Facebook Twitter

#ბს-1495(კს-18) 14 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილება

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ფ. ხ-ე

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 აგვისტოს განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 17 მაისს ფ. ხ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხარაგაულის მაგისტრატ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების 2018 წლის 30 აპრილის #29360 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილებისათვის ფ. ხ-ისათვის 2018 წლის 1 მაისიდან პენსიის დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ფ. ხ-ის სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების მიმართ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების 2018 წლის 30 აპრილის #29360 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულ განყოფილებას ფ. ხ-ისათვის 2018 წლის 1 მაისიდან პენსიის დანიშვნის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულმა განყოფილებამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 აგვისტოს განჩინებით სსიპ სოციალური მოსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულ განყოფილებას ჩაბარდა 2018 წლის 27 ივნისს, შესაბამისად, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 28 ივნისიდან და ამოიწურა 2018 წლის 11 ივლისს, სააპელაციო საჩივარი კი ხარაგაულის მაგისტრატ სასამართლოში წარდგენილი იქნა 2018 წლის 24 ივლისს, რითაც მხარემ გაუშვა სააპელაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, რომლის გაგრძელება (აღდგენა) კანონის თანახმად არ დაიშვება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იყო კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულმა განყოფილებამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევა და საქმის განხილვა მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ხარაგაულის მაგისტრატმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა 2018 წლის 20 ივნისს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, რომ გადაეცათ დასაბუთებული გადაწყვეტილება (2018 წლის 28 ივნისის მიმართვა), სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მოპასუხეს 2018 წლის 11 ივლისს ჩააბარა. შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადა უნდა ათვლილიყო 2018 წლის 11 ივლისიდან და არა 27 ივნისიდან, როდესაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელს ჩაჰბარდა გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა კანონის სრული დაცვით, 2018 წლის 24 ივლისს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამასთან, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტულურ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არსებული უკუგზავნილით დასტურდება, რომ ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის შემცველი გზავნილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულ განყოფილებას საქმეში მითითებულ მისამართზე 2018 წლის 11 ივლისს ჩაჰბარდა. 2018 წლის 27 ივნისს კი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულმა განყოფილებამ ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი მიიღო.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის საქართველოს კანონმდებლობით იმპერატიულად განსაზღვრული ვადის ათვლის მომენტს კანონმდებელი მხარისათვის არა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის, არამედ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას უკავშირებს. გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ იმ მომენტიდან, როდესაც პირს შეექმნება ობიექტური შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია გადაწყვეტილების შინაარსის შესახებ. მისი ოფიციალურად გაცნობით პირისთვის ცნობილი ხდება, თუ რა გახდა ამგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი და შესაბამისად, ექნება თუ არა პერსპექტივა მის გასაჩივრებას, აგრეთვე ის, თუ რა სამართლებრივი საშუალებებით შეძლებს იგი თავისი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს გადაწყვეტილებას. იმ მომენტამდე გასაჩივრების ვადის დინების ათვლის დაწყება, ვიდრე პირს არ მისცემია გადაწყვეტილების შინაარსის ოფიციალური წყაროს მეშვეობით გაცნობის შესაძლებლობა, უხეშად არღვევს პირის უფლებას საჩივარზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირს უნდა ჰქონდეს ფაქტზე რეაგირების ეფექტური, ქმედითი და არა ილუზორული მექანიზმი და საჩივრის განხილვის გამართული პროცედურა ასეთი მექანიზმის არსებობის, ადმინისტრირების მაღალი ხარისხის დადასტურება უნდა იყოს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იმპერატიული ვადის დაცულობის საკითხი, რა დროსაც საპროცესო ვადის ათვლის მომენტი არა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის, არამედ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღს უნდა დაუკავშიროს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 აგვისტოს განჩინება და საქმე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 აგვისტოს განჩინება და საქმე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი