Facebook Twitter

№ბს-1534(კ-18) 14 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 10 ივნისს სს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 18 მარტის №18/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ. ფ-ე და მ. ხ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ რ. კ-ი, თ. კ-ი, თი. კ-ი და ბ. კ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით სს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით სს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდს; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადიმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მ. ხ-ი ითხოვს შეწყვეტილი ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენას ისე, რომ სადავოდ არ გაუხდია მ. ფ-ის აბონენტობის საკითხი. კასატორის მოსაზრებით, მარეგულირებელი კომისია გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და ნორმატიული აქტით დადგენილი რიგი პროცედურების უგულებელყოფის შედეგად დაავალა სს „...ს“ მიეწოდებინა მ. ხ-ისათვის ბუნებრივი აირი. კასატორის მითითებით, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის და წესების თანახმად, დეტალურად არის განსაზღვრული თუ როგორ შეიძლება პირი გახდეს მომხმარებელი - აბონენტი და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ის. ფაქტობრივი მდგომარეობით სახეზეა, რომ მ. ფ-ე ისევ არის სს „...ის“ აბონენტი, ხოლო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დავალებით მ. ხ-ი ბუნებრივი აირის მომხმარებელი იმავე მისამართზე, რა მისამართზეც მ. ფ-ე ირიცხება აბონენტად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „...ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 18 მარტის №18/16 გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა, რომლითაც მ. ხ-ის განცხადება დამაყოფილდა და სს „...ს“ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-11 მუხლით გათვალისწინებული დეპოზიტზე თანხის შეტანისა და მოხმარებული ბუნებრივი გაზის მიმდინარე საფასურის გადახდის პირობით, დადგინდა ქ. რუსთავში, ... №4-ში მდებარე ბინაში ბუნებრივი გაზის მოწოდების აღდგენა.

საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იმ საკითხის გამორკვევა, რამდენად იყო ქ. რუსთავში, ... №4-ში მდებარე ბინის მესაკუთრე, რომელიც ფაქტობრივად არ ახორციელებდა მის ფლობას და მასში ცხოვრობდნენ სხვა პირები, უფლებამოსილი მოეთხოვა ბინაში ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა და ასვე მაშინ, როდესაც უძრავი ქონების მესაკუთრეს არ წარმოადგენს გაზმომარაგებაზე დაინტერესებული პირი, ჰქონდა თუ არა მას უფლება მიემართა სს „...ისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის მოთხოვნით.

საქმის მასალებიდან გამომდინარე, ბ. კ-ს საკუთრების უფლებით 2009 წლის 30 ნოემბრიდან რეგისტრირებული აქვს ბინა, მდებარე ქ. რუსთავში, ... №4-ში. საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა უძრავი ქონების გამოსყიდვის 2009 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულება. საქმეზე სადავო არ არის ის გარემოება, რომ მითითებული ბინით გარდა ბ. კ-ისა, სარგებლობენ მ. ხ-ი და ოჯახის სხვა წევრები: თ., თი. და რ. კ-ები.

მ. ფ-ეს საკუთრების უფლებით 2014 წლის 21 მაისიდან რეგისტრირებული აქვს ბინა, მდებარე ქ. რუსთავში, ... №4-ში. საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 15 მაისის განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღების შესახებ.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 2015 წლის 20 აპრილის №A14064135-010/008 განკარგულებით მ. ფ-ეს განემარტა, რომ აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების წარმოებაში მყოფი საქმე, სადაც მ. ფ-ე არის კრედიტორი, ხოლო მოვალე ბ. კ-ი, მოთხოვნა ბ. კ-ის იძულებითი გამოსახლება, შეწყდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღსრულების შეწყვეტის საფუძვლად განკარგულებაში მითითებული იქნა მ. ხ-ის მიერ სააღსრულებო პოლიციისათვის წარდგენილი სასამართლოს 1989 წლის 19 აპრილის №2/433-89 (№213) გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 სექტემბრის განჩინებით მ. ფ-ის სარჩელი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 2015 წლის 20 აპრილის №A14064135-010/008 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე დატოვებული იქნა განუხილველად, მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო.

მ. ფ-ემ 2015 წლის 26 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სს „...ს“ გაზმომარაგების შეწყვეტის თხოვნით. განცხადების საფუძველზე შეწყდა ბუნებრივი გაზით მომარაგება მ. ფ-ის საკუთრებაში არსებულ ბინაში.

სს „...ს“ 2015 წლის 3 ნოემბერს განცხადებით მიმართა მ. ხ-მა, რომელმაც მოითხოვა გაზმომარაგების აღდგენა და წარადგინა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და სასამართლოს გადაწყვეტილება.

სს „...ის“ 2015 წლის 15 დეკემბრის წერილით მ. ხ-ს ეცნობა, რომ იგი უფლებამოსილია აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განცხადებით მიმართოს შესაბამის ლიცენზიანტს, რასაც თან უნდა ახლდეს უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ცნობა, ხოლო უძრავი ქონებით დროებითი სარგებლობის შემთხვევაში - ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობა. განმცხადებელს განემარტა, რომ აღნიშნულის შემდეგ მოხდებოდა ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას 2015 წლის 24 დეკემბერს საჩივრით მიმართა მ. ხ-ის წარმომადგენელმა დ. ზ-მა, რომელმაც მოითხოვა გაზის მიწოდების დაუყოვნებლივ აღდგენა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 18 მარტის №18/16 გადაწყვეტილებით მ. ხ-ის განცხადება დამაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს განმარტებას მასზედ, რომ მიუხედავად მ. ფ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისა საჯარო რეესტრში, საკუთრების უფლების არააბსოლუტური ხასიათის გათვალისწინებით, ყველა ადამიანს გააჩნია ღირსეულ პირობებში ცხოვრების უფლება, რაშიც უდავოდ მოიაზრება ის ძირითადი უფლება, როგორიცაა კომუნალური მომსახურების მიღების უფლება, რომელიც აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის არის განკუთვნილი. ის არ წარმოადგენს დამატებით სარგებელს, რომელიც ცდება აუცილებელ საჭიროებას მიკუთვნებულ საკითხთა რიგს. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25(1) მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, რომელიც აუცილებელია მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. გაზმომარაგება ის აუცილებელი პირობაა, რომელიც ყველა პირს უნდა ჰქონდეს უზრუნველყოფილი, მათ შორის, იმ პირსაც, რომელიც შესაძლოა არამართლზომიერად სარგებლობდეს უძრავი ქონებით - დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე, მიუხედავად მისი შემოსავლებისა და სოციალური სტატუსისა. ცხოვრების სათანადო დონის რეალიზაციის წინაპირობა არის ის, რომ პირი თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ახორციელებს ყველა ღონისძიებას, რათა თავისთვის შეიქმნას პირობები, რომელიც მისი ცხოვრების სათანადო დონეს უზრუნველყოფს. მოცემულ შემთხვევაში მ. ხ-ის მოთხოვნა გაზმომარაგების აღდგენის თაობაზე შეესაბამებოდა ყოველი ადამიანისთვის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დელარაციით მინიჭებულ უფლებას - უზრუნველყოფილი ჰქონდეს ცხოვრების სათანადო დონე.

სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მესაკუთრის უფლების დაცვის პროპორციულ ქმედებას არ წარმოადგენს უძრავი ნივთის მფლობელისთვის გაზმომარაგების შეწყვეტა. აღნიშნული წარმოადგენს მესაკუთრის უფლების ბოროტად გამოყენებას, რომელიც ცდილობს საკანონმდებლო რეგულაციის გვერდის ავლით მიაღწიოს დასახულ მიზანს. ამგვარი მიზნის მიღწევაში დამხმარე როლი არ უნდა შეასრულოს გაზმომარაგების კომპანიამ. სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება არ დაუშვას და ხელი შეუშალოს მსგავსი ოპერაციის განხორციელებას. შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სწორად განსაზღვრა საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობა, სწორად მიანიჭა ქონების მფლობელს უპირატესობა მოცემულ სადავო საკითხში და არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სს „...ის“ საკასაციო საჩივარზე მ. ჯ-ეს 30.11.2018წ. №54 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სს „...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ოქტომბრის განჩინება;

3. სს „...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. ჯ-ის მიერ 30.11.2018წ. №54 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი