№ბს-1531(კ-18) 14 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს გენერალური პროკურატურის (საქართველოს მთავარი პროკურატურის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის განჩინებების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 20 ნოემბერს კ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 23 სექტემბერს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ უსაფუძვლოდ წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 8 000 ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ივლისის გამამართლებელი განაჩენით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ, რაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7 თებერვლის განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განჩინებით.
მოსარჩელის მითითებით, უსაფუძვლოდ წარდგენილი ბრალდებით მიადგა ზიანი, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მიუხედავად გამამართლებელი განაჩენისა, არ აღადგინეს სამსახურში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ რეაბილიტირებული პირისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის შედეგად მოპასუხისათვის მორალური ზიანის სახით - 20 000 ლარისა და მატერიალური ზიანის სახით - 60 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის საოქმო განჩინებით სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის მატერიალური ზიანის სახით - 60 000 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში დარჩა განუხილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით კ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს მთავარ პროკურატურას კ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 700 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 29 ივნისს ზეპირი მოსმენის გარეშე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დადგენილია, რომ 2013 წლის 23 სექტემბერს კ. ა-ეს წარედგინა ბრალდება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 სექტემბრის განაჩენით მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო. ამასთან, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 ივლისის განაჩენით (საქმე №1/6235-13) კ. ა-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ გამართლებულ პირს დანაშაული არ ჩაუდენია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება აღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, ქმედების უკანონობა არ უნდა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევის დადგენით, გამართლებულ პირს უნდა მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, უფლებამოსილი ორგანო წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, პირს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებლი გარემოება და შესაბამისად, ქმედების უკანონობა.
პალატის მითითებით, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არის სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან მხარის მიმართ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა, მის მიმართ გამოყენებული იყო აღკვეთის ღონისძიება, რაც იწვევს პირის ღირსების შელახვას. აღნიშნული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა კი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგი განმარტება: მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მხარის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ - ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აქვს სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს.
პალატის მითითებით, მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ აღძვრა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს პირისთვის მორალურ ზიანის ანაზღაურების საფუძველს, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მორალური ზიანის სახით მოთხოვნილი თანხის ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია. სისხლისსამართლებრივი დევნა და აღკვეთის ღონისძიების მოქმედება არ არის ჩვეულებრივი და რიგითი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. ის დაკავშირებულია გარკვეულ ნეგატიურ განცდებთან, სტრესსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან. მოსარჩელე არ იყო ვალდებული, ეთმინა უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატებოდა თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობასა ან შეზღუდვაში. ამასთან, მნიშვნელოვანია სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობის პერიოდი და გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე და სიმძიმე. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მართებულად განისაზღვრა მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხა 700 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საპროცესო ხარჯის სახით ადვოკატის მომსახურებისათვის გაღებული თანხის - 500 ლარით ანაზღაურების ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. ამასთან, კასატორი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განჩინების გაუქმებას ითხოვს.
კასატორის მითითებით, პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ფორმით, ამასთან, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს-ზიანს შორის. სახეზე უნდა იყოს მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისთვის ზიანი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში კი საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია.
კასატორის განმარტებით, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი წევრების უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, წინასწარ ვერ განისაზღვრება კონკრეტული საქმის შედეგი, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივას. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან დგინდება, კ. ა-ის მიმართ წარმოებდა სისხლის სამართლის საქმე, მის მიერ სავარაუდოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით ამ მიზნით და კანონის შესაბამისად, მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 სექტემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2013 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 სექტემბრის განჩინება და ბრალდებულ კ. ა-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს თანხა განისაზღვრა 8 000 ლარით. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტს - სასამართლოს განჩინებას. აღკვეთის ღონისძიების სახის შერჩევისას არსებობდა ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები მისი გამოყენებისათვის, რის გამოც არ უნდა იქნეს მიჩნეული უკანონოდ.
ამასთან, კასატორის განმარტებით, მორალური ზიანის საკითხის განხილვისას სასამართლომ გარდა მოსარჩელის განმარტებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა, მხედველობაში უნდა მიიღოს როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებაში დადგენილი პრაქტიკა, ისე საქართველოს საერთო სასამართლოებში დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა.
კასატორის მითითებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კ. ა-ე პატიმრობაში არ ყოფილა, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა გირაო, სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა 3 წლისა და 9 თვის მანძილზე, მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მიკუთვნებული 700 ლარი კი სამართლებრივი ნორმებისა და მითითებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს და არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან.
კასატორი ასევე არ ეთანხმება საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის დაკისრებას და მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხა არ წარმოადგენს განსახილველ საქმესთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯს და მისი საქართველოს პროკურატურისთვის დაკისრება უსაფუძვლოა.
ამასთან, კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად, „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე, თუ: სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მასში მოთხოვნილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმება“. კასატორის მითითებით, საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი ეხებოდა არა მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებას, არამედ ფაქტობრივ გარემოებასაც. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დარღვეულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი 13 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად, „საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თარიღის შესახებ“. კასატორის მოსაზრებით, დარღვეულია პროცესის საჯაროობის წესები, რაც გამოიხატა იმაში, რომ აპელანტისთვის არ იყო ცნობილი მისი სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს მთავარი პროკურატურის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განჩინებით საქმეში საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროცესო უფლებამონაცვლედ ჩაერთო საქართველოს გენერალური პროკურატურა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის (საქართველოს მთავარი პროკურატურის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 42.9 მუხლით (ამჯამად მოქმედი რედაქციის 18.4 მუხლი).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208.1 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ამავე კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმების, პრინციპებისა და საფუძვლების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომლებიც ამავე კოდექსით არის დადგენილი.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ხოლო აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. ამასთან, ამავე კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2013 წლის 23 სექტემბერს კ. ა-ეს წარედგინა ბრალდება მასზედ, რომ სხვისთვის გამორჩენის მისაღებად ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი მდგომარეობა, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ბრალდებულ კ. ა-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო. გირაოს თანხად განისაზღვრა 5 000 ლარი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2013 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 სექტემბრის განჩინება და ბრალდებულ კ. ა-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს თანხად განისაზღვრა 8 000 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 ივლისის განაჩენით (საქმე №1/6235-13) კ. ა-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გაუქმდა მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით კ. ა-ის უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 თებერვლის განაჩენით (საქმე №1/ბ-957-16) უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 ივლისის განაჩენი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განჩინებით (საქმე №166აპ-17) დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 თებერვლის განაჩენზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში მყოფი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 ივლისის განაჩენი, რომლითაც კ. ა-ე გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, წარმოადგენს კ. ა-ის რეაბილიტაციის საფუძველს. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 08.04.2009წ. #ბს-972-936(3კ-08) განჩინებაზე, სადაც განმარტებულია, რომ „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით“. „სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.
საკასაციო სასამართლო იზიარებს განსახილველ შემთხვევაში საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის (ამჟამად საქართველოს გენერალური პროკურატურა) კ. ა-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 700 ლარის დაკისრებას, არ იზიარებს კასატორის პრეტენზიებს მოცემულ შემთხვევაში მორალური ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (Patsuria v. Georgia; Nikolaishvili v. Georgia; Jashi v. Georgia).
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების დაკისრებასთან მიმართებაში, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ #ბს-776-768(2კ-4კს-15) საქმეზე გაკეთებულ განმარტებებზე: „მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სსკ-ის 37.3 მუხ.). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების არსებობა, მხარის მიერ ადვოკატისათვის თანხის გადახდის ქვითრის არარსებობა იმთავითვე არ გამორიცხავს გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას (ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „დადაევა რუსეთის წინააღმდეგ“, §145, 146). საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელეებისათვის ადვოკატის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევა, რის გამო სასამართლომ უნდა განიხილოს არა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება, არამედ საქმის მასალებით დადასტურებული ადვოკატის მიერ მოსარჩელეებისათვის გაწეული მომსახურების ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების შესაძლებლობა. მოსარჩელეებსა და ადვოკატს შორის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების, გადახდის ქვითრის, საგადახდო დავალების შესრულების დოკუმენტის წარუდგენლობა, არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას. ხარჯების განსაზღვრა ხდება სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს თავადაც შეუძლია განსაზღვროს იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა (სუს 11.02.08წ. №ას-792-1114-07 განჩინება), თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „პინკოვი და პინკი ჩეხეთის წინააღმდეგ“).“
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2013 წლის 23 სექტემბერს კ. ა-ესა (კლიენტი) და კ. მ-ეს (ადვოკატი) შორის დადებულია იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება №11, რომლითაც განისაზღვრა, კ. ა-ის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების გაწევა. წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში. იურიდიული მომსახურების საფასური განისაზღვრა 800 ლარის ოდენობით. 2017 წლის 15 აგვისტოს კ. ა-ესა (კლიენტი) და კ. მ-ეს (ადვოკატი) შორის დადებულია იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა, კ. ა-ის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების გაწევა წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში. იურიდიული მომსახურების საფასური განისაზღვრა 500 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე, თუ: ა) სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მასში მოთხოვნილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმება; ბ) აშკარაა, რომ სახეზეა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით (გარდა აღნიშნული მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებისა) განსაზღვრული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები; გ) მოპასუხემ ცნო სარჩელი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სააპელაციო საჩივარი ეხებოდა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებაში კრიტიკას და საქმეზე დადგენილ იქნა ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სადავოდ არ გამხდარა არც ერთი მხარის მიერ, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო საქმე განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ივნისისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი