Facebook Twitter

№ბს-128(კ-19) 7 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 11 დეკემბერს გ. თ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ახალციხის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ ქ.ახალციხეში, ... ქუჩის მიმდებარედ არსებულ 82 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გ. თ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 10 ნოემბრის №16 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გ. თ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების დავალება მოითხოვა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით გ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 10 ნოემბრის №16 სხდომის ოქმი გ. თ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, რომელიც ეხება ქ. ახალციხეში ... №42-ის მიმდებარედ 82 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას; მოპასუხე ახალციხის მუნიციპალიტეტში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა გ. თ-ის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ახალციხის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. თ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ სათანადო შეფასება არ მიეცა იმ გარემოებას, რომ მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარებას, განთავსებულია სხვადასხვა სახის მრავალწლოვანი ნარგავები და ასევე საზაფხულო შენობა, რომლის საძირკველიც არის ბეტონის და მყარად დაკავშირებული გრუნტთან. კასატორის მითითებით, სასამართლოს მიერ ასევე არასწოდ იქნა შეფასებული ის გარემოება, რომ მის მიერ საუთრების უფლების აღიარებისათვის მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ შედის ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 ივლისის 1841/05 წერილით მოთხოვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 9503.99 კვ.მ.-ის ფართში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. თ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ახალციხის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 10 ნოემბრის №16 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება, რომლითაც გ. თ-ეს უარი ეთქვა ქ. ახალციხეში, ... მიმდებარედ არსებულ 82 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე. მოსარჩელე ასევე ითხოვდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ქ. ახალციხეში, ... მიმდებარედ არსებულ 82 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გ. თ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტში მოცემულია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რაც განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად.

მოცემულ შემთხვევაში, კომისიას უნდა დაედგინა უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა ისეთ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რაც განსაზღვრულია ზემოაღნიშნული ნორმით.

დადგენილია, რომ გ. თ-ის საკუთრებაშია ქ. ახალციხეში, ... №42-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში (კორპუსში) ბინა №48 (ს/კ ...), რის გამოც ცალსახაა, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს მომიჯნავეს; ამდენად, საკითხი შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ ნაკვეთს, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობა.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შენობა არის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა. ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დროებითი შენობაა ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობდასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.

საქმის მასალით, კერძოდ, ფოტო და ვიდეო მასალით დგინდება, რომ თვითნებურად დაკავებულ ტერიტორიაზე განთავსებულია ანაკრები ელემენტებისაგან მავთულბადით, ხის მასალით და შიფერით შეკრული, სავალალო მდგომარეობაში მყოფი ნაგებობა, რაც წარმოადგენს დროებითი ხასიათის კონსტრუქციას (დროებითი შენობა) და არა ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შენობას.

ამასთან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელზე შედგენილ ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 ივლისის №1841/05 წერილით მოთხოვნილია ქ. ახალციხეში, მდინარე ... მარჯვენა მხარეს, ... მიმდებარედ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ფართით 7766,00 კვ.მ.-ის და ამავე მიმართულებით მდებარე სახელმწიფოზე რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ფართით 9503,99 კვ.მ.-ის (საკადასტრო კოდი ...) ქალაქ ახალციხის მუნიციპლიტეტის მერიისათვის გადაცემა იმ მოტივით, რომ ახალციხის მერიას ქალაქისათვის კომპლექსური სპორტულ-გამაჯანსაღებელი და მოსასვენებელი ტერიტორიის მოწყობის მიზნით დაგეგმილი აქვს მდინარის სანაპირო ზოლის მწვანე ნარგავებით განაშენიანება, მისი კეთილმოწყობის მიზნით სკვერის, ველოტრეკისა და ფეხით მოსიარულეთა ბილიკის მოწყობა, რომელიც დააკავშირებს ერთმანეთთან ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებულ ...ას და ...ას, სადაც განთავსდება შიდა და გარე სავარჯიშო კომპლექსები, ველობილიკი და ფეხით მოსიარულეთა ბილიკი. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ამ მიზნით, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 9503,99 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გაშენდა 200 ძირი წაბლი და ცაცხვის ხე, მასზე მიმდინარეობდა სკვერის, მინი ფეხბურთის მოედნის და ბავშვთა ატრაქციონის მშენებლობა. სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის 2018 წლის 13 სექტემბრი №417/2 წერილი ასევე ადასტურებს, რომ ქ. ახალციხეში, ... მიმდებარედ, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება შეტანილია განსაკარგ ობიექტთა ნუსხაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მართალია, საქმის მასალებით არ არის დადასტურებული, რომ ქ. ახალციხეში, ... №42-ის მიმდებარედ, გ. თ-ის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს უშუალოდ იმ ტერიტორიას, რომელზეც ახალციხის მერიას დაგეგმილი აქვს საზოგადოებრივი დანიშნულების სხვადასხვა ობიექტის - დასასვენებელი სკვერის, სპორტული კომპლექსის, საბავშვო ატრაქციონებისა და ველოსიპედის ბილიკის მოწყობა, ასევე არ დგინდება, რომ სადავო ფართი საპროექტო ტერიტორიის მომიჯნავეა, თუმცა ცხადია, რომ იგი საპროექტო ტერიტორიასთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს. ქალაქ ახალციხისათვის ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელების მნიშვნელობის გათვალისწინებით და სივრცით ტერიტორიული დაგეგმვის თვალსაზრისით ეს ტერიტორია (ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი) მეტად მნიშვნელოვანია ზემოაღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, რასაც ხელს შეუშლის მისი კერძო საკუთრებაში არსებობა. ასევე, საყურდაღებოა ქ. ახალციხეში, ... №42-ში მდებარე კორპუსში მცხოვრები 30 პირის (მეზობლები) განცხადება, რომლითაც ისინი გ. თ-ის მიერ უნებართვოდ დაკავებულ ტერიტორიაზე არსებულ უსახურ ფიცრულ ნაგებობასა და ანტისანიტარული მდგომარეობიდან გამომდინარე მოითხოვენ დაკავებული ტერიტორიის გამოთავისუფლებას და ეზოს მოწყობის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. თ-ის მიერ არათუ ვერ იქნა წარდგენილი თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საკმარისი დოკუმენტები, არამედ საკუთრების უფლების აღიარება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებულ ნაწილში ბათილად ცნობასა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას ადმინისტრაციული ორგანოსათვის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გ. თ-ეს საკასაციო საჩივარზე 12.03.2019წ. №12 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ. თ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. გ. თ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.03.2019წ. №12 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი