Facebook Twitter

№ბს-62(კ-19) 11 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 25 დეკემბერს გ. ც-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალციხის რაიონული განყოფილების მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა აღიარებულ იქნეს, რომ გ. ც-ი 1991 წლის 28 მაისიდან 1996 წლის 12 მარტამდე სამართლებრივ (შრომითი) ურთიერთობაში იმყოფებოდა და იმსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; აღიარებულ იქნა, რომ მოსარჩელე გ. ც-ი 1991 წლის 28 მაისიდან 1996 წლის 12 მარტამდე სამართლებრივ (შრომითი) ურთიერთობაში იმყოფებოდა და იმსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი სამართლებრივი მსჯელობისა და სათანადო გამოკვლევის გარეშე სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებზედაც სამინისტრო მიუთითებდა თავის სააპელაციო საჩივარში, არასრულყოფილად იმსჯელა და სრულიად უსაფუძვლოდ არ გაიზიარა. კერძოდ, ბრძანება იმის შესახებ, რომ გ. ც-ი შეიარაღებულ ძალებში მსახურობს 1991 წლიდან, არ არსებობს მოცემულ საქმეში, ამასთან, ეროვნული გვარდიის უფროსის 20.03.1992 წლის №25 ბრძანების თანახმად, გ. ც-ი №2 ასეულის მეთაურის ... თანამდებობაზე დაინიშნა 1992 წლის 1 მარტიდან, I საარმიო კორპუსის მეთაურის №26 ბრძანების შესაბამისად კი, მას სამხედრო წოდება - კაპიტანი მიენიჭა 1993 წლიდან. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება არც ერთმა სასამართლომ არ გაიზიარა და სრულიად საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო.

კასატორის მითითებით, სასამართლოებმა გადაწყვეტილების მიღებისას ასევე გაიზიარეს ეროვნული გვარდიის კადრების განყოფილების უფროსის მიერ გაცემული ცნობა (რომელზედაც თარიღიც კი არ იკითხება სრულყოფილად) და ასევე 1995 წელს შევსებული ანკეტა, რაც არამართებულია, ვინაიდან ანკეტა შევსებულია არა ქართულ, არამედ რუსულ ენაზე, ხოლო საქმეს არ ერთვის მისი სათანადო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი. რაც შეეხება ცნობას, სასამართლომ ფაქტობრივად იგი დაუპირისპირა ბრძანებას (ეროვნული გვარდიის 20.03.1992წ. №25 ბრძანება) და მიანიჭა უფრო მეტი მნიშვნელობის ძალა, რაც კასატორს ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია.

რაც შეეხება ნამსახურობის ნუსხას, კასატორის განმარტებით, გ. ც-ის პირად საქმეში №6119 არსებული ნამსახურების ნუსხის მიხედვით მისი ნამსახურობა იწყება 28.02.1992 წლიდან, განსხვავდება საქმეში არსებული მეორე ნამსახურობის ნუსხისგან, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ არ იქნა შეფასებული და გამოკვლეული სათანადოდ და ყოველგვარი სამართლებრივი მსჯელობის გარეშე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო ერთ-ერთ პირად საქმეს, ხოლო ის თუ რატომ არ გაიზიარა მეორე პირად საქმეში არსებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც გ. ც-ის ნამსახურობა იწყებოდა 1992 წლიდან, არც ერთმა ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

კონკრეტულ შემთხვევაში სადავოა გ. ც-ი სამართლებრივ ურთიერთობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში იმყოფებოდა 1991 წლიდან თუ 1992 წლიდან.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთანავე, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (სსკ-ის 105-ე მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, საქმეში დაცული მტკიცებულებები ურთიერთსაპირისპირო გარემოებებზე უთითებენ.

ერთი მხრივ, საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელე გ. ც-ის მიერ წარდგენილი მისი პირადი საქმე (ნამსახურობის ნუსხა), რომლიდანაც დგინდება, რომ მოსარჩელის ნამსახურობა იწყება 1991 წლიდან, მეორე მხრივ, გ. ც-ის პირადი საქმე (ნამსახურების ნუსხა), რომლიდანაც დგინდება, რომ მოსარჩელის ნამსახურობა იწყება 1992 წლიდან.

ეროვნული გვარდიის სამმართველოს კადრების მიერ გაცემული ცნობიდან ირკვევა, რომ გ. ც-ი მსახურობდა ეროვნული გვარდიის ახალციხის ბატალიონში მეთაურის ... არტილერიის დარგში 1991 წლის 26 მაისიდან. აღნიშნულ ცნობაშივეა განმარტებული, რომ მოსარჩელის პირადი საქმე 1991-92 წლებში მომხდარი მოვლენების დროს იქნა განადგურებული. საქმის დაკარგვის ფაქტი ასევე დასტურდება 1996 წლის ცნობით, რომ მოსარჩელის რუსული პირადი საქმე №3793 დაკარგულია გაურკვეველი მიზეზით. საქმეში ასევე წარმოდგენილია გ. ც-ის ანკეტა, რომლითაც დადგენილია, რომ გ. ც-ი 1991-1993 წლებში მსახურობდა ეროვნული გვარდიის მეთაურის ... არტილერიის დარგში. ანკეტა შევსებულია 1995 წლის 18 ივნისს და ხელს აწერს (ს/ნ. …) კადრების უფროსი.

იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე გ. ც-ის ნამსახურობა იწყებოდა 1991 წლიდან, ასევე ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები. გარდა ამისა, საქმეში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილია საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს I-საარმიო კოპუსის მეთაურის 1993 წლის 1 ივნისის ბრძანება №26, რომლის მიხედვით, გ. ც-ს მიენიჭა კაპიტნის წოდება, მაგრამ აღნიშნულ ბრძანებაში მითითებულ თარიღს სასამართლო ვერ გაიზიარებს გ. ც-ისათვის კაპიტნის მინიჭების თარიღად, ვინაიდან, დადგენილია, რომ საქართველოს რესპუბლიკის გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსის 28.02.1992წ. ბრძანებით გ. გ. ც-ს ახალციხის №9 ბატალიონის მეთაურის ...ეს არტილერიის დარგში, მიენიჭა სამხედრო წოდება - კაპიტანი. ზემოაღნიშნული სამხედრო წოდების მინიჭება დასტურდება ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნამსახურეობის ნუსხით და მე-6 საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის მეთაურის წარდგინებით. ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ წარმოუდგენია, რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ გ. ც-ს უკვე მინიჭებული სამხედრო წოდება კაპიტანი 28.02.1992წ. ბრძანების შემდეგ ჩამოერთვა ან აღნიშნული ბრძანება გაუქმებულია, შესაბამისად, გია ცოტნააშვისათვის კაპიტნის სამხედრო წოდების მინიჭება მოხდა საქართველოს რესპუბლიკის გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსის 28.02.1992წ. ბრძანებით, ამასთან, ამავე ბრძანებით ცალსახად დასტურდება, რომ ბრძანების გამოცემისას 28.02.1992 წლისათვის გ. გ. ც-ი უკვე მსახურობდა ახალციხის №9 ბატალიონში და მას გააჩნდა შესაბამისი სამხედრო წოდება, რადგან „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარისო სამხედრო წოდებებია: ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს მორიგი სამხედრო წოდება ენიჭება თანამიმდევრობით, საფეხურის გამოტოვების გარეშე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ანკეტასთან დაკავშირებით კასატორის მოსაზრებას, რომლის თანახმად, აღნიშნული დოკუმენტი სასამართლოს მტკიცებულებად არ უნდა მიეჩნია, ვინაიდან, იგი შევსებულია არა ქართულ, არამედ რუსულ ენაზე და საქმეს არ ერთვოდა სათანადო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი. ის დოკუმენტი რომლის მიმართაც კასატორს გააჩნია პრეტენზია, საქმეში წარმოდგენილია ქართულ ენაზე ასლი სახით, დამოწმებული თავად თავდაცვის სამინისტროს უწყების მიერ. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კასატორი სადავოდ ხდის დოკუმენტის მხოლოდ ფორმალურ მხარეს (თარგმანს), თუმცა პრეტენზიას არ გამოთქვამს მასში ასახულ შინაარსზე. რაც შეეხება ეროვნული გვარდიის კადრების განყოფილების უფროსის მიერ გაცემულ ცნობას და რომლის მიმართაც პრეტენზია გამოთქმულია მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ აღნიშნულ დოკუმეტნზე თარიღი არ იკითხება, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა არა ცნობის თარიღი, არამედ მისი შინაარსი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობაში არსებული შინაარის ნამდვილობაში ეჭვი შეაქვს მხოლოდ თარიღის მიუთითებლობის მოტივით, რაც უსაფუძვლოა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორი ურთიერთგამომრიცხავი შინაარსის მქონე დოკუმენტის (ნამსახურების ნუსხა) ურთიერთდაპირისპირების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ გ. ც-ი შრომით ურთიერთობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან იმყოფებოდა 1991 წლიდან, საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი. მოპასუხემ სარწმუნოდ ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელე სადავო პერიოდში არ მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი