Facebook Twitter

ბს-561 (უს-19) 20 ივნისი , 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2019წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ შემოსავლების სამსახურმა 19.09.2018წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - შპს „…ას“, ა. კ-ისა და დ. ა-ის მიმართ, მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად ცნობის მოთხოვნით. ამავე სარჩელით მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვა ყადაღის დადება მოპასუხე ა. კ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ 1) 50%-იან წილზე შპს „...ას“ (ს/ნ ...) კაპიტალში; 2) 100%-იან წილზე შპს „ნ...ის“ (ს/ნ ...) კაპიტალში; 3) 25%-იან წილზე შპს „კ...ის“ (ს/ნ ...) კაპიტალში; 4) 100% წილზე შპს „პ...ის“ (ს/ნ ...) კაპიტალში; 5) მოპასუხე დ. ა-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ს/კ ...; 6) უძრავ ქონებაზე ს/კ ...; 7) უძრავ ქონებაზე ს/კ ...; 8) უძრავ ქონებაზე ს/კ ...; 9) უძრავ ქონიბაზე ს/კ ...; 10) უძრავ ქონებაზე ს/კ ...; 11) უძრავ ქონებაზე ს/კ ...; 12) ავტომანქანაზე X5 XDRIVE 351 სახ. ნომრით ...; 13) ცეცხლსასროლ თოფზე FABARM იარაღის ნომერი ...; 14) რევოლვერზე HOLEK 820 იარაღის ნომერი ...; 15) 50%-იან წილზე შპს „...ას“ (ს/ნ ...) კაპიტალში; 16) 44%-იან წილზე შპს „ბ...ის“ (ს/ნ ...) კაპიტალში; 17) 25%-იან წილზე შპს „კ...ის“ (ს/ნ ...) კაპიტალში; 18) 70%-იან წილზე შპს „კო...ის“ (ს/ნ ...) კაპიტალში; 19) 100%-იან წილზე შპს „ვ...ის“ (ს/ნ ...) კაპიტალში; 20) საბანკო ანგარიშზე სს „...ში“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.09.2018წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა სარჩელის უზღუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სსიპ შემოსავლების სამსახურმა 01.10.2018წ. საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.09.2018წ. განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.10.2018წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2018წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.09.2018წ. განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის თაობაზე და 29.10.2018წ. განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და მისი ზემდგომ სასამართლოში გადმოგზავნის თაობაზე; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა და ყადაღა დაედო მოპასუხე ა. კ-ის 50%-იან წილზე შპს „...ში“ (ს/ნ ...), ასევე ყადაღა დაედო დ. ა-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებას: 1) უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ... N70, ს/კ ...; 2) უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ... N70, ს/კ ...; 3) უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ... N70, ს/კ ...; 4) უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ...ას ქ. N5, ს/კ ...; 5) უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ... N70, ს/კ ...; 6) უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, სოფელი დიღომი, ..., N23, ს/კ ...; 7) უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ... N70, ...; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოპასუხე დ. ა-ის წარმომადგენელმა ქ. ზ-მა 21.02.2019წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის მოთხოვნით. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.11.2018წ. განჩინებით დაყადაღებული ქონების მთლიანი ღირებულება შეადგენს დაახლოებით 8 000 000 (რვა მილიონ) ლარს. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ შპს „...ას“ საგადასახადო დავალიანება 24.07.2018 წლის მდგომარეობით შეადგენს 87 893,96 ლარს, ხოლო დავის დასრულებისათვის დავალიანების სავარაუდო ოდენობა საშუალოდ 103 218 ლარი იქნება. განმცხადებელმა მიუთითა 1961.1 მუხლზე, მოითხოვა უზრუნველყოფის საგნის შეცვლა და სასამართლო დავის დასრულებამდე დ. ა-ისათვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისი, ...ას ქ. N5 ს/კ ...) გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა. განცხადებას თან ერთვოდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების შეფასების დასკვნა, რომლის მიხედვითაც ქონების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 404 000 (ოთხასოთხი ათას) ლარი. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ქონების ღირებულება დავის დასრულებისათვის შემოსავლების სამსახურის ქონებრივ ინტერესს დაახლოებით 4-ჯერ აღემატება. შემოთავაზებული უზრუნველყოფის სახეც (გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა) შესაბამისობაშია უზრუნველყოფის ღონისძიების, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტის მთავარ პრინციპთან - აღსრულდეს სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო ყადაღა გაუმართლებლად ხელყოფს მოპასუხის ინტერესს, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც დაყადაღებული ქონების ნაწილი გაცემულია იჯარით. ამდენად, სახეზეა სსსკ-ის 1961.1 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის საგნის სარჩელის ტოლფასი სხვა ქონების შეცვლის წინაპირობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2019წ. განჩინებით დ. ა-ის წარმომადგენლის ქ. ზ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ყადაღა მოეხსნა უძრავ ქონებას მდებარე: 1) ქ. თბილისი, … N70, ს/კ …; 2) ქ. თბილისი, … N70, ს/კ …; 3) ქ. თბილისი, … N70, ს/კ …; 4) ქ. თბილისი, … N70, ს/კ …; 5) ქ. თბილისი, სოფელი დიღომი, …, N23, ს/კ …; 6) ქ. თბილისი, … N70, … .

სსიპ შემოსავლების სამსახურმა 18.03.2019წ. საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2019წ. განჩინების გაუქმება მოითხოვა. სსიპ შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის სრულყოფილად გამოკვლეული და არსებითად შეფასებული სარჩელის ფასისა და ყადაღადადებული ქონებების ღირებულების შესაბამისობის, ჩანაცვლების მოთხოვნით წარმოდგენილი უძრავი ქონების დავის დასრულებისათვის არსებული ღირებულების საკითხი. ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით ერთ-ერთი უძრავი ქონების ღირებულება არის 404 000 ლარი, არ გულისხმობს, რომ დავის დასრულებისათვის აღნიშნული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება იგივე იქნება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული უძრავი ქონების ბაზარი და სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებების საფუძველზე განპირობებული ფასების ცვალებადობა. შესაძლებელია დავის დასრულებისათვის ქონება გაცილებით ნაკლები ღირებულების იყოს, რაც სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში შეუძლებელს გახდის კრედიტორის ინტერესების დაკმაყოფილებას, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება მოსარჩელეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.2019წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2019წ. განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2019წ. განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოსთვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადებით მიმართვის უფლება და განსაზღვრულია ამ უფლების რეალიზაციის წესი. კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზნად ისახავს, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების ფაქტობრივი აღსრულების გაჭიანურების ან დაბრკოლების თავიდან აცილებას ემსახურება. სარჩელის უზრუნველყოფა მთლიანად მოტივირებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფით, სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსალოდნელი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობით, მისი გარდაუვალობით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ცრუმაგიერ პირებად აღიარება, რაც დაკავშირებულია გადასახადების ამოღებასთან. დადგენილია, რომ საგადასახადო დავალიანება სარჩელის მიხედვით შეადგენს 87 893,96 ლარს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 1961.1 მუხლის თანახმად, ყადაღადადებული ქონების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის ფასს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოპასუხე ერთადერთი ნივთის მესაკუთრეა. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის მიზნით, სასამართლოს სარჩელის ფასის ტოლფასი სხვა ქონება შესთავაზოს. სასამართლოს საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებაში ცვლილების შეტანა გამართლებულია და გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების, თუ შეუძლებლობის საფრთხე არ დასტურდება. აღნიშნულის გადაწყვეტის წინაპირობა უზრუნველყოფის ღონისძიების მართებულობის, მხარეთა ინტერესების შესაძლო შელახვისა და სარჩელის საფუძვლიანობის წინაპირობების ურთიერთშეჯერება და ერთობლივად განხილვა-გადაწყვეტაა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მხარეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ბალანსის გონივრულად შეფასების პირობებში, სააპელაციო პალატის მიერ მართებულად დაკმაყოფილდა ნაწილობრივ დ. ა-ის წარმომადგენლის ქ. ზ-ის შუამდგომლობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დ. ა-ის მიერ წარმოდგენილ იქნა ქ. თბილისში, …ას ქ. N5-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ …) შეფასების დასკვნა, რომლის მიხედვითაც ზემოაღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენდა 404 000 ლარს. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც საგადასახადო დავლიანება სარჩელის მიხედვით წარმოადგენს 87 893.96 ლარს, მოპასუხის მიერ შეთავაზებული ქონების ღირებულება მოთხოვნის თანაზომიერია და უზრუნველყოფს მოსარჩელის ინტერესის დაცვას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ან აღსრულების გაძნელების რისკების მინიმუმამდე დაყვანას, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებასა და მოპასუხის ინტერესს შორის. სარჩელის უზრუნველყოფის არსიდან გამომდინარე, სასამართლო არჩევს უზრუნველყოფის ღონისძიებას სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე. უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამგვარად მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. დაუსაბუთებელია საჩივრის ავტორის - სსიპ შემოსავლების სამსახურის აპელირება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების არამართლზომიერებაზე. საჩივარში წარმოდგენილი მოტივაცია ემყარება იმ გარემოებას, რომ შპს „…ას“ (ს/კ …) დავალიანება შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს დავის დასრულებამდე, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დაყადაღებული ქონება ვეღარ უზრუნველყოფს კრედიტორის ინეტერესების დაკმაყოფილებას, რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მოსარჩელეს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჩივარში მოყვანილი მსჯელობა დაუსაბუთებელი, აბსტრაქტული და ზოგადი ხასიათისაა, საჩივრის ავტორი ვერ უთითებს კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებზე, რაც გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების არამართებულობაზე მიუთითებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ყადაღადადებული ქონების (ს/კ …) ღირებულება გონივრულ შესაბამისობაშია საგადასახადო დავალიანების თანხასთან, შესაბამისად არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2019წ. განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 -ე, 419-ე, 420-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე : ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი