბრძანება და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ შემოსავლების სამსახურმა და დ. ღ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ღ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით, გასაჩივრებულ ნაწილში, საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 31 მაისის N... გადაწყვეტილება, რომლითაც მიწის ნაკვეთი საკადასტო კოდით N.... სახელმწიფო გეოდეზიურ კორდინატთა ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა სახელმწიფოს სახელზე; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონალურ ოფისს დაევალა, კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, განახორციელოს ცვლილება დ. ღ-ის სახელზე საკადასრო კოდით N... რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე და მოახდინოს უძრავი ნივთის სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა ელექტრონულ სისტემაში დ. ღ-ის სახელზე დარეგისტრირება; დანარჩენ ნაწილში დ. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ. კასატორმა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა სააპელაციო საჩივარს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციისას არ გამოვლენილა რეგისტრაციის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი, რის გამოც მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს სახელზე სადავო უძრავი ქონების რეგისტრაცია განხორციელდა კანონის შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გარდაბნის რაიონის ...ის საკრებულოს 1996 წლის 10 თებერვლის №5 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე 2007 წლის 19 სექტემბერს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება 600 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე, მდებარე გარდაბნის რაიონი, სოფელი ...ი. (ს.კ. ...) მიწის ნაკვეთზე შეთანხმებულია არქიტექტორული პროექტი და აშენებულია საცხოვრებელი სახლი. სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად რეგისტრირებულია, რაც დასტურდება 2007 წელს გაცემული მიწის სააღრიცხვო ბარათით, ასევე საჯარო რეესტრის 2012 წლის 2 ნოემბრის ამონაწერით. 1997 წლის 3 თებერვლის №10718 მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე, გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 03 აპრილის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, საკუთრების უფლება რეფორმით მიღებულ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, მდებარე: გარდაბნის რაიონი, ზემო ...ი. (ს.კ. ...) დარეგისტრირდა მე-3 პირზე ო. ა-ზე. სახელმწიფოს წინაშე წარმოშობილი ვალდებულებების დაფარვის მიზნით, 2010 წლის 31 მაისის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით ო. ა-ის საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 22 აპრილის №114 ბრძანების და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსის 2010 წლის 11 მაისის №16/1241/3-10 წერილის საფუძველზე აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით მიმართვის ეტაპზე გამოვლინდა, რომ ო. ა-ის, ხოლო შემდგომ სახელმწიფო სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ს/კ №... იმყოფებოდა დ. ღ-ის სახელზე ს/კ ... რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან სრულ გადაფარვაში.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგი ეფუძნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 7 ივნისის დასკვნის შეფასების საფუძველზე დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე