Facebook Twitter

ბს-788-788 (კ-18) 20 ივნისი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ლ-მა 26.08.2016წ. სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურის, თ. და ჯ. ლ-ების მიმართ უძრავი ნივთის 10.11.2015წ. ნასყიდობის ხელშეკრულების (რეგისტრაციის ნომერი N...) გაუქმების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.07.2016წ. N... გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონების, წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, გ. ლ-ის საკუთრებად აღრიცხვის მოთხოვნით.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 31.08.2016წ. განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისი.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 24.02.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ლ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის მიმდინარეობისას გ. ლ-მა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები, კერძოდ მოითხოვა: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 5006 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობის (ს.კ. N...) თ. ლ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურის 02.11.2015წ. N... გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 27.07.2016წ. N... გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, თ. და ჯ. ლ-ებს შორის 10.11.2015წ. N... უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების და მის საფუძველზე ჯ. ლ-ის სახელზე N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურის 28.11.2015წ. N... გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ასევე მითითებული უძრავი ქონების 1/2 წილზე გ. ლ-ის საკუთრების უფლების აღრიცხვის მოპასუხეზე დავალება. აპელანტმა დააზუსტა ასევე მოპასუხეთა წრე და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიუთითა ერთ-ერთ მოპასუხედ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2017წ. განჩინებით გ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 24.02.2017წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ლ-მა.

კასატორმა აღნიშნა, რომ 1986-1995 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერების მიხედვით იგი ირიცხება მამის, გ. ლ-ის კომლში, როგორც შვილი და ცალკე კომლად ფიქსირებული არ არის. მასთან ერთად კომლში ასევე ირიცხებოდნენ კომლის უფროსი მამა - გ. ლ-ი, დედა - ლ. ლ-ი, ძმა - ჯ. ლ-ი, რომელიც ამოწერილია კომლიდან. საკომლო ჩანაწერების მიხედვით კასატორის, გ. ლ-ის კომლს ერიცხება 1950 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი 1,2 ჰა ოდენობით, ცალკე გამოყოფილი კომლი არ ყოფილა. კასატორი აღნიშნავს, რომ ბუნდოვანია ძმებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რადგან თ. ლ-ს არ შესწევს უნარი გამოხატოს ნება დამოუკიდებლად. არაკანონიერია კომლის წევრების ქონების გაყიდვა და კომლის ერთ-ერთი წევრის უსახლკაროდ დატოვება. საკომლო ჩანაწერები და საარქივო ცნობა უნდა გამხდარიყო უძრავ ქონებაზე გ. ლ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი. ასევე ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა უკანონოდ არ დაკითხეს მითითებული მოწმეები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ. ლ-ი 1996 წლიდან გამოყოფილია ცალკე კომლად. კასატორის სახელზე 18.11.1993წ. გაცემულია N69 მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო 20.09.2001წ. - საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა. ზემოაღნიშნულ გარემოებას ასევე ადასტურებს 06.04.2016წ. და 16.05.2016წ. გაცემული საარქივო ცნობები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა კი უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტების გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. აღსანიშნავია, რომ კასატორს - გ. ლ-ს წინამდებარე დოკუმენტების საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული აქვს 2000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ამდენად უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ იგი ცალკე კომლად არ ყოფილა რეგისტრირებული და წარმოადგენს მამის - გ. ლ-ის კომლის სახელზე აღრიცხული ქონების თანამესაკუთრეს. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ კასატორმა მამის საკომლო ქონებაზე თანასაკუთრების უფლება ცალკე კომლად გამოყოფის დღიდან (1996 წლიდან) დაკარგა, შესაბამისად არ არსებობს N... საკადასტრო კოდზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რამეთუ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახური ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე თ. ლ-ის და შემდგომში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ჯ. ლ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს მოქმედებდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ თ. ლ-ის მიერ წარდგენილი იყო შესაბამისი უფლების დამდგენი დოკუმენტები, მათ შორის მიღება-ჩაბარების აქტი N74, ასევე საარქივო ცნობა, რომლის მიხედვითაც გ. ლ-ი აღარ ფიქსირდებოდა მამის კომლის შემადგენლობაში. ასევე კასატორმა ვერ მიუთითა და შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ვერცერთი გარემოება. ამდენად, არ არსებობს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სადავო უძრავ ქონებაზე განხორციელებული პირველადი და შემდგომი რეგისტრაციების ბათილად ცნობის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2017წ. განჩინება;

3. ნ. მ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს გ. ლ-ის საკასაციო საჩივარზე 22.08.2018წ. N1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი