Facebook Twitter

№ბს-52(კ-19) 11 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 30 ნოემბერს ლ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ 7000 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლიდან 2017 წლამდე იმყოფებოდა საკონტრაქტო სამსახურში. პირველი კონტრაქტი მასსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა 2007 წლის 8 დეკემბერს, მეორე - 2013 წლის 11 აპრილს, ხოლო მესამე - 2017 წლის 11 აპრილს. კონტრაქტებს შორის წყვეტა არ ჰქონია 2 წელზე მეტი ვადით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 42-ე და 47-ე მუხლების შესაბამისად, თუ კონტრაქტით მოსამსახურე პირებს 4-წლიანი კონტრაქტის შემდეგ კვლავ გაფორმებული აქვს 2-წლიანი და 4-წლიანი კონტრაქტი და არ არსებობს კონტრაქტებს შორის 2 წელზე მეტი ვადით წყვეტა, ერთჯერადი დახმარება მიეცემა შემდეგი ოდენობით: ა) ორი წლით კონტრაქტის საფუძველზე სამსახურის გავლის შემთხვევაში 3000 ლარი; ბ) ოთხი წლით კონტრაქტის საფუძველზე სამსახურის გავლის შემთხვევაში 7000 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკუთვნოდა ერთჯერადი დახმარების სახით 7000 ლარის ოდენობით, რაც მიუხედავად მისი წერილობითი მოთხოვნისა, არ მიუღია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ლ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7000 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელეს უარი ეთქვა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 პუნქტის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე: ა) სამხედრო მოსამსახურემ: ა.ა) იმსახურა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების „წვრთნისა და აღჭურვის“ ერთობლივი პროგრამით და ამავე დროს კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა სამი წლისა და სამი თვის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.ბ) კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.გ) წინა კონტრაქტი შეუწყდა 8 წლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე; ა.დ) ამ პუნქტის „ა.ა“ ან „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ბ) მე-4 პუნქტში მითითებულმა სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა მე-4 პუნქტში მითითებული 2, 4 ან 8-წლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ; გ) სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა ერთწლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ. ბრძანების 472 პუნქტის მიხედვით, 471 პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარება მიეცემა შემდეგი ოდენობით: ა) ორწლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 3000 ლარი, ან; ბ) ოთხწლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 7000 ლარი, ან; გ) რვაწლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც შეწყდა პირველი 4 (ოთხი) წლიანი კონტრაქტი 7000 ლარი, ან; დ) მეორე ან მომდევნო ოთხი/რვა წლიანი კონტრაქტის შემდგომ რვაწლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 14000 ლარი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ლ. ა-ს 2017 წლის 11 აპრილს წარმოეშვა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე, რამდენადაც მას გავლილი ჰქონდა სამხედრო სამსახური 4-წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ იქნა გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტის შემდგომ), კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად იყო ამოწურული და ახალი კონტრაქტის დადებამდე არ იყო გასული 2 წელზე მეტი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის სხვადასხვა დროს გაფორმებული ხელშეკრულებები „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ არ ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას და განმარტა, რომ კონტრაქტის დადების პერიოდში მოქმედი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება ერთჯერადი დახმარების გაცემას არ ითვალისწინებდა მხოლოდ მაშინ თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, აღნიშნული ამოქმედდა 2017 წლის 10 მარტიდან, შესაბამისად, მითითებული ცვლილებით დადგენილი დანაწესი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, მოცემულ შემთხვევაში ვალდებულებაზე, ვინაიდან, ნორმატიული აქტით უკუძალა დადგენილი არ არის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩიენბის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, ერთჯერადი გასაცემლისათვის სავალდებულოა, რომ სახეზე იყოს შემდეგი წინაპირობები: სამხედრო მოსამსახურე, რომელიც გადიოდა სამხედრო სამსახურს 4-წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ იქნა გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან შემდგომ) და ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ამგვარი დახმარების გაცემის ვალდებულებას.

კასატორის მითითებით, ლ. ა-თან გაფორმებული კონტრაქტი არ ითვალისწინებდა ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემას. ამასთან, კასატორი ყურადღებას ამახივილებს იმ გარემოებაზე, რომ ლ. ა-თან გაფორმებული იყო 2008 წლის 4 აპრილის №683 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ და არა მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის №122 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ერთჯერადი თანხის გაცემას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელის - ლ. ა-ის სასარგებლოდ 7000 ლარის ოდენობით მიუღებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების დაკისრება.

სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანების (ძალადაკარგულია - 15.01.2018წ.) 471 პუნქტის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდება, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე სამხედრო მოსამსახურემ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთჯერადი გასაცემლის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის სამხედრო მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახური 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ უნდა იქნეს გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ), კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული და ახალი კონტრაქტის დადებამდე არ უნდა იყოს 2 წელზე მეტი გასული.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით დგინდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლ. ა-ს შორის 2007 წლის 8 დეკემბერს გაფორმდა სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულება, შემდგომ 2013 წლის 11 აპრილს კვლავ გაფორმდა მხარეთა შორის კონტრაქტი 4 წლის ვადით, ხოლო 2017 წლის 11 აპრილს №46049 ბრძანებით გაფორმდა №1421/17 კონტრაქტი „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ 4 წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კვლავ 4 წლის ვადით, რა დროსაც ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე მას წარმოეშვა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 07.03.2017წ. №14 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. №560 ბრძანებაში და დამატებული 476 პუნქტით განისაზღვრა სამინისტროს მხრიდან ერთჯერადი დახმარების გაცემა იმ შემთხვევაში, თუ ამგვარ ვალდებულებას კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ცვლილებით დადგენილი დანაწესი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე, რამეთუ ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში ნორმატიული აქტის უკუძალა დადგენილი არ არის, ხოლო კასატორს არ წარმოუდგენია რაიმე მოსაზრება ან დასაბუთება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 07.03.2017წ. №14 ბრძანებით განსაზღვრული ცვლილების გამოყენების აუცილებლობაზე. შესაბამისად, მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე ვრცელდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 26.09.2007წ. №560 ბრძანების მხოლოდ 471 და 472 პუნქტებით გათვალისწინებული დანაწესი. მითითებული ცვლილებით დადგენილი დანაწესი კი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი