ბს-589-589 (კ-19) 16 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2018 წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
21.01.2015წ. დ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: სსიპ სერვისების განვითარების საააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის და ა. მ-ის მიმართ ა. მ-ისა და ნ. შ-ოს შორის 2000 წლის 18 ივლისს განხორციელებული ქორწინების რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თელავის რაიონული სასამართლოს 23.12.2015წ. განჩინებით მოსარჩელე დ. ა-ის გარდაცვალების გამო მის უფლებამონაცვლედ მიჩნეული იქნა ი. შ-ო.
თელავის რაიონული სასამართლოს 02.11.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2000 წლის 18 ივლისს ა. მ-ისა და ნ. შ-ოს შორის ქორწინების რეგისტრაციის შესახებ სსიპ სერვისების განვითარების საააგენტოს თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ჩანაწერი.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2018წ. განჩინებით ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 02.11.2016წ. გადაწყვეტილება. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-მა.
კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას და სზაკ-ის მე-2, 32-34-ე, 601 მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს დასაბუთებას სარჩელის დასაშვებობასა და კანონიერ ნდობაზე, აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობის კანონიერებაზე, როდესაც ა. მ-ი წლების განმავლობაში სარგებლობდა აღნიშნული აქტით მინიჭებული უფლებით კომპენსაციის მიღების გზით. სადავო აქტით არ დასტურდება მოსარჩელისათვის არსებითი ზიანის მიყენების ფაქტი და სახეზე არ არის გასაჩივრებული აქტის გამოცემისას არსებითი დარღვევა. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებისას ქორწინება მიიჩნია ფიქციურად, თუმცა არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის 1145-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად ფიქციური ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვს სერვისების განვითარების სააგენტოს ან დაქორწინებულ მხარეს, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, მოსარჩელე არის ა. მ-ის გარდაცვლილი მეუღლის დედა, რომლის მონაწილეობით იქნა დადგენილი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი ქორწინების ფაქტის დადასტურების შესახებ და მისთვის ცნობილი იყო გასაჩივრებული ქორწინების რეგისტრაციის შესახებ. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხემ - სერვისების განვითარების სააგენტომ მხარი არ დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას. ქორწინების 2000 წელს რეგისტრაცია განხორციელდა კანონიერად, სასამართლოს მიერ იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად, რაც ა. მ-ს ესაჭიროებოდა სოციალური შეღავათის მისაღებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დგინდება ნ. შ-ოს გარდაცვალება 09.07.1993წ. და ა. მ-სა და ნ.შ-ოს შორის ქორწინების რეგისტრაცია 2000 წელს, როდესაც ნ. შ-ო იყო გარდაცვლილი, აღნიშნული ქრონოლოგიიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შეუძლებელი იყო გარდაცვლილ პირს - ნ. შ-ოს გამოეხატა ნება ქორწინებასთან დაკავშირებით, რაც ქორწინების რეგისტრაციის დროსათვის მოქმედი სამოქალაქო კოდექსის რედაქციით დადგენილი დაქორწინების წესების თანახმად სავალდებულო პირობას წარმოადგენდა და სამოქალაქო კოდექსის ამჟამად მოქმედი რედაქციაც იგივე პირობას ითვალისწინებს (სკ-ის 1106-1107-ე მუხ.). საკასაციო პალატა თვლის, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა გარდაცვლილ პირთან ქორწინების რეგისტრაციის დაუშვებლობის თაობაზე. სასამართლოს დასკვნა შესაბამისობაშია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებთან, აგრეთვე ქორწინების რეგისტრაციის დროს მოქმედი „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მოთხოვნებთან, რომლითაც დადგენილი იყო, რომ ქორწინების რეგისტრაციის საფუძველია დაქორწინების მსურველ პირთა განცხადება (37-ე მუხ.), რომლებიც პირადად წარადგენენ აღნიშნულის შესახებ განცხადებას (მე-40 მუხ.), ქორწინების რეგისტრაცია წარმოებს დასაქორწინებელ პირთა და ორი მოწმის თანდასწრებით (44-ე მუხ.), რასაც დასაქორწინებელი პირები და მოწმეები ადასტურებენ ხელის მოწერით. სადავო ქორწინების რეგისტრაცია არ აკმაყოფილებდა ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს, რაც მართებულად გახდა ქორწინების რეგისტრაციის აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, ქორწინების რეგისტრაციის შესახებ აქტი არ შეიცავს მითითებას მისი გამოცემის საფუძვლების შესახებ, არ დასტურდება მისი მიღება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, როგორც ამას მიუთითებს კასატორი. დაუსაბუთებელია აგრეთვე კანონიერ ნდობაზე მითითებით გასაჩივრებული რეგისტრაციის გაუქმების დაუშვებლობის შესახებ კასატორის მსჯელობა, ვინაიდან არ არსებობს ისეთი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ კანონიერი ნდობა, რომლის გამოცემასაც საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება (სზაკ-ის 6011 მუხ.). იმ პირობებში, როდესაც 2000 წელს ნ. შ-ო იყო გარდაცვლილი და აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო ა. მ-ისთვის, ქორწინების რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნის წარდგენა ქორწინების მარეგისტრირებელ ორგანოში ადასტურებს უკანონო მოქმედების არსებობას, რაც გამორიცხავს კანონიერ ნდობაზე მითითებით უკანონო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შენარჩუნებას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოთმითითებული გარემოებებით დასტურდება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილი მოთხოვნების ისეთი არსებითი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება (საზკ-ის 6011 მუხ.), რაც მართებულად იქნა მიჩნეული აქტის ბათილად ცნობის საკმარის საფუძვლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს ა. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.2018წ. განჩინება;
3. დ. ხ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ ა.მ-ის საკასაციო საჩივარზე 12.07.2018წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70%, 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი