Facebook Twitter

#ბს-291(კ-19) 16 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 30 იანვარს ა. ჯ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მრავალი წელია, რაც შესახლებულია თბილისში მდებარე სასტუმრო „კოლხეში“, რომელიც ავარიული და საცხოვრებლად საშიშია. ოჯახი შედგება 5 წევრისგან, რომლებიც ცხოვრობენ ერთ ოთახში. მოსარჩელის მითითებით, მან 2015 წლის 8 მაისს გრძევადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნის მიზნით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ამავე წლის 9 ნოემბერს ა. ჯ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ერთოთახიანი ბინის გადაცემით, რომელზედაც ფართის სიმცირის გამო მოსარჩელემ უარი განაცხადა. მიუხედავად სამინისტროს წარმომადგენლების დაპირებისა, რომ გაითვალისწინებდნენ ოჯახის სულადობრივ მაჩვენებელს, 2016 წლის 17 დეკემბერს მოსარჩელე კვლავ ერთოთახიანი ბინით დააკმაყოფილეს, რაზედაც ა. ჯ-მა კვლავ უარი განაცხადა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ა. ჯ-ის ნაწილში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2016 წლის 5 დეკემბრის #122 ოქმის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ოჯახის სულადობრივი (განაცხადის გათვალისწინებით, ოჯახის სამი წევრი) მაჩვენებლის გათვალისწინებით, ა. ჯ-ისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლის გადაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება (#122 ოქმი; ა. ჯ-ის ნაწილში) და მოპასუხეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალ გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის სხდომაზე მიღებული საოქმო განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (უფლებამონაცვლე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მასალები და მხარეთა პოზიციები არ არის საკმარისი იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად ჩაატარა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წარმოება და საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევით დაადგინა, რომ ა. ჯ-ი მარტო ცხოვრობს თბილისში, აბასთუმნის ქუჩა #1, ბინა #...-ში, სასტუმრო „კოლხეთში“. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია ფართის სიმცირის გამო მოცემულ მისამართზე მხოლოდ ერთი პირის ცხოვრების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმეებმა დაადასტურეს ა. ჯ-ის, მისი შვილისა და შვილიშვილის მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საერთოდ გამორიცხავს ან დაადასტურებს ქ. თბილისში, აბასთუმნის ქუჩა #1, ბინა #...-ში, სასტუმრო „კოლხეთში“ მოსარჩელის გარდა, მისი შვილისა და შვილიშვილის ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს და სწორედ აღნიშნული გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნების გათვალისწინებით“ დანართი #6-ის შესაბამისად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხი განიხილა, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს მიერ განხორციელებული კვლევის შედეგად წარმოდგენილი ინფორმაციისა და შედგენილი ოქმის საფუძველზე. კასატორი აღნიშნავს, რომ შეფასების საფუძველზე ოჯახს ენიჭება შესაბამისი ქულა და სულადობის გათვალისწინებით მის ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი ფართი.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებით, კვლევის შედეგად დადგენილია, რომ 2015 წელს ა. ჯ-ის მიერ, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე გაკეთებულ განაცხადში მითითებულია მისი შვილი ქ. ბ-ე (არადევნილი) და მისი შვილიშვილი ლ. დ-ი (არადევნილი), თუმცა სარეგისტრაციო ნომერზე 5 სულია, რომლებიც კონპენსირებულნი არიან. კასატორის მითითებით, ვინაიდან, ა. ჯ-ის ოჯახის შემადგენლობაში სხვა პირთა არსებობა არ დასტურდებოდა, მისი საკითხი კომისიის მიერ განხილულ იქნა როგორც ერთსულიანი ოჯახი, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მონიტორინგის ოქმებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 5 დეკემბრის დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის #122 სადავო ოქმით დგინდება, რომ გადაწყვეტილებით, შევსებული განაცხადებისა და კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულების რიგითობის დაცვით, ერთოთახიანი ბინით დაკმაყოფილდა ა. ჯ-ი.

2016 წლის 17 დეკემბრის #162 მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის, სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსმა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016წწ. სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის ფარგლებში“ იკისრა ვალდებულება იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილი ოჯახისათვის - ა. ჯ-ისათვის გადაეცა ქ. თბილისში, ... #7-ში მდებარე ახალაშენებულ კორპუსში 1, I სადარბაზო, X სართ. ბინა #... , 1-ოთახიანი საცხოვრებელი ფართი. ამავე აქტით დგინდება, რომ ა. ჯ-მა უარი განაცხადა აღნიშნული ბინის მიღებაზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართის #1) მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძებების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად კი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა – ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნული წესის დანართი #6-ის („გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნების გათვალისწინებით“) მიხედვით, დევნილთა ოჯახისათვის, რომლის წევრთა რიცხოვნობა შეადგენს 3-4 წევრს, გათვალისწინებულია ოროთახიანი ბინა, რომლის მინიმალური საორიენტაციო სტანდარტი ახლადაშენებული და ცარიელი შენობებისთვის არის 45-60 კვ.მ.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა. ჯ-ის შვილის ქ. ბ-ის ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ 2014 წლიდან განაცხადში მითითებულ მისამართზე სტაბილურად ცხოვრობს ოჯახის 3 წევრი - თავად, მისი შვილი და დედა. საცხოვრებელი ფართი დაახლოებით 10 კვადრატულია, ასევე არის პატარა სამზარეულო. მოწმემ დაადასტურა, რომ აღნიშნული ფართი სამი პიროვნებისათვის მცირეა, თუმცა სივიწროვის მიუხედავად, იძულებულნი არიან ერთად იცხოვრონ.

მოწმის სახით დაკითხული ა. ჯ-ის მეზობლის, გ. მ-ის ჩვენების თანახმად, იგი 26 წელია ცხოვრობს სასტუმრო „კოლხეთში“ და კარგად იცნობს მოსარჩელე ა. ჯ-ს. მოწმის განმარტებით, მოსარჩელე აღნიშნულ ფართში ცხოვრობს შვილსა და შვილიშვილთან ერთად.

თავად მონიტორინგის განმახორციელებელი პირის - შ. ქ-ის განმარტების თანახმად კი, მონიტორინგის განხორციელების დღეს მას ადგილზე დახვდა განმცხადებელი ა. ჯ-ი, მისი შვილი ქ. ბ-ე და ა. ჯ-ის არასრულწლოვანი შვილთაშვილი. მოწმემ ასევე აღწერა მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი და მიუთითა, რომ ფართი საკმაოდ მცირეა, დაახლოებით 10 კვ.მ და აქვს სამზარეულო დაახლოებით 2 კვ.მ. ამავე სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტების თანახმად, სწორედ საცხოვრებელი ფართის სიმცირიდან გამომდინარე იქნა მიჩნეული აღნიშნულ ფართში მხოლოდ ერთი ადამიანის ცხოვრების შესაძლებლობა.

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალები და მხარეთა პოზიციები სასამართლოსათვის ვერ იქნება საკმარისად მიჩნეული იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად ჩაატარა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წარმოება და საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევით დაადგინა, რომ ა. ჯ-ი მარტო ცხოვრობს თბილისში, აბასთუმნის ქ. #1, ბინა #...ში, სასტუმრო „კოლხეთში“.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი