№ბს-1134(კს-18) 26 ივნისი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ი. ქ-ის წარმომადგენელი ი. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი
მესამე პირები - საქართველოს მთავრობა,
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.2018წ. განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ქ-მა 05.04.16წ. სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი. ქ-ისათვის პრიორიტეტულ უმაღლეს სასწავლებელში, გერმანიის ქალაქ ესენის ხელოვნებათა უნივერსიტეტში სასწავლებლად, ერთი სემესტრის დასაფინანსებლად 3954 (სამიათას ცხრაასორმოცდათოთხმეტი) ევროს გამოყოფის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.06.16წ. განჩინებით სასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაერთვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს მთავრობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.17წ. გადაწყვეტილებით ი. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.18წ. განჩინებით ი. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებისთვის დაწესებული 14 დღიანი ვადის დარღვევით იქნა სასამართლოში წარდგენილი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.17წ. გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა მოსარჩელე ი. ქ-ის წარმომადგენელს - ი. ხ-ს მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და ამ უკანასკნელს იგი ჩაბარდა 22.06.17წ., ჩაბარების დასტურზე ხელს აწერს ოჯახის წევრი, ადრესატის შვილი - ირ. ხ-ი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობებიც, მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება - სააპელაციო წესით გაასაჩივროს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას - უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა კანონით დადგენილ ვადაში. ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესით 22.06.17წ. ჩაბარდა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელს, მისთვის სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა ამოიწურა 06.07.17წ.. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ - 10.04.18წ.. სააპელაციო პალატის მითითებით, საჩივარი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება, რადგან სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ი. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.2018წ.. განჩინების გაუქმების მოთხოვნით ი. ქ-ის წარმომადგენელმა, ი. ხ-მა კერძო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლო უწყების ჩაბარებულად ჩათვლისა და საპროცესო ვადების ათვლისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იმპერატიულად მოითხოვს მის ჩაბარებას მხარისათვის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრისათვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.17წ. გადაწყვეტილება არ ჩაბარებია წარმომადგენლის ი. ხ-ის შვილს ირ. ხ-ს, გზავნილი ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს, ჟურნალისტ ნ. გ-ს, რომელმაც კურიერის მითითების შესაბამისად გზავნილის ჩაბარების დასტურზე ხელი მოაწერა ი. ხ-ის ნაცვლად და ჩაიბარა გზავნილი. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს კერძო საჩივარზე თანდართული „ფაქტის დადასტურების შესახებ“ ჟურნალისტს ნ. გ-ის განცხადება, რომელიც დამოწმებულია სანოტარო წესით. მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ ი. ხ-თან მცხოვრები პირი არ არის ირ. ხ-ი, რადგან ამ უკანასკნელის მისამართია ქ. თბილისი, ...ის ქ. N112.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ იმსჯელა სასამართლო ბაჟის დაბრუნების საკითხზე. გასაჩივრებული განჩინების უკანონობას ადასტურებს აგრეთვე ის გარემოება, რომ სსსკ-ის 31.1 მუხლის შესაბამისად არსებობდა სააპელაციო სასამართლოში საქმის განმხილველი მოსამართლის თვითაცილების საფუძველი, ვინაიდან მას ერთხელ უკვე ჰქონდა განხილული იგივე დავა, იმავე დავის საგნითა და მხარეებით, ამდენად, იგი პირადად იყო დაინტერესებული საქმის შედეგით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ ი. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.17წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ი. ქ-ის წარმომადგენელს ი. ხ-ს გაეგზავნა საქმეში მხარის მიერ მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №19, (ს.ფ. 246). გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით დასტურდება, რომ გზავნილი ჩაბარდა ი. ხ-ის შვილის ირ. ხ-ს, ჩაბარების თარიღად მითითებულია 22.06.17წ. (ს.ფ. 246.)
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო გზავნილის მხარისთვის ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე და უბრუნდება სასამართლოს (სსკ-ის 73.5 მუხ.). სწორედ აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება გზავნილის მხარისათვის ჩაბარება და შესაბამისად, ამავე დოკუმენტით ხელმძღვანელობს სასამართლო მხარისათვის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების ათვლისას. განსახილველ შემთხვევაში გზავნილის ჩაბარების შესახებ წერილობით კორესპონდენციით დასტურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მხარის მიერ მითითებულ მისამართზე უფლებამოსილი პირისთვის გზავნილის ჩაბარება 2017 წლის 22 ივნისს. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმის შესახებ, რომ გზავნილის ჩაბარების დასტურზე ირ. ხ-ის ხელმოწერა სინამდვილეში არ ეკუთვნის ირ. ხ-ს და მისი სახელით ხელმოწერა შესრულებულია ჟურნალისტის ნ. გ-ის მიერ, რომელმაც კურიერის მითითებით ხელი მოაწერა ირ. ხ-ის სახელით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 71-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამასთან, სსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შეტყობინება ჩაბარდა ი. ხ-ის შვილს - ირ. ხ-ს. კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები სხვა პირის მიერ გზავნილის ჩაბარების თაობაზე არ დასტურდება უტყუარი მტკიცებულებებით, საქმეში დაცული გზავნილის ჩაბარების დასტური შეიცავს ყველა საჭირო რეკვიზიტს, არ არსებობს მის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი აგრეთვე იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ გზავნილის ჩაბარებისას ი. ხ-ის შვილმა ირ. ხ-მა გზავნილზე ხელმოწერასთან ერთად მასზე მიუთითა საკუთარი პირადი ნომერი - ..., რაც ცნობილი ვერ იქნებოდა სხვა პირისთვის, ამ შემთხვევაში ჟურნალისტისთვის, რომელიც კერძო საჩივრის ავტორის მითითებით აღნიშნულ ბინაში იმყოფებოდა სიუჟეტის მომზადების მიზნით. სასამართლო გზავნილის ჩაბარებისას ადრესატის/ადრესატის ოჯახის წევრის იდენტიფიცირებას კურიერი ახდენს მისი პირადობის მოწმობის შემოწმების გზით, რაც ადასტურებს გზავნილის სხვა პირის მიერ ჩაბარების შესახებ კერძო საჩივრის ავტორის მითითების უსაფუძვლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ ი. ქ-ის წარმომადგენლის ი. ხ-ს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით 22.06.17წ., რომლის გასაჩივრების 14 დღიანი ვადა 06.07.2017წ. ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი ი. ხ-ის მიერ შეტანილია 10.04.2018წ., სააპელაციო საჩივრის კანონით განსაზღვრული 14-დღიანი ვადის დარღვევით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 369.1 მუხლის საფუძველზე მხარეებს განემარტებათ დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობა. სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსკ-ის 60.2 მუხლის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
დაუსაბუთებია სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის აცილების საკითხთან დაკავშირებით კერძო საჩივრის ავტორის მითითება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აცილების საფუძვლები დადგენილია სსსკ-ის 29-31-ე მუხლებით. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მოსამართლეს საქმეზე უნდა განეცხადებინა თვითაცილება სსსკ-ის 32-ე მუხლით მიხედვით, რადგან იგი დაინტერესებული პირია იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ უკვე განხილული აქვს დავა იმავე დავის საგანზე, იმავე მხარეებს შორის. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორის მიერ არ წარმოდგენილა მოსამართლის მიერ იმავე საქმის განხილვის დამადასტურებელი მტკიცებულება. თუმცა ასეთის არსებობის შემთხვევაში საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობის ფაქტი თავისთავად არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ მოსამართლის აცილების საფუძველს. მოსამართლის მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ერთიდაიმავე მხარეებს შორის არსებული რამოდენიმე დავის განხილვა, არ აქცევს მას დაინტერესებულ პირად და არ ქმნის აცილების საფუძველს.
საქმის მასალებით დგინდება, რომ ი. ქ-ის სააპელაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით (ს.ფ. 284). სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეიცავს მსჯელობას სახელმწიფო ბაჟის თაობაზე, სსსკ-ის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯია სახელმწიფო ბაჟი, რომელთან დაკავშირებით საკითხის სასამართლო გადაწყვეტილებით/განჩინებით გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას (261-ე მუხლის 1-ლი ნაწ.). აღნიშნული საკითხის წამოჭრის ვადა განსაზღვრულია გადაწყვეტილების გამოტანიდან 7 დღე (261-ე მუხლის მე-2 ნაწ.), რა ვადაშიც მხარეს არ მოუთხოვია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა ამ ნაწილშიც არ უნდა დაკმაყოფილდეს.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნები სადავო საკითხთან მიმართებით, რის გამოც საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.
საქმის მასალებით დგინდება, რომ ი. ქ-ის სააპელაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით (ს.ფ. 284). სააპელაციო საჩივარი დატოვებულია განუხილველად, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეიცავს მსჯელობას სახელმწიფო ბაჟის თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187.2 მუხლის თანახმად მთავარი სხდომის დასრულებამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს უბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 %. ამდენად, ი. ქ-ის სააპელაციო საჩივარზე ლ. ქ-ის მიერ გადახდილი 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მის გადამხდელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.2018წ. განჩინება.
3. ლ. ქ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ ი. ქ-ის სააპელაციო საჩივარზე 10.04.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი