Facebook Twitter

#ბს-313(კ-19) 16 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 25 აპრილს მ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ „მიწის ნაკვეთზე მ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 22 მარტის #425 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მ. მ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, მან და მისმა გარდაცვლილმა მეუღლემ გ. რ-ემ 1997 წელს ქ. თბილისში, ...სა და ...ის ქუჩას შორის მდებარე ქედზე 576 კვ.მ მიწის ფართობზე ააშენეს საცხოვრებელი სახლი, რაც იმავე წელს გადახურეს. აღნიშნულ ფართს მოსარჩელის განმარტებით, ფაქტობრივად ფლობდა მისი მეუღლე გ. რ-ე გარდაცალებამდე. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ფლობა და მართვა განაგრძო მ. მ-მა და დღემდე ფლობს მას. მოსარჩელის განმარტებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში (მფლობელობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონმა მას მისცა შესაძლებლობა საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით მიემართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის, სადაც წარადგინა იმ დოკუმენტაციის ერთობლიობა, რომელიც მისი კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის კანონიერ საფუძველს წარმოადგენდა, თუმცა კომისიამ #425 განკარგულებით საკუთრების უფლების აღიარებაზე სრულიად უსაფუძვლოდ უთხრა უარი.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კომისიის მიერ უკანონოდ მიღებული #425 განკარგულება არის დაუსაბუთებელი, არ იქნა საქმეში წარდგენილი დოკუმენტები სათანადოდ შესწავლილი და ისე იქნა მიღებული გადაწყვეტილება. აღნიშნული აქტი მას აყენებს გამოუსწორებელ ზიანს. სადავო განკარგულების გამოცემას საფუძვლად დაედო ის ფაქტი, რომ თითქოს მოსარჩელე მ. მ-ი არ ფლობს აღნიშნულ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ საცხოვრებელს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. მოსარჩელის განმარტებით, იგი დღემდე ფლობს აღნიშნულ მიწის ნაკვეთს და ამ ნაკვეთზე მის მიერ აშენებულ სახლს. აღნიშნული კი დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით, ხოლო ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მიერ აშენებულ სახლში სხვა ოჯახი ცხოვრობს, არ შეესაბამება სიმართლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „მიწის ნაკვეთზე მ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 22 მარტის #425 განკარგულება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ქ. თბილისში, ...სა და ...ის ქუჩას შორის მდებარე ქედი #006 ნაკვეთის მიმდებარედ 576 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მ. მ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, ასევე, საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულ იქნა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის გარეშე.

სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში აუცილებელი იყო იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ანალიზი, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა მ. მ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეს, მისი ფართობი ნაკლები იყო თუ არა პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე შესაბამისი დასაბუთებით აუცილებელი იყო იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ანალიზი, მ. მ-ი სარგებლობდა თუ არა თვითნებურად ქ. თბილისში, ...სა და ...ის ქუჩას შორის მდებარე ქედი ნაკვეთი #006-ის მიმდებარედ 576 კვ.მ მიწის ნაკვეთით, რამეთუ აღნიშნულ გარემოებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის გადაწყვეტისათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნავს, რომ მ. მ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მომიჯნავეს, შესაბამისად, აუცილებელია დასტურდებოდეს დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შენობის განთავსება კანონის ამოქმედებამდე და ამ შენობით უშუალოდ მ. მ-ის მიერ ფლობა-სარგებლობა. ამასთან, აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად არ დადგინდა მ. მ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, ადგილზე დათვალიერების შედეგად კომისიამ დაადგინა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ტიპის შენობა, რომელიც დღეის მდგომარეობით ფაქტობრივად დაკავებული აქვს რამდენიმე ფიზიკურ პირს (ოჯახს). მოწმეთა ჩვენებებთან დაკავშირებით კასატორი აღნიშნავს, რომ მას კომისია ვერ მიანიჭებს უდავო მტკიცებულებით ძალას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

განსახილველ შემთხვევაში სადავო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 22 მარტის #425 განკარგულებით მ. მ-ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...სა და ...ის ქუჩას შორის მდებარე ქედი, ნაკვ. #006-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი 576.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე. აღნიშნულ განკარგულებას საფუძვლად დაედო ამავე კომისიის 2018 წლის 12 თებერვლის #644 საოქმო გადაწყვეტილება (დღის წესრიგის 44-ე საკითხი), რომლითაც მ. მ-ს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან არ დასტურდებოდა უშუალოდ განმცხადებლის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, ი/მ დამოუკიდებელი ექსპერტის, აუდიტორის „დ. რ-ის“ 2017 წლის 26 ივნისის #008/6-1 დ.რ. ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ...სა და ...ის ქუჩას შორის მდებარე ქედი, #006 ნაკვეთის მიმდებარედ 576.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული მოქალაქე მ. მ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენებულია გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარში, იმავე პერიოდიდან მოქცეულია იმავე სახურავში, რაც დღეს აქვს, მისი გარეგნული სახე მოწყობის პერიოდის შემდგომ არ შეცვლილა და მისი ასეთ მდგომარეობაში ყოფნის ხანდაზმულობაზე მიანიშნებს მრავალი ელემენტის დღევანდელი სახე.

ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 28 იანვრის ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილი, რომლის თანახმად, ბ. შ-ე, ა. ზ-ი და მ. შ-ე ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ქ. თბილისში, ...სა და ...ის ქუჩას შორის #006 ნაკვეთის მიმდებარე მიწის ფართით - 576.00 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (სამსართულიანი), ნამდვილად აშენებულია და გადახურულია აწ. გარდაცვლილი გ. რ-ისა და მისი მეუღლის - მ. მ-ის მიერ 1997 წელს და 1997 წლიდან ზემოთ ხსენებულ მიწის ფართობს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას ნამდვილად ფლობდა გარდაცვალებამდე გ. რ-ე და მისი გარდაცვალების შემდეგ ფლობს მისი მეუღლე მ. მ-ი.

გასაჩივრებულ განკარგულებაში მითითებულია ის გარემოება, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ტიპის შენობა, რომელიც დღეის მდგომარეობით ფაქტობრივად დაკავებული აქვს რამდენიმე ფიზიკურ პირს (ოჯახს) და შესაბამისად, ცალსახად არ დასტურდებოდა უშუალოდ მ. მ-ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, თუმცა აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილ იქნა 2018 წლის 24 მაისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები, რომელთა თანახმად, ე. ქ-ე და გ. მ-ი განმარტავენ, რომ მ. მ-მა, დროებით, თავშესაფრის არ ქონის გამო, მის საცხოვრებელ სახლში მათ დაუთმო ოთახი და სარგებლობდნენ მისი პირადი, საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთებით, რის გამოც, გამოხატავენ მადლიერებას და განმარტავენ, რომ მისი მოთხოვნისთანავე თანახმანი არიან დატოვონ აღნიშნული სახლი, რომლითაც ფლობს და სარგებლობს მ. მ-ი. მათივე განმარტებით, სწორედ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც დროებით შეიფარა მოსარჩელემ და რომელთა გამოც უარი უთხრა აღიარების კომისიამ საკუთრების უფლების აღიარებაზე, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ადგილზე დათვალიერების დროს ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებმა არ გამოარკვიეს თუ ვინ იყვნენ იქ მაცხოვრებელი პირები და რა იყო მათი იქ დროებით ყოფნის მიზეზი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ადმინისტრაციული ორგანო ფორმალურად მიუდგა საკითხის განხილვას, მის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში სრულყოფილად არ ყოფილა შესწავლილი უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის რეალური მდგომარეობა, კომისიის მიერ საკითხის განხილვისას არ ყოფილა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ არის გამოკვლეული მოცემულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმისათვის კანონით გათვალისწინებული რომელი კონკრეტული საფუძველი არსებობდა, ხოლო ასეთის არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც კი, არ ყოფილა დასაბუთებული რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მივიდა კომისია იმ დასკვნამდე, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არ დასტურდებოდა მ. მ-ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი