Facebook Twitter

ბს-727-727 (კ-18) 07 თებერვალი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.01.2018წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ჯ-ემ 15.08.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №57995-52/16 სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის თ. ჯ-ის სასარგებლოდ 2014 წლის 01 იანვრიდან შეწყვეტილი სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.09.2017წ. გადაწყვეტილებით თ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №57995-52/16 სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა თ. ჯ-ისათვის 2014 წლის 01 იანვრიდან სახელმწიფო პენსიის აღდგენა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.01.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.

კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.01.2018წ. განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, მიუთითა საკასაციო სასამართლოს ბს-481-478(2კ-17) განჩინებაზე და აღნიშნა, რომ ზიანის სახით დაკისრებული თანხის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას. მოსარჩელეს 2013 წლის დეკემბერში შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა და მას სადავოდ არ გაუხდია კომპენსაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება. პენსიის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით 2016 წლამდე არ მოუმართავს ორგანოსთვის. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია აგრეთვე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე, რაც სკ-ის 129-ე მუხლის თანახმად შეადგენს სამ წელს და ვადის ათვლა იწყება იმ დროიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებლობის გარდა თ. ჯ-ის მოთხოვნა არის ხანდაზმულიც, რაც მართებულად გახდა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს აგრეთვე სსიპ სსსტ ცენტრ „დელტას“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიჩნევას. სსიპ სსსტ ცენტრ „დელტა“ არ არის „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. თავდაცვის მინისტრის 15.08.2015წ. №25 ბრძანებით დამტკიცებული იქნა სსიპ სსსტ ცენტრ „დელტას“ წესდება, რომლითაც არ არის გათვალისწინებული მისი სამეცნიერო ფუნქცია. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 09.02.2017წ. #04/8010 წერილით მიმართა „დელტას“ და 27.02.2017წ. #338 წერილობითი პასუხით ადმინისტრაციულმა ორგანომ უარყო სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულების ბუნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი თვლის, რომ არასწორია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ სსსტ ცენტრ „დელტა“ მიჩნეული იქნა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად, რის გამოც თ. ჯ-ეს სწორად ეთქვა უარი სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №57995-32/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის თ. ჯ-ის სასარგებლოდ 2016 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების დავალების ნაწილში, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის თ. ჯ-ის სასარგებლოდ 01.01.2014წ.-01.08.2016წ. ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №57995-52/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და 2016 წლის 1 აგვისტოდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის თ. ჯ-ის სასარგებლოდ ანაზღაურების ნაწილში არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივრში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ხსენებულ ნაწილში ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ „სახელმწიფო პენსიის“ შესახებ კანონის 5.1 მუხლის თანახმად საპენსიო ასაკს მიღწეულმა თ. ჯ-ემ (დაბადებული …წ.) 19.07..2016წ. განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სახელმწიფო პენსიის დანიშვნის თხოვნით. თ. ჯ-ეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს 08.08.2016წ. #57995-52/16 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე იმ მოტივით, რომ იგი მუშაობდა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“. აღნიშნულ სსიპ-ში მუშაობა მიჩნეული იქნა საჯარო საქმიანობად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამავე საკითხზე მიღებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2015წ. #ბს-77-75(კ-15) გადაწყვეტილება, რომლითაც სამართლებრივი შეფასება მიეცა განსახილველი დავის იდენტურ ფაქტობრივ გარემოებებს და მიჩნეული იქნა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებით, თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით და სახელწოდებით უდასტურდება საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასტორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო პრეტენზიებს მითითებულ ნაწილში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №57995-52/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და 2016 წლის 1 აგვისტოდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის თ. ჯ-ის სასარგებლოდ ანაზღაურების ნაწილში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მითითებულ ნაწილში არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომელიც შეეხება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის თ. ჯ-ის სასარგებლოდ 01.01.2014წ.-01.08.2016წ. ზიანის ანაზღაურების დაკისრებას, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილში განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (სუს ბს-481-478(2კ-17) 20.07.2017წ. განჩინება), რაც 34.3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობაა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთმითითებულ ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული სასკ-ის 34.3 მუხლის საფუძველზე და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 08.08.2016წ. №57995-52/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და 2016 წლის 1 აგვისტოდან სახელმწიფო გასაცემელის დანიშვნისა და ამავე პერიოდიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის თ. ჯ-ის სასარგებლოდ ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად. მითითებულ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.01.2018წ. განჩინება;

2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის თ. ჯ-ის სასარგებლოდ 01.01.2014წ.-01.08.2016წ. ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი