#ბს-1558(კ-18) 28 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 15 ნოემბერს დ. ქ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს, მოპასუხის - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 2 ნოემბრის #202/ს ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 6 ნოემბერს მისთვის ცნობილი გახდა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 2 ნოემბრის #202/ს ბრძანების შესახებ, რომლის თანახმადაც, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ საფუძველზე, დაჯარიმდა 1800 ლარით. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის არქიტექტურულ-სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების მოხელეებმა მის მიერ წარმოებულ მშენებლობასთან დაკავშირებით, შეადგინეს შემოწმების აქტი, ხოლო 2016 წლის 17 ოქტომბერს შემოწმების აქტის განხილვაზე იგი არ გამოცხადდა. მას არ უნახავს შემოწმების აქტი და არც ამ აქტის განხილვის თაობაზე უცნობებიათ მისთვის.
დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით დ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ქ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2017 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 2 ნოემბრის #202/ს ბრძანება.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ „საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურის ფორმაზე“, საიდანაც დგინდება, რომ საქართველოს ფოსტის თანამშრომლის მიერ მითითება დ. ქ-თან მიტანილია მისამართზე ქ. თბილისი, ... ქ. #28, საქმის მასალებით კი უდავოდ დგინდება, რომ დ. ქ-ის საცხოვრებელი მისამართია ქ. თბილისი, ... ქ. #88. პალატის მითითებით, ვინაიდან მითითება მიტანილ იქნა არასწორ მისამართზე, ბუნებრივია, იგი უკან დაბრუნდა კიდეც ჩაუბარებელი სახით და იმაზე მითითებით, რომ მისამართი არასწორია (არასრულია). სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ერთხელ მაინც თავიდან გაეგზავნა მითითება დ. ქ-ისათვის, რაც მათ არ გაუკეთებიათ. სასამართლომ დამატებით მიუთითა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ დ. ქ-ის განცხადებაზე, სადაც მითითებულია დ. ქ-ის ტელეფონის ნომერი.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ დ. ქ-ი სადავო სამართალდარღვევის ფაქტზე მანამდე ორჯერ იყო დაჯარიმებული მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რა დროსაც მას დაჯარიმების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტები ჩაბარებული და ჯარიმაც გადახდილი აქვს. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ თუნდაც მოცემული გარემოებითაც დგინდება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის არ წარმოადგენდა სირთულეს მოეძებნა მოსარჩელე და მისთვის ჩაებარებინა სადავო აქტები კანონით დადგენილი წესით, რაც მას არ გაუკეთებია. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მოიქცა მხოლოდ ფორმალურად და მითითების ერთხელ გაგზავნის შემდეგ (მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მითითება არასწორ მისამართზე იქნა მიტანილი) მას აღარ უცდია მითითების ხელმეორედ გაგზავნა ან ადრესატის ტელეფონის საშუალებით ინფორმირება, რაც არ შეესაბამება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-19 ნაწილის მოთხოვნებს და რამაც მოსარჩელეს მოუსპო შესაძლებლობა აღმოეფხვრა მითითებაში დაფიქსირებული სამშენებლო სამართალდარღვევა და თავიდან აეცილებინა დაჯარიმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, გასაჩივრებული ბრძანებით კანონით განსაზღვრული, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებისთვის განსახორციელებელი ყოველგვარი პროცედურის დაცვით, დ. ქ-ს დაეკისრა სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის გადახდა. კასატორის განმარტებით, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილში განმარტებული „მითითებისა“ და ამავე მუხლის მე-13 ნაწილში ნახსენები „უწყების“ მნიშვნელობა. მითითება სავარაუდო დამრღვევს ეგზავნება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების საწყის ეტაპზე და მიზნად ისახავს მის გაფრთხილებას, დადგენილ ვადაში მოიყვანოს მშენებლობა კანონმდებლობასთან შესაბამისობაში ან მოახდინოს მისი დემონტაჟი. ხოლო უწყების გაგზავნა ხდება დამრღვევის მხრიდან, თავდაპირველი მითითების შეუსრულებლობისა და მის შემდგომ შედგენილი თითოეული შემოწმების აქტის შემდეგ. მიზნად კი ისახავს სამართალდამრღვევის ინფორმირებას შემოწმების აქტის განხილვაზე დაბარების შესახებ.
კასატორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სატელეფონო საუბრების საოქმო ჩანაწერების გაკეთება არ ხერხდება, მაინც ხშირად მიმდინარეობდა მოსარჩელესთან სატელეფონო კომუნიკაცია აღნიშნულ სამართალდარღვევის საქმის თაობაზე. აღნიშნული უწყების ჩაბარების თაობაზეც შედგა სატელეფონო საუბარი მას შემდეგ, რაც მოხდა მისთვის უწყების გაგზავნა. ამასთან, სამშენებლო ზედამხედველობის მოხელეების მიერ მოხდა დამატებით უწყების გაკვრა აშენებული ობიექტის ფასადზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 20 სექტემბერს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების მოხელეების მიერ შედგენილი #18 შემოწმების აქტის საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ დადგენილი წესების შესაბამისად. 2016 წლის 30 სექტემბერს #05/1803 წერილით დ. ქ-ს ეცნობა მის მიმართ შედგენილი შემოწმების აქტის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, რომელიც მისთვის გაგზავნილ იქნა მის მიერ დუშეთის გამგეობაში შეტანილ 2015 წლის 18 მარტის #1067/ქ და 2016 წლის 14 ნოემბრის #3637 განცხადებებში მითითებულ მისამართზე. აღნიშნული წერილები გამგეობას უკან დაუბრუნდა შემდეგი მითითებით - მისამართი არასრულია ან არასწორია, რის შემდეგაც უწყების გაკვრა მოხდა …ის მიმდებარე ტერიტორიაზე მისივე შენობის ფასადზე.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილებაში მითითებული მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირადად ჩაბარებით) ვერ ხერხდება, გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, შემოწმების აქტის განთავსება ობიექტის ფასადზე არის უკიდურესი ღონისძიება და აღნიშნული გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას სხვა ფორმის გამოყენებით მოახდინოს მისი დაინტერესებული პირისათვის ჩაბარება. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ფორმალურად მიუდგა მხარისთვის უწყების ჩაბარების საკითხს და ერთხელ გაგზავნის შემდეგ (მით უფრო იმ პირობებში, როდესაც უწყება არასწორ მისამართზე იქნა მიტანილი) მას აღარ უცდია მისი ხელმეორედ გაგზავნა ან ადრესატის ტელეფონის საშუალებით ინფორმირება, რაც არ შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-19 ნაწილის მოთხოვნებს და რამაც მოსარჩელეს მოუსპო შესაძლებლობა აღმოეფხვრა მითითებაში დაფიქსირებული სამშენებლო სამართალდარღვევა და თავიდან აეცილებინა დაჯარიმება. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დ. ქ-ის მიერ წარდგენილ განცხადებაში მითითებული იყო მისი ტელეფონის ნომერი, ამასთან, დ. ქ-ი სადავო სამართალდარღვევის ფაქტზე მანამდე ორჯერ იყო დაჯარიმებული მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რა დროსაც მას დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტები ჩაბარებული და ჯარიმაც გადახდილი აქვს. ყოველივე აღნიშნული კი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ ამოწურა ყველა რესურსი დაინტერესებული პირისათვის უწყების ჩაბარების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი