#ბს-1532(კ-18) 14 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 18 ოქტომბერს ბ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ის 1998 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, კერძოდ, ქალაქ თბილისის საგზაო პოლიციაში. საგზაო პოლიციაში მუშაობის განმავლობაში, კერძოდ, 1998-2003 წლებში არ მიუღია ხელშეკრულებით გათვალისწინებული და შესრულებული სამუშაოს პროპორციული ანაზღაურება. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტს ერიცხება 1998-2003 წლებში წარმოქმნილი დავალიანება. მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად დავალიანების აღიარებისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აუნაზღაურებია შესაბამისი თანხა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ბ. ა-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების - 797.03 ლარის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბ. ა-ის სასარგებლოდ 750.02 ლარის ოდენობით 1998-2003 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება დაევალა; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება.
თავდაპირველად სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასაჩივრებულია 1998-2003 წლების სახელფასო დავალიანების 750.02 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის დანარჩენ ნაწილზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილზე.
პალატის განმარტებით, 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, ისევე როგორც „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების შესაბამისი ნორმებით დადგენილი იყო, რომ პოლიციელის ხელფასი მოიცავდა არა მარტო თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, არამედ ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას და სხვას. თუმცა 2000 წლის 28 ივნისის #413 კანონით „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით ხსენებული კანონის 31-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად, ხელფასი მოიცავს მხოლოდ თანამდებობრივ და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.
პალატამ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 1341 მუხლზე და აღნიშნა, რომ 1998-2003 წლებში მიუღებელი ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს და კვების ულუფის 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით) ოდენობა შეადგენს 750.02 ლარს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის #1022 საქართველოს კანონის გამოყენებასთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ურთიერთობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბ. ა-ს შორის წარმოშობილია 2000 წლის 28 ივნისამდე არსებული კანონის მოქმედების პირობებში, კერძოდ, დავა ეხება კუთვნილი მიუღებელი 1994-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, სასამართლომ მიუთითა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის არც ერთი მუხლი არ შეიცავს დათქმას ახალი რედაქციის ნორმებისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე. სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების შესაბამისი მუხლების ახალი რედაქცია ძველ ურთიერთობებზე არ უნდა გავრცელდეს, რადგან კანონის ახალ ნორმას არ აქვს მინიჭებული უკუძალა.
ამასთან, პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 7 ივნისის #1349860 წერილზე და მიიჩნია, რომ ის წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დავალიანების აღიარებას. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე და განმარტა, რომ ვალდებული პირის მიერ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალის აღიარების შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენა თავიდან იწყება და მოვალეს უფლება არ აქვს უარი განაცხადოს ვალდებულების შესრულებაზე. პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, ვალი აღიარებულია 2017 წლის 7 ივნისს, რა დროიდანაც ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო თავიდან, ხოლო სარჩელი აღძრულია 2017 წლის 18 ოქტომბერს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საქმისწარმოების დაწყების დროს ნორმა, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას, ძალადაკარგული იყო. კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სადავო ურთიერთობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ახალი რედაქციის გამოყენება წარმოადგენს ახალი კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ურთიერთობა წარმოიშვა 1994-2000 წლებში, შესაბამისად, ურთიერთობის წარმოშობასთან დაკავშირებულ საკითხებზე უნდა გავრცელდეს სწორედ იმ პერიოდში მოქმედი ნორმები, თუმცა პირმა წარმოშობილი უფლების რეალიზაცია მოახდინა 2017 წლის სექტემბერში. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს სწორედ 2017 წლის სექტემბერში მოქმედი ნორმით.
კასატორის მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნა მის მიმართ 1998-2003 წლებში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ სარჩელის შეტანის დროისათვის იყო ხანდაზმული.
კასატორი ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 7 ივნისის წერილი წარმოადგენს სახელფასო დავალიანების აღიარებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა განსახილველი დავა.
წარმოდგენილი სარჩელით ბ. ა-მა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სახელფასო დავალიანების 797.03 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბ. ა-ის სასარგებლოდ 750.02 ლარის ოდენობით 1998-2003 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება დაევალა; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეს - ბ. ა-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არ გაუსაჩივრებია. ამდენად, გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ბ. ა-ის სასარგებლოდ 1998-2003 წლებში მიუღებელი ხელფასის (თანამდებობრივი სარგოსა და კვების ულუფის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციის გათვალისწინებით) ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, მუშაკის სახელფასო და კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური გარანტიების დავალიანების ანაზღაურება იმ ორგანოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელთანაც იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა.
ამასთან, 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციით „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, ისევე როგორც „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების შესაბამისი ნორმებით დადგენილი იყო, რომ პოლიციელის ხელფასი მოიცავდა არა მარტო თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, არამედ ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფის ღირებულებას და სხვას. თუმცა 2000 წლის 28 ივნისის #413 კანონით „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით ხსენებული კანონის 31-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და მის შესაბამისად ხელფასი მოიცავს მხოლოდ თანამდებობრივ და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა (თანამდებობრივი სარგო და კვების ულუფა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი რედაქციის გათვალისწინებით) არ არის ხანდაზმული. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, სარჩელი აღძრულია 18.10.2017წ. - „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის მოქმედების პირობებში, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ კანონი ამოქმედდა 2017 წლის 1 ივლისიდან (128 მუხ.). მითითებული კანონის ამოქმედებამდე საკითხის რეგულირებას ახდენდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონი, რომლის 1341 მუხლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა ხორციელდებოდა წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. საკასაციო სასამართლოს მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 1341 მუხლის თანახმად, რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რაც წარმოადგენს დავალიანების კანონისმიერ აღიარებას. შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება დავის გადაწყვეტისას ახალი კანონის რეგულაციების გამოყენების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი