#ბს-1573(კ-18) 28 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 12 ივნისს თ. ბ-მა, ტ. ჭ-ემ, თ. თ-მა, ბ. ბ-ემ, პ. ფ-ამ, ო. ნ-მა, ზ. ტ-ემ, ჯ. ბ-ემ და თე. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელეებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თ. ბ-ის სასარგებლოდ - 998.40 ლარის, ხოლო ტ. ჭ-ის, თ. თ-ის, ბ. ბ-ის, პ. ფ-ას, ო. ნ-ის, ზ. ტ-ის, ჯ. ბ-ისა და თე. მ-ის სასარგებლოდ - 768 ლარის ოდენობით სახელფასო დანამატის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.
მოსარჩელეების განმარტებით, ისინი 2016 წლის 20 დეკემბრამდე წლების განმავლობაში მსახურობდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალების საავიაციო ბრიგადის საავიაციო ტექნიკური ესკადრილიის საავიაციო ტექნიკის სარეგლამენტო ტექნიკური რგოლის ინჟინრებად და ტექნიკოსებად სამოქალაქო პირების სტატუსით. ისინი აწარმოებდნენ სხვადასხვა თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებზე ყველაზე რთულ და დიდი მოცულობის სარეგლამენტო და სხვა ტექნიკურ მომსახურებას, რომელთა ჩატარება საავიაციო ესკადრილიებში შეუძლებელი ან არამიზანშეწონილია. აქედან გამომდინარე, მათი თანამდებობების დასახელებაში გამოყენებულ იქნა ტერმინი - „საფრენი აპარატები“, რაც მოიცავს სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მათ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანების 194 პუნქტის საფუძველზე, უფლება აქვთ მიიღონ ყოველთვიური პროცენტული დანამატი – წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 5%-ის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის, ტ. ჭ-ის, თ. თ-ის, ბ. ბ-ის, პ. ფ-ას, ო. ნ-ის, ზ. ტ-ის, ჯ. ბ-ის და თე. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თ. ბ-ის სასარგებლოდ 769 ლარისა და 22 თეთრის ოდენობით, ტ. ჭ-ის სასარგებლოდ 631 ლარისა და 10 თეთრის ოდენობით, თ. თ-ის სასარგებლოდ 633 ლარისა და 40 თეთრის ოდენობით, ბ. ბ-ის სასარგებლოდ 631 ლარისა და 10 თეთრის ოდენობით, პ. ფ-ას სასარგებლოდ 631 ლარისა და 10 თეთრის ოდენობით, ო. ნ-ის სასარგებლოდ 631 ლარისა და 10 თეთრის ოდენობით, ზ. ტ-ის სასარგებლოდ 631 ლარისა და 10 თეთრის ოდენობით, ჯ. ბ-ის სასარგებლოდ 631 ლარისა და 10 თეთრის ოდენობით, თე. მ-ის სასარგებლოდ 768 ლარისა და 26 თეთრის ოდენობით სახელფასო დანამატის ანაზღაურება დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეები დაშვებულ იქნენ 2016 წელს პრაქტიკული ფრენების მომსახურების და საფრენი აპარატების ტექნიკურ ექსპლუატაციაზე შესაბამისი სპეციალობების მიხედვით და ისინი პირნათლად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, ანუ ემსახურებოდნენ თვითმფრინავების, შვეულმფრენების და უპილოტო საფრენი აპარატების გამართულ ფუნქციონირებას, როგორც ინჟინრები და ტექნიკოსები. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეებს სრულიად სამართლიანად წარმოეშვათ ყოველთვიური პროცენტული დანამატის – წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 5%-ის ოდენობით, მიღების უფლება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანების 194 პუნქტის საფუძველზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ყოფილ საავიაციო ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანების 194 პუნქტით გათვალისწინებული 5%-იანი დანამატი ეძლეოდათ მხოლოდ თვითმფრინავების, შვეულმფრენებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ინჟინრებისა და ტექნიკოსების თანამდებობებზე დანიშნულ პირებს, ხოლო მოსარჩელეთა თანამდებობებში პირდაპირ დაფიქსირებული არ არის 194 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, სიტყვები თვითმფრინავები, შვეულმფრენები და უპილოტო საფრენი აპარატები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანების 194 პუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს, რომლებიც არიან თვითმფრინავების, შვეულმფრენების და უპილოტო საფრენი აპარატების ინჟინრები და ტექნიკოსები ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი – წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 5%-ის ოდენობით.
ამასთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანების თანახმად, რომელშიც 2015 წლის 14 აგვისტოს #23 ბრძანებით შევიდა ცვლილება, 194 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს, რომლებიც არიან თვითმფრინავების, შვეულმფრენების ინჟინრები და ტექნიკოსები, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი – წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 5%-ის ოდენობით.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეებთან დადებული კონტრაქტები არ შეესაბამებოდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და არ ითვალისწინებს სახელფასო დანამატის გაცემის ვალდებულებას.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები დაშვებულ იქნენ 2016 წელს პრაქტიკული ფრენების მომსახურების და საფრენი აპარატების ტექნიკურ ექსპლუატაციაზე შესაბამისი სპეციალობების მიხედვით და ისინი პირნათლად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, ანუ ემსახურებოდნენ თვითმფრინავების, შვეულმფრენების და უპილოტო საფრენი აპარატების გამართულ ფუნქციონირებას, როგორც ინჟინრები და ტექნიკოსები. ამდენად, მოსარჩელეებს სრულიად სამართლიანად წარმოეშვათ ყოველთვიური პროცენტული დანამატის – წოდებრივი/თანამდებობრივი სარგოს 5%-ის ოდენობით, მიღების უფლება ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი