Facebook Twitter

#ბს-115(2კ-19) 5 სექტემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ე. გ-ის წარმომადგენლის მ. კ-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 19 ოქტომბერს ე. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 12 ივლისს დააკავეს საქართველოს შს სამინისტროს ოპერატიულმა მუშაკებმა სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ეჭვის საფუძველზე, რომლის მიხედვით თითქოსდა ორგანიზებულ ჯგუფში მონაწილეობით ჩადენილი ჰქონდა საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა. ამგვარი დანაშაულის სასჯელის მინიმალური ზღვარია 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელის სახედ გათვალისწინებულია უვადოდ თავისუფლების აღკვეთაც. პატიმრობაში იმყოფებოდა 8 თვე და 4 დღე, რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 მარტის 1/6099-14 განაჩენით გამართლდა.

მოსარჩელის მითითებით, 25 წელზე მეტია, რაც საერთაშორისო ტვირთების გადამზიდავი მძღოლია და ამ დროის განმავლობაში კანონთან კონფლიქტში არ ყოფილა, არასდროს ჰქონია გართულება საბაჟო, სასაზღვრო თუ სამართალდამცავ სამსახურებთან. მის ოჯახს ბრალდების გამო გარდა მორალური ზიანისა, მიადგა ასევე არსებითი ხასიათის მატერიალური ზიანიც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხისათვის მორალური ზიანის სახით - 10 000 ლარისა და მატერიალური ზიანის სახით - 9 910 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 იანვრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს მთავარ პროკურატურას ე. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 6 500 ლარისა და მატერიალური ზიანის - 630 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაეკისრა საქართველოს მთავარ პროკურატურას ე. გ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 630 ლარის ანაზღაურება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ე. გ-ის სარჩელი მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდ; დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ აღძვრა, პატიმრობის შეფარდება ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს პირისთვის მორალურ ზიანის ანაზღაურების საფუძველს, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო ორგანოს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესი და პირობები დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილით; ამ ნორმის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

სააპელაციო პალატის მითითებით, ვინაიდან ე. გ-ე დააკავეს 2014 წლის 12 ივლისს და პატიმრობაში იმყოფებოდა 2015 წლის 16 მარტამდე, აღნიშნული იწვევს პირის ღირსების შელახვას. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მასალებით უდავოდ დასტურდება მოსარჩელისათვის მორალური ზიანის მიყენების ფაქტი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი იყო მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე ე. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოვლა-შენახვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის მატერიალური ზიანის ე. გ-ის სასარგებლოდ დაკისრებაზე უარის თქმის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, პატიმრობის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: საცხოვრებელი სადგომით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით; სამედიცინო მომსახურებით, ახლო ნათესავებთან შეხვედრით, დამცველთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან შეხვედრით, სატელეფონო საუბრებით და მიმოწერით, ამანათებისა და ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნით, უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციებით.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მართალია დასტურდება მოსარჩელის ანგარიშზე 630 ლარის ჩარიცხვა, რომლითაც ე. გ-ეს პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში განხორციელებული აქვს შესყიდვები, მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 630 ლარის დაკისრების ფაქტობრივ საფუძველს, ვინაიდან ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია ისეთი პირობებით, რომელიც მას პატიმრობის პერიოდში ესაჭიროება. შესაბამისად, საქართველოს მთავარი პროკურატურა არ არის ვალდებული აანაზღაუროს ის ხარჯი, რომელიც მოსარჩელემ სურვილისამებრ გასწია პატიმრობის პერიოდში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე. გ-ემ და საქართველოს მთავარმა პროკურატურამ.

კასატორმა - საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ხოლო კასატორმა - ე. გ-ემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც უარი ეთქვა მატერიალური ზიანის სახით 630 ლარის ანაზღაურებაზე და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. ამასთან, კასატორი - ე. გ-ე საკასაციო საჩივარში საპროცესო ხარჯების ანაზღაურებაზე მიუთითებდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. გ-ისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის (საქართველოს მთავარი პროკურატურის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით ე. გ-ისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის (საქართველოს მთავარი პროკურატურის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინების ასლი ე. გ-ის წარმომადგენელს მ. კ-ას ჩაბარდა 2019 წლის 22 ივლისს.

2019 წლის 29 ივლისს ე. გ-ის წარმომადგენელმა მ. კ-ამ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით. განმცხადებლის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 25.10.2017წ. გადაწყვეტილებაზე შეტანილ საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა არ იმსჯელეს სასამართლო ხარჯების ანაზღაურების საკითხზე და, შესაბამისად, ეს არ გადაწყვეტილა ამ სასამართლოების მიერ მიღებული საპროცესო აქტებით. განმცხადებლის მითითებით, ისინი ითხოვდნენ მოწინააღმდეგე მხარისათვის მათ სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის დაკისრებას. 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მათი საკასაციო საჩივარი და კვლავ არ გადაწყვეტილა სასამართლო ხარჯების საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვს სასამართლომ იმსჯელოს სასამართლო ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების საკითხზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმა არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).

საკასაციო სასამართლო განმარტვას, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით, რომელშიც არ მოიაზრება ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პროცესის აღნიშნული ნორმა განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ანალოგიის წესით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე ე. გ-ის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მითითებულია როგორც მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე, ასევე საპროცესო ხარჯების ანაზღაურების საკითხზე, თუმცა, საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განჩინება, რომლითაც ე. გ-ისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის (საქართველოს მთავარი პროკურატურის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება, შეიცავს მსჯელობას მხოლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ე. გ-ის საკასაციო საჩივარზე, რის გამოც განმცხადებელი მართებულად მიუთითებს საკასაციო სასამართლოს მიერ ხარჯების თაობაზე მსჯელობის არარსებობაზე. რაც შეეხება უშუალოდ ე. გ-ის მოთხოვნას საპროცესო ხარჯების ანაზღაურების ნაწილში, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებზე:

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო საჩივარში ე. გ-ე საკასაციო მოთხოვნაში მიუთითებს სასამართლო ხარჯების მოპასუხეზე დაკისრებაზე, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთების გრაფაში აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ იმსჯელა საპროცესო ხარჯების ანაზღაურებაზე, ამასთან, წარმოდგენილ განცხადებაში მოთხოვნილია სასამართლო ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე მსჯელობა. შესაბამისად, როგორც საკასაციო საჩივრიდან, ასევე წარმოდგენილი განცხადებიდან, ბუნდოვანია ე. გ-ის მოთხოვნის შინაარსი, რის გამოც საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს იმსჯელოს როგორც სასამართლო ხარჯების, ასევე, ზოგადად, საპროცესო ხარჯების ანაზღაურების საფუძვლიანობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: 1. პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. 2. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 3. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, 2016 წლის 19 ოქტომბერს ე. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ, მოპასუხისათვის უკანონო ბრალდებისა და პატიმრობის გამო მორალური ზიანის სახით - 10 000 ლარისა და მატერიალური ზიანის სახით - 9 910 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები - უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. შესაბამისად, მოცემული დავა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან, ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამასთან, საქმეზე არ დასტურდება მოსარჩელის - ე. გ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ფაქტი ან საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, რის გამოც უსაფუძვლოა ე. გ-ის მოთხოვნა სასამართლო ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.

ამასთან, პროცესის ხარჯებს სასამართლო ხარჯების გარდა შეადგენს ასევე სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.3 მუხლი). აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სასარჩელო მოთხოვნაზე, რომლითაც ე. გ-ე ითხოვდა მოპასუხის - საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით - 10 000 ლარისა და მატერიალური ზიანის სახით - 9 910 ლარის ანაზღაურების დაკისრებას. სარჩელის მიხედვით, მოთხოვნილი მატერიალური ზიანი - 9 910 ლარი მოიცავს: 8 თვის მიუღებელ შემოსავალს - 8 000 ლარის ოდენობით, 8 თვის განმავლობაში მინიმალურ სარჩოს - 1 280 ლარს და პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში მოსარჩელისთვის ჩარიცხულ 630 ლარს (8000+1280+630=9910). სასამართლო გადაწყვეტილებით ფორმულირებული სასარჩელო მოთხოვნით მატერიალური ზიანი არ მოიცავს სხვა ხარჯებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ე. გ-ის მიერ არ გასაჩივრებულა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ე. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს მთავარ პროკურატურას ე. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 6 500 ლარისა და მატერიალური ზიანის - 630 ლარის ანაზღაურება.

რაც შეეხება საკასაციო ეტაპზე საპროცესო ხარჯების ანაზღაურების საკითხს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით ე. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, შესაბამისად, საკასაციო ეტაპზე კასატორის მიერ გაწეული ხარჯები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა ე. გ-ის მოთხოვნა საპროცესო ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს ე. გ-ის წარმომადგენლის მ. კ-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარისათვის - საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის ე. გ-ის სასარგებლოდ საპროცესო ხარჯების დაკისრების თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მეორე ნაწილით, 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. გ-ის წარმომადგენლის მ. კ-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარისათვის - საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის ე. გ-ის სასარგებლოდ საპროცესო ხარჯების დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი