Facebook Twitter

#ბს-3(გ-19) 14 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი - შპს „…ა“

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 15 ნოემბერს შპს „...ამ“ საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოწინააღმდეგე მხარის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც #ემ765334 საჯარიმო ქვითრისა და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 2 ნოემბრის #MIA 4 18 02683317 დადგენილების გაუქმება, აგრეთვე, გასაჩივრებული ინიდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის დადგენილებით შპს „...ის“ საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში 2012 წლის 26 აპრილს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, აღნიშნული კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით იმპერატიულად განისაზღვრა, რომ საქმეები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, განიხილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, რამაც გამორიცხა ამ კატეგორიის საქმეთა სხვა (სასარჩელო) სამართალწარმოების წესით განხილვა, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადა დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე და 273-ე მუხლებით. ხსენებული საკანონმდებლო აქტის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე, ამ კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს რაიონულ (ქალაქის) სასამართლოში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილია განსჯადი სასამართლოს მიერ დავის განხილვისა და გადაწყვეტის აუცილებლობის პრინციპი. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 116-ე-125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ საქმეებს, გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საქმეებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევევების თაობაზე გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შესახებ, ხოლო მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს ასევე ადმინისტრაციულ საქმეებს იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილს წარმოადგენდა რუსთავი. სასამართლომ მიიჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლო წარმოადგენდა შპს „...ის“ საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს. ამასთან, სადავო ადმინისტრაციული აქტი მიღებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მიერ. აღნიშნულ აქტში მითითებულია, რომ დადგენილება გამოტანიდან 10 დღის ვადაში შესაძლოა გასაჩივრებულიყო რუსთავის საქალაქო სასამართლოში. ასევე, დავის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, შესაძლებელი იყო საჭირო გამხდარიყო სხვადასხვა საპროცესო მოქმედების განხორციელება და სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით საქმის განხილვა, რაც უფრო ეფექტურს გახდიდა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობასთან მიმართებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება აკეთებს კონკრეტულ ჩანაწერს, რომ „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას“, თუმცა მეორე მუხლი ასევე უშვებს შესაძლებლობას/გამონაკლისს, „დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით“ ამ კოდექსის 166-125-ე მუხლებით გათვალისწინებული საქმეების განხილვის შესახებ. თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ უპირატესობა სწორედ პირველ ნაწილს უნდა მინიჭებოდა, რამდენადაც იგი უფრო იმპერატიულად განსაზღვრავდა საქმის განხილვის ადგილს. გარდა ამისა, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე ასევე მნიშვნელოვანი იყო იმ გარემოების გათვალისწინებაც, რომ არა თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, არამედ მოპასუხე მხარეც ამ ტერიტორიულ ერთეულში მდებარეობს და მის მიერ მიღებული დადგენილების გასაჩივრების წესშიც სწორედ ამ ტერიტორიული ადგილის განსჯადი სასამართლოა მითითებული.

სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ მსგავსი საჩივრის (მხარეები ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში და საპატრულო პოლიციის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები დგება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1182 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებით) ავტორების უმეტესობა წარმოადგენენ იურიდიულ პირებს, რომელთა იურიდიულ მისამართად დაფიქსირებულია ქ. თბილისი, ამდენად, მხოლოდ ამ გარემოების გათვალისწინება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა „დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის“ მიხედვით, გამოიწვევს ადმინისტრაციულ საქმეთა კონცენტრაციას დედაქალაქში, რაც განაპირობებს ამ წესისაგან გამონაკლისების გათვალისწინებას.

სასამართლომ განმარტა, რომ ტერიტორიული განსჯადობის არსიც მდგომარეობდა პრინციპში, რომლის მიხედვით მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს და საერთო წესის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. ამდენად, მათი ადგილმდებარეობისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის ერთმანეთისათვის დამთხვევის გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის განხილვა უნდა მომხდარიყო შესაბამისი განსჯადი სასამართლოს მიერ, რამეთუ საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ხელს შეუწყობდა მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობას და ოპერატიულობას, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა დივერსიფიკაციას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარ განაწილებას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს #1/150-20017 გადაწყვეტილების 33-ე მუხლზე, რომლის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის - რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „...ის“ საჩივარი განსჯადობით განსახილველად რუსთავის საქალაქო სასამართლოს უნდა გადაგზავნოდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, შპს „...ის“ საჩივარი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მოცემული ადმინისტრაციული საქმე სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადი იყო. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში 2012 წლის 26 აპრილს განხორციელებული ცვლილებების შედეგად აღნიშნული კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით იმპერატიულად განისაზღვრა, რომ საქმეები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, განიხილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, რამაც გამორიცხა ამ კატეგორიის საქმეთა სხვა (სასარჩელო) სამართალწარმოების წესით განხილვა, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადა დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე და 273-ე მუხლებით. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიუთითა ხსენებული საკანონმდებლო აქტის 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე, ამ კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს რაიონის (ქალაქის) სასამართლოში.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 116-ე-125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებიდან. ამავე კოდექსის 231-ე მუხლის მე-2 აბზაცის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი სასამართლოებში განისაზღვრება ამ კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლით რეგლამენტირებულია საერთო განსჯადობის შესახებ წესები. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში არჩევანის უფლება მოსარჩელეს ანიჭებს, შესაბამისად, თუ სარჩელში დასახელებულია სხვადასხვა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მოპასუხე, განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივა და ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა, რასაც იგი განსაზღვრავს სარჩელის წარდგენის დროს, ანუ ირჩევს იმ სასამართლოს, რომელშიც წარადგენს სარჩელს. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი დაუშვებელია როგორც მოპასუხის მოთხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატივით. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი (განსჯადობა მოსარჩელის არჩევით) უზრუნველყოფს მოსარჩელის ინტერესების დაცვას.

სასამართლომ მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართალდამრღვევის „საცხოვრებელი ადგილი“ კი ქ. თბილისი, … ქუჩა 3/5 იყო. ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, მოცემული საქმის განსჯად სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლო წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლობა 118-ე მუხლთან დაკავშირებით ალტერნატიულ განსჯადობას ითვალისწინებდა, კერძოდ, 118-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა შესაძლებელი იყო როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ასევე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებულ აქტს საფუძვლად ედო 118-ე მუხლი, შპს „...ის“ ადგილსამყოფელს ქ. თბილისი წარმოადგენდა. შპს „...ამ“ საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს მისი საცხოვრებელი (იურიდიული მისამართის) ადგილის მიხედვით მიმართა.

ამდენად, ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან და ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკიდან გამომდინარე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, შპს „...ის“ საჩივრის განხილვაზე განსჯად სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია წარმოადგენდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „...ის“ საჩივარი განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას უნდა დაექვემდებაროს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლით რეგლამენტირებულია საერთო განსჯადობის შესახებ წესები. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში არჩევანის უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს, შესაბამისად, თუ დავა განსახილველად რამდენიმე სასამართლოს ექვემდებარება, განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივა და ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა, რასაც იგი განსაზღვრავს სარჩელის წარდგენის დროს, ანუ ირჩევს იმ სასამართლოს, სადაც წარადგენს სარჩელს. ამასთან, მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი დაუშვებელია როგორც მოპასუხის მოთხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატიცით. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი (განსჯადობა მოსარჩელის არჩევით) უზრუნველყოფს მოსარჩელის ინტერესების დაცვას.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საჯარიმო ქვითარი, რომელსაც ასევე სადავოდ ხდის საჩივრის ავტორი, შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე, ხოლო სამართალდამრღვევის - შპს „...ის“ ადგილსამყოფელია ქ. თბილისი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო; ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ამდენად, კანონმდებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლთან დაკავშირებით ითვალისწინებს ალტერნატიულ განსჯადობას, კერძოდ, 118-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა შესაძლებელია როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ასევე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გასაჩივრებულ აქტს საფუძვლად უდევს 118-ე მუხლი, ხოლო შპს „...ის“ ადგილსამყოფელი არის ქ. თბილისი და მან საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ საჩივრის ავტორმა - შპს „...ამ“ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება სასამართლოს არჩევის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმე ტერიტორიული განსჯადობის შესაბამისად, განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „...ის“ საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი