Facebook Twitter

#ბს-382(კ-19) 20 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 22 მაისს მ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 26 აპრილის MOD 7 17 00000438 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ერთჯერადი დახმარების სახით - 7 000 ლარის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მას შორის 2013 წლის 7 თებერვალს გაფორმდა „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი. 2017 წლის 7 თებერვალს ვადა გაუვიდა მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც 2017 წლის 30 იანვრის ბრძანებით მ. ბ-ეს გაუფორმდა ახალი, ოთხწლიანი ხელშეკრულება. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 26 აპრილის ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 30 იანვრის ბრძანება.

2013 წელს გაფორმებული კონტრაქტის 11.2 მუხლის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელი იყო ურთიერთშეთანხმებისა და ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის გაფორმების გზით. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა 2017 წლის 26 აპრილის ბრძანებით გამოიწვია ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა, რასაც მოსარჩელე დაუშვებლად მიიჩნევს. მოსარჩელის მოსაზრებით, 2017 წლის 26 აპრილის ბრძანება ბათილია, ვინაიდან არ გამომდინარეობს მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტიდან. აღნიშნული ბრძანებით მოპასუხე ცდილობს თავი აარიდოს ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაციის თანხის გაცემას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 26 აპრილის #MOD 7 17 00000438 ბრძანება; მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მ. ბ-ის სასარგებლოდ 7 000 ლარის ოდენობით ერთჯერადი დახმარების გაცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, 2012 წლის 26 ივლისს მოსარჩელე დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან, ხოლო 2012 წლის 8 ოქტომბერს კვლავ იქნა გაწვეული შეიარაღებულ ძალებში, თუმცა მოცემული ბრძანებები ბათილად იქნა ცნობილი, ამასთან, მოსარჩელე ფაქტობრივად ახორციელებდა სამხედრო საქმიანობას. ამდენად, მიუხედავად პარალელურად სამხედრო სამსახურის შესახებ 2013 წლის 7 თებერვლის კონტრაქტის დადებისა, 2011 წლის 15 აგვისტოს კონტრაქტი ითვლებოდა კანონიერად და მოქმედად. აღნიშნული დასტურდება როგორც მ. ბ-ის შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნისა და კვლავ გაწვევის ბრძანებების ბათილად ცნობით, ისე J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის მენეჯმენტის სამმართველოს გენერალური შტაბის დაკომპლექტების განყოფილების ... - გ. გ-ის 2017 წლის 25 აპრილის #MOD 2 17 00378020 მოხსენებითი ბარათით, რომელშიც მითითებულია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 1 ოქტომბრის #2703 და #2704 ბრძანებებით საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 26 ივლისისა და 8 ოქტომბრის #3018 ბრძანებებში შეტანილი იქნა ცვლილებები და მ. ბ-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნისა და შემდგომში - გაწვევის პუნქტები ბათილად იქნა ცნობილი. მოხსენებით ბარათში მითითებულ იქნა, რომ კონტრაქტის ვადის ათვლის თარიღად უნდა განსაზღვრულიყო 2005 წლის 15 აგვისტო, რის თანახმადაც, #50709 კონტრაქტის თარიღი - 07.02.2013წ. უნდა შეცვლილიყო და წაკითხულიყო 15.08.2015წ. ამდენად, 2011 წლის 15 აგვისტოს კონტრაქტის საფუძველზე მოსარჩელემ იმსახურა რა ოთხი წელი, 2015 წლის 15 აგვისტოს მას წარმოეშვა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანების 47-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო მოსარჩელის მოთხოვნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 30 იანვრის #MOD 7 17 00000087 ბრძანებით დგინდება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის …ს (საშტატო კატეგორია „უმცროსი სერჟანტი“; შტატი #...), სერჟანტ - მ. ბ-ეს, რომელსაც 2017 წლის 7 თებერვალს დაუმთავრდა კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა (4 წელი), გაუფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის #122 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი „კაპრალ-სერჟანტთა თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 2017 წლის 7 თებერვლიდან 2021 წლის 7 თებერვლამდე.

განსახილველ შემთხვევაში სადავოა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 26 აპრილის MOD 7 17 00000438 ბრძანების კანონიერება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 30 იანვრის #MOD7 17 00000087 ბრძანება მისი ძალაში შესვლის დღიდან. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მოპასუხისთვის 7000 ლარის ოდენობით მიუღებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების დავალება.

სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანების (ძალადაკარგულია - 15.01.2018წ.) 471 პუნქტის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე სამხედრო მოსამსახურემ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ ერთჯერადი გასაცემლის ვალდებულების წარმოშობისათვის სამხედრო მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახური 4-წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ უნდა იქნეს გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ), კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული და ახალი კონტრაქტის დადებამდე არ უნდა იყოს 2 წელზე მეტი გასული.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით დგინდება, რომ 2005 წლის 15 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. ბ-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) „თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 4 წლის ვადით, შემდგომ 2009 წლის 15 აგვისტოს გაფორმდა კონტრაქტი „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ორი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, შემდგომ 2011 წლის 15 აგვისტოს დაიდო კონტრაქტი „სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში რიგითების, კაპრალების, სერჟანტების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 4 წლის ვადით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 26 ივლისისა და 2012 წლის 8 ოქტომბრის ბრძანებებში ცვლილების შეტანის გზით ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნისა და გაწვევის პუნქტები. მოსარჩელე ფაქტობრივად ახორციელებდა სამხედრო საქმიანობას, რაც დასტურდება როგორც მ. ბ-ის შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნისა და კვლავ გაწვევის ბრძანებების ბათილად ცნობით, ისე J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის მენეჯმენტის სამმართველოს გენერალური შტაბის დაკომპლექტების განყოფილების ... - გ. გ-ის 2017 წლის 25 აპრილის #MOD 2 17 00378020 მოხსენებითი ბარათით, რომელშიც მითითებულია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 1 ოქტომბრის #2703 და #2704 ბრძანებებით საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 26 ივლისისა და 8 ოქტომბრის #3018 ბრძანებებში შეტანილი იქნა ცვლილებები და მ. ბ-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნისა და შემდგომში - გაწვევის პუნქტები ბათილად იქნა ცნობილი. ამდენად, მიუხედავად პარალელურად სამხედრო სამსახურის შესახებ 2013 წლის 7 თებერვლის კონტრაქტის დადებისა, 2011 წლის 15 აგვისტოს კონტრაქტი ითვლებოდა კანონიერად და მოქმედად. 2011 წლის 15 აგვისტოს კონტრაქტის საფუძველზე მოსარჩელემ იმსახურა რა ოთხი წელი, 2015 წლის 15 აგვისტოს მას წარმოეშვა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის #14 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანებაში და მას დაემატა 476 პუნქტი. მართალია, აღნიშნული ცვლილების შედეგად, ბრძანების 476 პუნქტით განისაზღვრა, რომ 472 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ მას უკუძალა არ აქვს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მითითებული ცვლილებით დადგენილი დანაწესი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სადავო აქტის ბათილად ცნობისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 7 000 ლარის ოდენობით მიუღებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების დავალების თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი