#ბს-294(კ-19) 16 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 24 მაისს მ. ი-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 1990 წელს საცხოვრებელი ბინის (..., ... მ/რ, მე-5 კვარტალი, მე-5 კორპუსი) მიმდებარედ დაეუფლა მიწის ნაკვეთს, რომელიც შემოღობა და 1990 წლიდან დღემდე უვლის და ამუშავებს, როგორც საკუთარს.
მოსარჩელის მითითებით, მან 2006 წელს მიწის ნაკვეთზე ბეტონის კონსტრუქციით ააშენა შენობა, რომელსაც სათავსოდ და სხვადასხვა დანიშნულებით იყენებს. აღნიშნული შენობის აშენების დრო დადასტურებულია არაერთი მოწმისა და ექსპერტიზის დასკვნით.
მოსარჩელის განმარტებით, მან კომისიას ჯერ კიდევ 2008 წელს მიმართა, თუმცა უარი უთხრეს მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, რაც გაასაჩივრა სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის საქმეში მოიპოვება 2 ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეთა ჩვენებები, მიწის აზომვითი ნახაზი და სხვა მტკიცებულებები, ადმინისტრაციულმა ორგანომ მაინც უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კომისიის უარი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 15 თებერვლის #645 სხდომაზე 41-ე საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების, ამავე კომისიის 2018 წლის 22 მარტის #410 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ქალაქ თბილისში, ... ..., მე-5 კვარტალი, მე-5 კორპუსის მიმდებარე 612 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მ. ი-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 15 თებერვლის #645 სხდომაზე 41-ე საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება და ამავე კომისიის 2018 წლის 22 მარტის #410 განკარგულება; მოპასუხეს მ. ი-ის მფლობელობაში არსებულ, ქალაქ თბილისში, ... ..., მე-5 კვ, მე-5 კორპუსის მიმდებარედ, შპს „...“-ის მიერ 2015 წლის 16 თებერვალს მომზადებული აზომვითი ნახაზით მითითებული მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელიც არ კვეთს #... საკადასტრო ერთეულს, მ. ი-ის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ქალაქ თბილისში, ..., ..., მე-5 კვარტალი, #5 კორპუსის მიმდებარედ, შპს „...“-ის მიერ 2015 წლის 16 თებერვლის საკადასტრო აზომვითი ნახაზით მითითებულ მიწის ნაკვეთს მ. ი-ე ფლობდა 2006 წლის მდგომარეობით და შემდგომ პერიოდში, 2006 წელს მან მითითებულ ნაკვეთზე ააშენა კაპიტალური, არასაცხოვრებელი დანიშნულების ნაგებობა. სასამართლომ აღნიშნული გარემოება დადასტურებულად მიიჩნია მ. ი-ის განმარტების, მოწმეთა განცხადების, შპს „ე...-ის“ 2016 წლის 16 მაისის დასკვნისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს #007404416 დასკვნის, ასევე, ადგილზე დათვალიერების ოქმისა და ფოტოსურათების ერთობლივი შეფასებით. ასევე, 2010 და 2014 წლების მდგომარეობის ამსახველი ორთოფოტოების მიხედვით, მოცემული დროისთვის მიწის ნაკვეთზე არსებობდა ნაგებობა, რომელიც შპს „....“-ის მიერ 2015 წლის 16 თებერვლის საკადასტრო აზომვით ნახაზზეა დაფიქსირებული. სასამართლოს მითითებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს #007404416 დასკვნის თანახმად, ქალაქ თბილისში, ..., ..., მე-5 კვარტალი, #5 კორპუსის მიმდებარე, მ. ი-ის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა გაბარიტული ზომებით 2X1,5, სიმაღლით 1,3მ, მიეკუთვნება კაპიტალურ ნაგებობას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დაფუძნებულია სარწმუნო მტკიცებულებებზე და მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებების სარწმუნოობის გამომრიცხველი მტკიცებულებები მოპასუხე კომისიის მიერ საქმის განხილვის პროცესში გამოვლენილი არ ყოფილა. ამდენად, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ. ი-ე 2006 წლის მდგომარეობით ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთში აშენებულ ნაგებობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა უკეთ შესწავლის მიზნით, კომისიამ დაადგინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ადგილზე დაეთვალიერებინა კომისიის მომსახურების განყოფილებას და ასევე, მიზანშეწონილად მიიჩნია კომისიის სხდომაზე შპს „ე...-ის“ დირექტორის, მ. მ-ის მოწვევა. კასატორი მიუთითებს შპს „ე...-ის“ დირექტორ მ. მ-ის განმარტებაზე, რომლის თანახმად, შენობის ხანდაზმულობის თაობაზე ექსპერტიზის დასკვნა ეფუძნება მხოლოდ მხარის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას, შენობის ვიზუალურ დათვალიერებასა და მოწმეთა ჩვენებებს, რამდენადაც, სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც დაადგენდა შენობის ხანდაზმულობას, მათ არ გააჩნიათ. ამასთან, დაადასტურა, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილ მეზობლების ნოტარიულად დამოწმებულ ჩვენებებში შენობის ხანდაზმულობის ვადად 2008 წელი რომ ყოფილიყო მითითებული, იგი მოკლებული იქნებოდა შესაძლებლობას ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაში შენობის ხანდაზმულობის ვადად დაეფიქსირებინა 2006 წელი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ მ. ი-ეს უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან არ დასტურდებოდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე. კასატორი მიუთითებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებში და კვეთდა ამხანაგობა „...-ის“ კუთვნილი #... მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ საზღვრებს.
კასატორის განმარტებით, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის ხანდაზმულობაზე მსჯელობისას, კომისია ვერ დაეყრდნობა შპს „ე...-ის“ ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას. კომისიას მიაჩნია, რომ მ. ი-ის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ვერ გახდებოდა უტყუარი მტკიცებულებები, შენობის ხანდაზმულობის განსაზღვრასთან მიმართებით. შესაბამისად, წარდგენილი დოკუმენტაციით, ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებებით), მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებით კომისიამ მიიჩნია, რომ ცალსახად არ დგინდებოდა ის გარემოება, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა განთავსებულია კანონის ამოქმედებამდე.
კასატორის განმარტებით, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 22 ივნისის წერილით ირკვევა, სადავო მიწის ნაკვეთი კვეთს #... საკადასტრო ერთეულს, რომელზეც რეგისტრირებულია ქ. თბილისის თვითმმართველის საკუთრების უფლება. ამასთანავე, კასატორი მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლო 2016 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლო ვრცლად მსჯელობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) ვერ წარმოადგინა.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ჰქონდა საფუძველი, დაეკმაყოფილებინა მ. ი-ის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელიც არ ფარავდა მომიჯნავე, კერძო საკუთრებაში არსებულ, #... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთს.
ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება მ. ი-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უძრავი ქონების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ 2017 წლის 17 ნოემბრის ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება ქ. თბილისში, ... ...-ის მე-5 კვარტალში, 5 კორპუსის მიმდებარედ არსებული 2804 კვ.მ მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირებას, სცდება კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილების პირობებს. ამავდროულად გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მ. ი-ემ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას სადავო ნაკვეთის აღიარების მოთხოვნით პირველად მიმართა ჯერ კიდევ 2008 წლის 26 მარტს. ზემოაღნიშნული 2017 წლის 17 ნოემბრის ბრძანება კი მიღებულ იქნა იმ პირობებში, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულების მიზნით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება მ. ი-ის მოთხოვნის კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით არ იყო დასრულებული, რაც ეწინააღმდეგება კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილების პირობებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი