Facebook Twitter

ბს-211 (კ-19) 20 ივნისი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2018წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. კ-ემ 27.03.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ აუნაზღაურებელი ერთჯერადი დახმარების 7000 ლარის ანაზღაურების დავალებისა და მოსარჩელის მიერ გადახდილი საადვოკატო მომსახურების თანხის - 500 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.05.2018წ. გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ლ. კ-ის სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების ანაზღაურება 7000 ლარის ოდენობით, ლ. კ-ეს უარი ეთქვა წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2018წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.05.2018წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. N560 ბრძანების თანახმად ერთჯერადი გასაცემლისათვის სავალდებულოა სამხედრო მოსამსახურესთან, რომელიც გადიოდა სამხედრო სამსახურს 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე, კონტრაქტის დასრულების შემდგომ კვლავ იქნას გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ). ამავდროულად, კონტრაქტი უნდა ითვალისწინებდეს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან დახმარების გაცემის ვალდებულებას, რომლის ანაზღაურების საკითხი დაკავშირებულია კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლასთან. მოცემულ შემთხვევაში ლ. კ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 07.04.2012წ. გაფორმებული კონტრაქტი არ დასრულებულა ვადის გასვლის გამო, არამედ შეწყდა ვადაზე ადრე მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ხოლო ლ. კ-ესთან 08.10.2012წ. გაფორმებული კონტაქტი აღარ ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. კასატორმა მიუთითა, რომ ლ. კ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 08.10.2016წ. 4 წლის ვადით გაფორმებული კონტრაქტი მართალია ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, თუმცა ამჟამად მისი მოქმედების ვადა დასრულებული არ არის, შესაბამისად არ არსებობს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. N560 ბრძანების 471 პუნქტის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი (ზემოაღნიშნული ბრძანების 471 პუნქტის ა.ბ. ქვეპუნქტი). მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ. კ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 07.04.2008წ. გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული ოთხწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ 07.04.2012წ. დადებული კონტრაქტი შეწყდა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე და არა კონტრაქტის პირობების დარღვევისათვის. თუმცა იმავე წელს, კერძოდ 08.10.2012წ. ლ. კ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ოთხი წლის ვადით გაფორმდა "საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტი. შესაბამისად, 2009 წლის პირველი მარტის შემდგომ ლ. კ-ემ ოთხი წლის ვადით კვლავ გააგრძელა სამხედრო სამსახური, კერძოდ 08.10.2012წ. დადებული კონტრაქტის საფუძველზე, რომლის ვადაც ამოიწურა 08.10.2016წ. და წარმოეშვა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება. საკასაციო პალატა ერთჯერადი დახმარების გაცემის კონტრაქტის პირობებით გათვალისწინების სავალდებულოობასთან დაკავშირებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 07.03.2017წ. N14 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. N560 ბრძანებაში და დამატებული 476 პუნქტით განისაზღვრა სამინისტროს მხრიდან ერთჯერადი დახმარების გაცემა იმ შემთხვევაში თუ ამგვარ ვალდებულებას კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ცვლილებით დადგენილი დანაწესი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე, რამეთუ ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში ნორმატიული აქტის უკუძალა დადგენილი არ არის, ხოლო კასატორს არ წარმოუდგენია რაიმე მოსაზრება ან დასაბუთება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 07.03.2017წ. N14 ბრძანებით განსაზღვრული ცვლილების გამოყენების აუცილებლობაზე. შესაბამისად ლ. კ-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე ვრცელდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. N560 ბრძანების მხოლოდ 471 და 472 პუნქტები. ამდენად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არ შესრულებულა ზემოაღნიშნული ბრძანებით გათვალისწინებული ვალდებულება, რაც სსკ-ის 394-ე და 404-ე მუხლების თანახმად ქმნიდა ლ. კ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი