საქმე Nბს-862 (კ-18) 20 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. ც-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2018წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ც-მა 06.10.2016წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 05.04.2016წ. N15/5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ე. ც-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 09.09.2016წ. N2268619 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე თ. ლ-ის (დაბ. ...წ.) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ("პოლიციის შესახებ" კანონის 50.11 მუხ.) დაღუპვის ფაქტის დადასტურების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.04.2017წ. გადაწყვეტილებით ე. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 05.04.2016წ. N15/5 გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 09.09.2016წ. N2268619 წერილობითი მიმართვა ე. ც-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე თ. ლ-ის (დაბ. ...წ.) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ("პოლიციის შესახებ" კანონის 50.11 მუხ.) დაღუპვის ფაქტის დადასტურების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2018წ. გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.04.2017წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მოსარჩელე ე. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ც-მა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. კასატორის მოსაზრებით, განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს მიერ ,,პოლიციის შესახებ’’ კანონის 50-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და ამავე კანონის 11 პუქტის არასწორად განმარტებამ გამოიწვია უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა. პოლიციის კაპიტანი თ. ლ-ი გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში თ. ლ-ი არ აღმოჩნდებოდა შემთხვევის ადგილას და არ დადგებოდა მძიმე შედეგი. "პოლიციის შესახებ" კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებად განიხილება სამართალდარღვევის აღკვეთა და დამნაშავეობასთან ბრძოლა, რაც პოლიციის მიერ სამსახურებრივი მისიის შესრულებას გულისხმობს დანაშაულის აღკვეთის მიზნით. სწორედ სამსახურებრივი მისიის შესრულების ფარგლებში გადაადგილდებოდა თ. ლ-ი, რა დროსაც დადგა კონკრეტული შედეგი, კერძოდ სპეციალური სამსახურებრივი დავალების საფუძველზე იგი იმყოფებოდა ოპერატიული დავალების შესასრულებლად, რამაც უშუალოდ გამოიწვია მისი გარდაცვალება. ე. ც-ის სარჩელზე სრულად უარის თქმა ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონის 5.3 მუხლი ითვალისწინებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრისათვის სახელმწიფო კომპენსაციის სახით ყოველთვიური ფულადი დახმარების (კომპენსაციის) გაცემას. ამასთან სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების შემთხვევებს კანონი არ განსაზღვრავს და ასეთად ითვლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურის დაღუპვის ნებისმიერი შემთხვევა. სასამართლოს არ უმსჯელია ხომ არ მოიცავდა განსახილველი შემთხვევა "პოლიციის შესახებ" კანონის 50.1 მუხლით გათვალისწინებულ ფულად დახმარებაზე უფლების დადგენის შესაძლებლობას. ამდენად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ც-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის არასწორად განმარტების თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით თ. ლ-ი გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ავტოავარიის შედეგად. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი სამსახურებრივი საქმიანობის დროს გარდაცვალება ვერ გახდება მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი „პოლიციის შესახებ“ კანონის 50.11 მუხლის მიზნებისთვის. განსახილველ შემთხვევაში ე. ც-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სავალდებულო პირობაა პოლიციელის გარდაცვალების კავშირის არსებობა სიცოცხლისათვის განსაკუთრებული რისკის მქონე გარემოებებთან, კერძოდ, „პოლიციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებასთან, სამართალდარღვევის აღკვეთასთან, დამნაშავის შეპყრობასთან, დამნაშავეობასთან ბრძოლასთან და ა.შ. („პოლიციის შესახებ“ კანონის 50.11 მუხ.), მითითებული გარემოებების არარსებობა გამორიცხავს თ. ლ-ის ოჯახის წევრის მიმართ ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული დახმარების გაცემას. უსაფუძვლოა ასევე კასატორის აპელირება "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" კანონის 5.3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაზე, რამეთუ ზემოაღნიშნული მოწესრიგება არ შეესაბამება სადავო შემთხვევას და ეხება განსხვავებულ გარემოებებს. რაც შეეხება კასატორის მითითებას "პოლიციის შესახებ" კანონის 50.1 მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარების მიღების შესაძლებლობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არ დასტურდება ე. ც-ის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მსგავსი მოთხოვნით მიმართვა, აღნიშნული არ წარმოადგენს მოცემული დავის საგანს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს ბს-823 (კ-18) 04.10.2018წ. განჩინებას, ბს-718-718(კ-18) 20.09.2017წ. განჩინებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს ე. ც-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ც-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2018წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი