#ბს-1601(კ-18) 28 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 7 აგვისტოს ო. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 11 ივლისის #684 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის ქუჩაზე, ... #31-ში მდებარე, #3 კოტეჯის მიმდებარე 307 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ო. გ-ას საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, ის არის დევნილი, 1993 წლიდან ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქუჩა, ... #31-ში, კოტეჯი #3-ში. 2010 წლის 4 იანვარს მას სახელმწიფომ საკუთრებაში გადასცა ხსენებული კოტეჯი, რომელიც განთავსებულია 472 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. 1999 წელს მან თვითნებურად დაიკავა მომიჯნავე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 307 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც შემოღობა, ნაკვეთზე ააშენა სხვადასხვა ნაგებობა, გააშენა ხეხილის ნარგავები, გააკეთა ვაზის ტალავერი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით ო. გ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 11 ივლისის #684 განკარგულება და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოსარჩელის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, ასევე ამავე კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზების, ორთოფოტების და ფოტოსურათების გამოკვლევის საფუძველზე დაასკვნა, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს კაპიტალური შენობა, მიწის ნაკვეთი შემოღობილია და მასზე განთავსებულია მრავალწლიანი ნარგავები.
პალატის მითითებით, სასამართლოში მხარის ახსნა-განმარტებებითა და მოწმეთა ჩვენებით დადასტურდა, რომ ო. გ-ა მეუღლესთან ერთად, მოთხოვნილ ნაკვეთზე განთავსებულ ნაგებობაში ცხოვრობს მას შემდეგ, რაც ის გამოსახლებულ იქნა ქ. თბილისში, ..., ...ის ქუჩა, ... #31-ში მდებარე #3 კოტეჯიდან, ამასთან, მას სხვა საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია. სასამართლომ აღნიშნა, რომ ო. გ-ას მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სარწმუნოობის გამომრიცხავი უტყუარი მტკიცებულებები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის წარმოებისას გამოვლენილი არ ყოფილა.
სააპელაციო სასამართლომ სადავო აქტი დაუსაბუთებელად მიიჩნია. პალატის განმარტებით, გადაწყვეტილებაში, მართალია, აღნიშნულია, რომ არ დასტურდება კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, თუმცა არ არის გამოკვეთილი რა ფაქტობრივ საფუძვლებს ეყრდნობა კომისია დასკვნის გაკეთების პროცესში. ასევე, არ დგინდება, მოხდა თუ არა განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა-გამოკვლევა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, თუნდაც გადასახადის გადამხდელის მოწმობით, ი/მ რეგისტრაციის ანკეტითა და 2018 წლის 21 თებერვლის სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებით დასტურდებოდეს ო. გ-ასა და მისი მეუღლის ლ. ჯ-ას ქ. თბილისში, ...ის ქ. #31-ში მდებარე #3 კოტეჯის მიმდებარე ნაკვეთში არსებულ ჯიხურში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი, აღნიშნული ვერ გახდება წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის, თუნდაც ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან ჯიხური წარმოადგენს დროებით კონსტუქციას და იგი ვერ გაიგივდება აღიარების კანონის მიზნებისათვის გათვალისწინებულ კაპიტალურ შენობა-ნაგებობასთან.
კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში გარდა იმისა, რომ არ დასტურდებოდა ო. გ-ას მიერ აღიარებამოთხოვნილი მიწის ნაკვეთით ფლობა/სარგებლობის ფაქტი, რაც ცალსახად მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია, კომისიამ გაითვალისწინა უძრავი ქონების ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციასთან შესაბამისობა, ის ფაქტორი, რომ მიწის ნაკვეთის ნაწილი მდებარეობდა სატრანსპორტო ზონაში და შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 11 ივლისის #684 განკარგულება, რომლითაც ო. გ-ას უარი ეთქვა ქალაქ თბილისში, ...ში, ...ის ქუჩაზე, ... #31-ში მდებარე, #3 კოტეჯის მიმდებარე 307 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა ო. გ-ას მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 6 ივნისის ადგილზე დათვალიერების #518 ოქმით დგინდება, რომ უფლებააღსაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია კაპიტალური საცხოვრისი და დამხმარე დროებითი ნაგებობა.
საქმეში წარმოდგენილი ინდივიდუალური საწარმოს (მეწარმის) რეგისტრაციის ანკეტითა და გადასახადის გადამხდელის მოწმობით დგინდება, რომ ი/მ ო. გ-ას „...“ იურიდიული მისამართია: ..., ...ის #31. ი/მ ჯ-ას სახელზე ქ. თბილისის მერიის, ...ის მოსაკრებლების სამსახურის მიერ 2003 წელს გაცემულია ვაჭრობის ნებართვა, რომლის საფუძველზეც ჯ-ას მიეცა სავაჭრო საქმიანობის განხორციელების უფლება ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქუჩაზე მდებარე ჯიხურში. საქმეში დაცული ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დგინდება, რომ ლ. ჯ-ა არის ო. გ-ას ოჯახის წევრი. ის გარემოება, რომ სავაჭრო ჯიხური, რომელშიც ო. გ-ა ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, განთავსებულია ...ის ქუჩა #31-ში მდებარე #3 კოტეჯის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე, დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ა. ა-მ და ლ. ს-ამ.
საქმეში წარმოდგენილია ა. ჩ-ასა და ი. ჯ-ას ნოტარიულად დამოწმებული განცხადება (თანხმობა), სადაც აღნიშნული პირები მიუთითებენ, რომ ო. გ-ა 1999 წლიდან დღემდე ფლობს 307 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქ. ... #31-ში, კოტეჯი #3-ის მიმდებარედ. მიწის ნაკვეთი შემორაგულია ღობით და გაშენებულია მწვანე ნარგავები, ასევე მასზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ პრეტენზია არ აქვთ და თანახმანი არიან მიწის ნაკვეთის ლეგალიზება-დაკანონება მოახდინოს ო. გ-ამ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ო. გ-ას მიმართ გამოცემული აქტი დაუსაბუთებელია, არ არის გამოკვეთილი რა ფაქტობრივ საფუძვლებს ეყრდნობა კომისია დასკვნის გაკეთების პროცესში და არ დგინდება, მოხდა თუ არა განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა-გამოკვლევა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ო. გ-ას მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სარწმუნოობის გამომრიცხავი უტყუარი მტკიცებულებები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი