#ბს-392(კ-19) 16 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 12 თებერვალს ე. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ 2017 წლის 9 ნოემბრის ოქმის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 21 ნოემბრის #04-10/7001 გადაწყვეტილების, სოციალური დახმარების შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ე. ს-ის ოჯახის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში აღდგენასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, მას უკანონოდ შეუდგინეს „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ 2017 წლის 9 ნოემბრის ოქმი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის მიერ უკანონოდ იქნა მიღებული მისი ოჯახისათვის სოციალური დახმარების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებები.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ე. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2017 წლის 9 ნოემბრის ოქმი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების ცენტრის 2017 წლის 21 ნოემბრის #04-10/7001, 2018 წლის 15 იანვრის #04-10/193 გადაწყვეტილებები. მოპასუხეს მოსარჩელის ოჯახის შეფასებისა და სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალურის მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ე. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ 2017 წლის 9 ნოემბრის ოქმი და სსიპ სოციალურის მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის განმავლობაში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ე. ს-ის სარჩელზე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 21 ნოემბრის #04-10/7001 და 2018 წლის 15 იანვრის #04-10/193 წერილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება, დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები გამოკვლეული, თუმცა ისე, რომ აღნიშნული გარემოებები არ გამოუკვლევია და გადაუწყვეტია, დაავალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის ოჯახის შეფასებისა და სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის აღდგენის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები - დაედგინა მოსარჩელის ოჯახის არსებული დემოგრაფიული მდგომარეობა, ოჯახის სულადობა საარსებო შემწეობის დანიშვნის მიზნებისთვის, უნდა დაედგინა ე. ს-ის ოჯახის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასება დადგენილი წესების შესაბამისად, მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები, რისთვისაც უნდა გამოეყენებინა კანონმდებლობით მინიჭებული ყველა შესაძლებლობა. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად წარმართვას კი, კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია, რამდენადაც სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევას - ე. ს-ის ოჯახის არსებული მდგომარეობის დადგენას, შეფასებას და სათანადო სოციალური გარანტიების მიკუთვნებას, რის შემდეგაც უნდა გადაწყდეს შესაბამისი ოდენობის შემწეობის გაცემის საკითხი.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, იმსჯელა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რაობაზე, განმარტა მისი აუცილებელი ელემენტები და მიიჩნია, რომ სადავო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 21 ნოემბრის #04-10/7001 და 2018 წლის 15 იანვრის #04-10/193 წერილები არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რამეთუ მათ საფუძველზე არ ხდება სადავო საკითხის მოწესრიგება, პირისთვის გარკვეული უფლების წარმოშობა, შეწყვეტა, შეცვლა ან დადასტურება. პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული წერილები არის მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის, რომელთა საფუძველზეც მოხდა არა რაიმე საკითხის მოწესრიგება, მოსარჩელისთვის კონკრეტული შედეგის წარმოშობა, არამედ განმარტებულ იქნა რომელი ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები გახდა მოსარჩელისთვის კომპენსაციის გაცემის შეჩერების, შემდგომში კი - შეწყვეტის მიზეზი. ამასთანავე, პალატამ აღნიშნა, რომ კომპენსაციის გაცემის შეწყვეტა, რომლის კანონიერებაზეც დავობს მოსარჩელე, არ განხორციელებულა სადავო წერილებით. სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებზე მითითებით მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნათა ნაწილი დაუშვებელია, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში შეწყვიტა საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს #225/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის 15.4 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სააგენტოს წარმომადგენელს 2017 წლის 27 ოქტომბერს მოსარჩელის ოჯახში ვიზიტისას არ მიეცა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების შესაძლებლობა. ანალოგიური ფაქტი განმეორდა განმეორებითი ვიზიტის დროსაც.
კასატორის მითითებით, კანონმდებლობით არ არსებობს ოჯახის წევრის განსაზღვრის შესახებ რაიმე დოკუმენტის შედგენის ვალდებულება, ამასთან, ე. ს-ის ოჯახის სხვა სრულწლოვან წევრებს ოჯახის უფლებამოსილი პირის დადგენასთან დაკავშირებით პრეტენზია არ განუცხადებიათ.
საკასაციო საჩივარში მითითებულია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის #126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის #141/ნ ბრძანებით დამტკიცებულ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-3 მუხლი, ამავე წესის მე-14 მუხლი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს #225/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს #225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლება აქვს შეაჩეროს საარსებო შემწეობის გაცემა, ნებისმიერ ეტაპზე, თუ ოჯახი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას, მათ შორის, სახელმწიფო საზღვრის ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით კვეთის დაფიქსირებისას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის შეჩერების შემთხვევაში, სააგენტო, შეჩერებიდან ერთი თვის განმავლობაში, უზრუნველყოფს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებას, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. შეფასების შედეგების გათვალისწინებით სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შეჩერებული საარსებო შემწეობის გაცემის გაგრძელების (აღდგენის) ან შეწყვეტის თაობაზე.
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სააგენტოს აცნობა, რომ 2017 წლის 15 ივლისს ე. ს-ის ოჯახის წევრმა - თ. ბ-ემ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი. შედეგად, ე. ს-ის ოჯახს სოციალური დახმარების მიცემა შეუჩერდა 2017 წლის 16 ოქტომბრიდან, თუმცა საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერება მოხდა ფაქტობრივად და არა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. თუმცა, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობის შემდეგ, საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერება უნდა მომხდარიყო არა უბრალოდ ფაქტობრივი ქმედებით, არამედ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება.
ამასთანავე, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ 2017 წლის 9 ნოემბრის ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა იმ საფუძვლით, რომ ე. ს-ის ოჯახში განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილების საფუძველზე ოჯახში ვიზიტისას უფლებამოსილ პირებს არ მიეცათ კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების განხორციელების შესაძლებლობა, ოჯახმა სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ მისცა ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის #141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოჯახში ვიზიტისას სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეხვდეს და გაესაუბროს ოჯახის წევრებს (სასურველია ყველას), რათა შეიქმნას ზოგადი შთაბეჭდილება მოცემული ოჯახის შესახებ. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზიტისას ინტერვიუს დაწყებამდე ოჯახის წევრები ასახელებენ ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელთანაც წარიმართება ინტერვიუ.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის #141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-14 მუხლის ანალიზით დგინდება, რომ ოჯახის წევრებმა ხელი არ უნდა შეუშალონ სააგენტოს უფლებამოსილ წარმომადგენელს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, შეივსოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმი, რომელიც ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში სწორედ აღნიშნული საფუძვლით შედგა გასაჩივრებული ოქმი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მართალია, ე. ს-მა სააგენტოს წარმომადგენლებს არ მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია, მაგრამ თავად ოქმის შემდგენი პირის განმარტების მიხედვით, მოსარჩელის ოჯახში ვიზიტისას მას ასევე დახვდა ოჯახის სრულწლოვანი წევრი - გ. ბ-ე, თუმცა მასთან არც კი მომხდარა ინტერვიურება და ინფორმაციის მოძიება. ამდენად, ერთი მხრივ, საყურადღებოა, რატომ იქნა უშუალოდ ე. ს-ი მიჩნეული ოჯახის უფლებამოსილ პირად, მეორე მხრივ კი, სააგენტოს თანამშრომელს უნდა ეცადა მაინც ოჯახის სხვა წევრებისგან ინფორმაციის მიღება. გარდა ამისა, საცხოვრისში შეშვებაზე უარის თქმის მიუხედავად, სააგენტო უფლებამოსილი იყო, რომ სახლის გარეთ, თუნდაც ადმინისტრაციულ ორგანოში მიწვევის ფორმით, მოეხდინა ოჯახის წევრებთან ინტერვიუირება. ამრიგად, სოციალური აგენტის ვალდებულებას წარმოადგენდა მოეპოვებინა როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური ინფორმაცია, ასევე, გამოეკითხა ოჯახის ყველა სრულწლოვანი პირი, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევას - ე. ს-ის ოჯახის არსებული მდგომარეობის დადგენას, შეფასებას და სათანადო სოციალური გარანტიების მიკუთვნებას, რის შემდეგაც უნდა გადაწყდეს შესაბამისი ოდენობის შემწეობის გაცემის საკითხი.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი