Facebook Twitter

#ბს-73(კს-19) 28 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ტ. ლ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – 1. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო; 2. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია; 3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრი

დავის საგანი - საქმეში მესამე პირად ჩაბმა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის საოქმო განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 23 მაისს ტ. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 28 აპრილის #02/6804 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ #3-15-16 საქმეზე გამოტანილი 2016 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, 2015 წლის 8 დეკემბერს #1806/02 ადმინისტრაციულ საჩივარზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა. მოსარჩელემ, აგრეთვე, მოითხოვა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლის თანახმად, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამსახურს დაევალება ქ. რუსთავში ...მკ/რ, ყოფილი ... შენობაში ნ. მ-ისთვის, ლ. მ-ისთვის, ნ. ს-ისთვის, ტ. ლ-ისთვის, თ., ლ., ლ., მ. ლ-ებისთვის სოციალური საცხოვრისი თავშესაფრის მოწყობა და მათი სასადილოების მომსახურეობის პროგრამაში უფასო ჩართულობის უზრუნველყოფა. ამასთან, მოსარჩელემ ქ. რუსთავის მერიის 2003 წლის 14 აპრილის #40/კ განკარგულების გამოცემისთანავე არარა ადმინისტრაციულ აქტად აღიარება, სასამართლოს მიერ მოპასუხეების - ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან და მერიასთან მიმართებაში ტ. ლ-ის ქ. რუსთავის მერიასთან და ქ. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობისა და შესაბამისად, ქ. რუსთავის მთავრობის 2003 წლის #49 და #75 დადგენილებებთან სამართლებრივ კავშირში არყოფნის აღიარება, აგრეთვე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრისათვის იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც რუსთავის სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალება 2017 წლის 17 მაისის მდგომარეობით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში ტ. ლ-ის 2017 წლის 17 მაისის განაცხადის დარეგისტრირება.

ამასთან, 2017 წლის 26 ივნისს ტ. ლ-მა შუამდგომლობით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მონიტორის - მ. ხ-ის მიერ, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის შეფასების შეწყვეტის შესახებ 2017 წლის 16 მაისს შედგენილი ოქმის შეჩერება და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, აღნიშნული ოქმის აღსრულებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით ტ. ლ-ის განცხადება მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ტ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. ლ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

2018 წლის 3 დეკემბერს ტ. ლ-მა სასამართლო სხდომაზე საქმეში ქ. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმის თაობაზე იშუამდგომლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის საოქმო განჩინებით ტ. ლ-ის შუამდგომლობა განსახილველ დავაში ქ. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის დანაწესზე, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. რუსთავის 2003 წლის 8 აპრილის #75 დადგენილებით, ქ. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ლიკვიდირებული იყო 2003 წლის 14 აპრილიდან. ამასთან, ამავე მხარეებს შორის არსებული არაერთი დავის ფარგლებში გამოთხოვილ იქნა აღნიშნული ორგანიზაციის თაობაზე ინფორმაცია და დადასტურებული იყო ის გარემოება, რომ ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემდგომი დოკუმენტაცია არ იძებნებოდა და დავის განხილვის დროისათვის ეს ორგანიზაცია არ ფუნქციონირებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ დავაში ქ. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმის საფუძველი არ არსებობდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ტ. ლ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის მესამე პირის ჩართვასთან დაკავშირებული მოთხოვნის სტადიიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ქ. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლიკვიდაცია. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საოქმო განჩინება არის დაუსაბუთებელი, რის გამოც შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების დარღვევა, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით ტ. ლ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. ლ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის საოქმო განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოტივაციას საქმეში ქალაქ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლიკვიდაციის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის თაობაზე და განმარტავს, რომ ქ. რუსთავის მთავრობის 2003 წლის 8 აპრილის #75 დადგენილებით, ქ. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ლიკვიდირებულია 2003 წლის 14 აპრილიდან. ამდენად, აღნიშნული დადგენილება ცალსახად ადასტურებს ზემოხსენებული ორგანოს ლიკვიდირებას, რაც დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის გზით მტკიცებას არ საჭიროებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამავე მხარეებს შორის არსებული არაერთი დავის ფარგლებში გამოთხოვილ იქნა აღნიშნული ორგანიზაციის თაობაზე ინფორმაცია და დადასტურებულია ის გარემოება, რომ ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემდგომი დოკუმენტაცია არ იძებნება და დავის განხილვის დროისათვის ეს ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ დავაში ქ. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მესამე პირად ჩაბმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, რის გამოც ტ. ლ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის საოქმო განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ტ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის საოქმო განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი