#ბს-171(კ-19) 7 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 17 ოქტომბერს მ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ მოპასუხის მიერ მ. ბ-ის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენისა და დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის 14 ლარის ოდენობით ანაზღაურების დავალების მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არის „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ ... . სამოსამართლო უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ (2015 წლის 22 სექტემბერი), მან მონაწილეობა მიიღო მოსამართლეთა შესარჩევ ორ კონკურსში, მაგრამ უშედეგოდ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მოსამართლის თანამდებობაზე არ დაინიშნა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მიმართ განხორციელებული განსხვავებული მოპყრობა განპირობებული იყოს ზოგადად „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“, მათ შორის, მ. ბ-ის შეხედულებებითა და სასამართლო სისტემისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით; მასთან ჩატარებული გასაუბრება ემსახურებოდა არა „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესით“ განსაზღვრული კრიტერიუმებით მის შეფასებას, არამედ „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ მიერ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების მიმართ კანდიდატის დამოკიდებულების გამჟღავნებას; მის მიმართ არ დასმულა კითხვები, რომლებიც მის კომპეტენციას თუ პროფესიულ უნარებს გამოავლენდა. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით მ. ბ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, განსჯადობის წესების დაცვით, განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრისა და 2018 წლის 25 იანვრის საოქმო განჩინებებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობები მტკიცებულებათა გამოთხოვისა და საქმეზე დართვის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან, აპელანტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრისა და 2018 წლის 25 იანვრის საოქმო განჩინებების გაუქმება და წარდგენილი შუამდგომლობების დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის საოქმო განჩინებებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობები მტკიცებულებების გამოთხოვისა და საქმეზე დართვის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. ბ-ის მიმართ მისი შეხედულებებისა და სასამართლო სისტემისადმი კრიტიკული დამოკიდებულების გამო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენისათვის, უნდა შეფასდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობისას კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით განმტკიცებულ თანასწორობის უფლებაში ჩარევის არსებობა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატის შეფასება ხორციელდება ორი ძირითადი კრიტერიუმის - კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის საფუძველზე. პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მახასიათებლებს სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატისთვის წარმოადგენს: ბ.ა) პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი; ბ.ბ) დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა; ბ.გ) პიროვნული და პროფესიული ქცევა; ბ.დ) პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია; ბ.ე) ფინანსური ვალდებულება. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კი კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლებს სამოსამართლო გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატისთვის წარმოადგენს: ბ.ა) სამართლის ნორმების ცოდნა; ბ.ბ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია; ბ.გ) წერის უნარი; ბ.დ) ზეპირი კომუნიკაციის უნარი; ბ.ე) პროფესიული თვისებები, მათ შორის ქცევა სასამართლო დარბაზში; ბ.ვ) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა; ბ.ზ) პროფესიული აქტივობა. ამავე წესის ამავე რედაქციის მე-10 მუხლის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან ამ წესით გათვალისწინებული შეფასების ძირითადი კრიტერიუმებით მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისას იხელმძღვანელონ ობიექტურობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით და გამოიყენონ შეფასების ერთგვაროვანი სტანდარტი ყველა კანდიდატთან მიმართებაში. ამასთან, შეფასების ძირითადი კრიტერიუმებით მოსამართლეობის კანდიდატის შეფასება ხორციელდება კანდიდატის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილი დოკუმენტაციის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ წესის შესაბამისად მოძიებული ინფორმაციისა და მოსამართლეობის კანდიდატთან ჩატარებული გასაუბრების შედეგების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში დაცული გასაუბრების ვიდეოჩანაწერით დგინდება საბჭოს წევრების მიერ მ. ბ-ისათვის არაერთი კითხვის დასმა. გასაუბრების მიმდინარეობისას, აპელანტს ჰქონდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და მსჯელობის შესაძლებლობა, რაც დამატებით ადასტურებდა, რომ გასაუბრება მიზნად ისახავდა კონკურსანტის კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის დონის განსაზღვრას და არა მის ჩაყენებას არათანაბარ მდგომარეობაში. დასმული კითხვებით და მიმდინარე გასაუბრებით არ მომხდარა კონკურსანტის რაიმე სახის კანონიერ უფლებათა და ინტერესთა ხელყოფა. პალატის მითითებით, საბჭოს გააჩნია ფართო დისკრეცია, რათა კონკურსანტის კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის დადგენის მიზნით დასვას ნებისმიერი სირთულის შეკითხვა როგორც სამართლის დარგიდან, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამასთან, მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისას, შეფასების ძირითადი კრიტერიუმებიდან გამომდინარე, საბჭოს წევრები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას შეკითხვის ფორმულირების, შინაარსისა და რაოდენობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, მ. ბ-ის მიმართ დასმული შეკითხვები მიმართული იყო სასამართლოს დამოუკიდებლობის, გამოხატვის თავისუფლების და სხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით კანდიდატის სამართლებრივი მსჯელობისა და არგუმენტაციის შეფასებისკენ. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კეთილსინდისიერების კრიტერიუმი კონკრეტული ფაქტისადმი პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას წარმოადგენს და მისი არსებობა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, ყველა ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს და დადგინდეს. ამასთან, პალატის მითითებით, საგულისხმოა, რომ დასმული კითხვების შინაარსი და ფორმა კანდიდატს გასაუბრების მიმდინარეობისას სადავო არ გაუხდია, რის გამო პალატამ არ გაიზიარა მ. ბ-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მასთან ჩატარებული გასაუბრება არ ემსახურებოდა კანდიდატის შეფასებას მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე.
აპელანტის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის - ვ. მ-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, სახელწოდებით - „...“, (რაც აპელანტის მოსაზრებით, ადასტურებდა მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს), პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული რეკომენდაციები წარმოადგენს ვ. მ-ის, როგორც საბჭოს არამოსამართლე წევრის მიერ გამოთქმულ სუბიექტურ მოსაზრებას, რაც არ ქმნის ობიექტურ სურათს საბჭოს, როგორც კოლეგიური ორგანოს ხედვის აღსაქმელად, რადგან საბჭოს გადაწყვეტილება ეფუძნება კომისიის თითოეული წევრის საკუთარ პროფესიულ შეფასებას, შინაგან რწმენას და პირად აღქმას. შესაბამისად, როგორც ვ. მ-ს გააჩნდა მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებული თავისი სუბიექტური შეფასების შესაძლებლობა, ანალოგიურად, საბჭოს სხვა წევრებიც თავიანთი შეფასების კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ასოციაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ დაფუძნდა 2014 წელს და მასში გაწევრიანება შეეძლო საერთო სასამართლოების სისტემის ყველა მოქმედ და რეზერვში ჩარიცხულ მოსამართლეს. ასოციაცია დააფუძნა 18-მა პირმა და 2016 წლის ოქტომბრის მდგომარეობით მისი წევრების რაოდენობა შეადგენდა 33-ს. პალატის მითითებით, საგულისხმოა, რომ 2013-2016 წლებში რაიონულ, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანამდებობები დაიკავეს ასოციაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ ჩვიდმეტმა წევრმა, რაც პალატის მოსაზრებით, ცალსახად მიუთითებს „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ წევრ მოსამართლეთა მიმართ განსხვავებული მიდგომისა და დისკრიმინაციის არარსებობაზე.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-41 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ხდება ფარული კენჭისყრის გზით. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ფარულობის ელემენტის შემოტანა ემსახურება გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტების ნების თავისუფლების უზრუნველყოფას და დაცვას გარე ფაქტორების ზემოქმედებისაგან. ფარულობა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დისკრეციული უფლებით მანიპულირებისგან დაცვის გარანტიასაც წარმოადგენს, რადგან მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება უმრავლესობის პრინციპს, რომელიც დეტერმინირებულია კოლეგიური ორგანოს თითოეული წევრის შინაგანი რწმენით. ამდენად, საბჭოს გადაწყვეტილება წარმოადგენს თითოეული წევრის ინდივიდუალურად (ერთპიროვნულად) მიღებულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობას, ხოლო მათი პირადი აღქმა საკანონმდებლო რეგულაციის მიღმა არსებობს და იგი არ ფასდება კანონთან მიმართებით, ვინაიდან საბოლოოდ ამ გადაწყვეტილების ფორმირება კანონმდებელმა საბჭოს მიანდო.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ წარდგენილ სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ: 1)საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის გადაწყვეტილებას (2017 წლის 18 ივლისის წერილი მოსარჩელის მიმართ), რომლის თანახმად, აპელანტი ვერ მიიღებდა მონაწილეობას ტრენინგში თემაზე „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა გენდერული თანასწორობის გზით“; 2)საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2015 წლის 21 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებას, რომლითაც 2015 წლის 22 სექტემბრიდან მ. ბ-ე გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან, უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო; 3) დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ მ. ბ-ე 2013 წლის 9 ივნისის საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე ვერ იქნა არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, სადავო საკითხთან კავშირი არ აქვთ და აღნიშნული მტკიცებულებები მოცემული დავის გადაწყვეტისათვის რელევანტურ მტკიცებულებებად ვერ იქნება მიჩნეული, ვინაიდან ისინი მოპასუხის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს არ ადასტურებს. მოცემულ საქმეზე მოპასუხეა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ხოლო დისკრიმინაციის კონტექსტში იუსტიციის უმაღლესი სკოლის, მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილების ან სამოსამართლო უფლებამოსილების გასვლის ფაქტორის ჩართვა, სცდება დავის ფარგლებს. მოსამართლეთა კონფერენცია გადაწყვეტილებას იღებს ქვეყნის ყველა მოსამართლის ჩართულობის (პოტენციურად ჩართულობის) გზით და მისი გადაწყვეტილება არ შეიძლება მიეწეროს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. იუსტიციის უმაღლესი სკოლა დამოუკიდებელი სტრუქტურული წარმონაქმნია და მისი ეგიდით ტრენერთა აქტივობებს პირდაპირი კავშირი არ აქვს მოსამართლედ გამწესების საკითხთან. რაც შეეხება, კანონით დადგენილი ვადის ამოწურვის გამო სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტას, აღნიშნული შეეხო ყველა მოსამართლეს, ვისაც დაუმთავრდა ეს ვადა. შესაბამისად, არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენების ელემენტი, თუნდაც ირიბი დისკრიმინაცია, არც ამ შემთხვევაში დასტურდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად არ დადგინდა მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირი კანდიდატის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებსა და მოსამართლის თანამდებობაზე მის დანიშვნაზე უარის თქმას შორის. ასეთ პირობებში კი, ასევე არ არსებობს მოპასუხისათვის მ. ბ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრისა და 2018 წლის 25 იანვრის საოქმო განჩინებების გაუქმებასთან მიმართებით, პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და დამატებით განმარტა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცალკეული კანდიდატის მოსამართლედ გამწესების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ კანდიდატის გამოცდილების, კვალიფიკაციის, კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების ნიშნით. აქედან გამომდინარე, განსხვავებულია გასაუბრებისას კანდიდატებთან დასმული კითხვების შინაარსი, ფორმულირება და რაოდენობა. ამდენად, თითოეულ შემთხვევაში საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ინდივიდუალური ნიშნით ხასიათდება. შესაბამისად, სხვა კონკურსანტთა გასაუბრების ჩანაწერები ვერ გამოდგება მ. ბ-ის მიმართ განსხვავებული მოპყრობის დამადასტურებელ მტკიცებულებად განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით აპელანტის მიმართ საბჭოს მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი არ დასტურდება. ტელეკომპანია „...ის“ ეთერში გასული საინფორმაციო გამოშვების ჩანაწერისა და 2016 წლის პირველ თებერვალს გამართული მოსამართლეთა მე-... რიგგარეშე კონფერენციის სხდომის ვიდეო-ჩანაწერის საქმეზე მტკიცებულებად დართვის თაობაზე კი, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სატელევიზიო სიუჟეტში და მოსამართლეთა მე-... რიგგარეშე კონფერენციაში მონაწილე მოსამართლე დ. გ-ი აპელანტ მ. ბ-ის კონკურსში მონაწილეობის პერიოდისათვის არ წარმოადგენდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და შესაბამისად, ის არ მონაწილეობდა მ. ბ-ის მოსამართლედ გამწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამდენად, დ. გ-ის, როგორც ცალკეული მოსამართლის მიერ, სხვადასხვა დროს, ასოციაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმდროინდელი შემადგენლობის მიმართ გამოთქმულ დადებით თუ უარყოფით მოსაზრებას არ შეიძლება რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რადგან საბჭოს გადაწყვეტილება ეფუძნება კენჭისყრის ფარულობას და საბჭოს თითოეული წევრის ინდივიდუალურ აღქმას, პირად პროფესიულ შეფასებას და შინაგან რწმენას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან, კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტობრის საოქმო განჩინებების გაუქმება მოითხოვა და იშუამდგომლა სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნეს 2015 წლის დეკემბერსა და 2016 წლის ივლისში თბილისის სააპელაციო სასამართლოში კონკურსის წესით დანიშნულ მოსამართლეებთან ჩატარებული გასაუბრების აუდიო/ვიდეო ჩანაწერები და მათ მიერ კონკურსში მონაწილეობის მიზნით შევსებული აპლიკაციები (თანდართული დოკუმენტებით) და მ. ბ-ის საქმეს დაერთოს 2017 წლის 7 დეკემბერსა და 14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებები/მასალები: 2017 წლის 11 ნოემბერს ტელეკომპანია „...“ ეთერში გასული საინფორმაციო გამოშვების ჩანაწერი და 2016 წლის პირველ თებერვალს გამართული მე-... რიგგარეშე მოსამართლეთა კონფერენციის სხდომის ვიდეო ჩანაწერი.
კასატორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, დაარღვია მ. ბ-ის უფლება სამართლიან სასამართლოზე: სააპელაციო წესით საქმის განხილვისას არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და მთლიანად აპელანტს დააკისრა ის, ხოლო, მეორე მხრივ, ასეთ პირობებშიც კი, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმით და მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებზე არასრული მსჯელობით, მასვე შეუზღუდა შესაძლებლობა ემტკიცებინა ეს გარემოებები, მაშინ როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან გასაუბრებების ჩანაწერები, ამ გასაუბრებისას საბჭოს წევრების მიერ დასმული კითხვები და მ. ბ-ის პასუხები მოცემულ საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. კასატორის მითითებით, სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს ამ გასაუბრებების სათანადო ანალიზსა და განმარტებას, იმის თაობაზე თუ რა ძირითადი კრიტერიუმების შეფასებას ისახავდა მიზნად მ. ბ-ის მიმართ გასაუბრებებისას დასმული კითხვები. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მ. ბ-ისთვის გასაუბრებების ეტაპზე დასმულ კითხვებზე და მხედველობაში არ იღებს და არ აანალიზებს მ. ბ-ის მიერ ამ კითხვებზე გაცემული პასუხების შინაარსს, იმ პირობებში, როდესაც ამ კითხვებზე პასუხების გაცემისას გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები არის მიჩნეული კასატორის მიერ საბჭოს მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ერთ-ერთ მიზეზად. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას, რომ სხვა კანდიდატებთან დასმული შეკითხვები და მათი მონაცემები ვერ გახდება აპელანტის მიმართ განსხვავებული მოპყრობის დამადასტურებელი. კასატორი თვლის, რომ აღნიშნული მოსაზრებით მოსამართლეთა შემადგენლობის მიერ უგულებელყოფილია დისკრიმინაციის საქმეებში კომპარატორის მნიშვნელობა, ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა.
ამასთან, კასატორის განმარტებით, სადავო გარემოებას არ წარმოადგენდა სასამართლოს მითითება, რომ აპელანტს გასაუბრებისას შესაძლებლობა ჰქონდა სრულად ჩამოეყალიბებინა თავის აზრი და არ გაუპროტესტებია არც ერთი შეკითხვა. იგი სადავოდ ხდიდა სწორედ იმას, რომ ერთგვარი შეკითხვები რომც დასმულიყო სხვა მოსამართლეთა (კომპარატორთა) მიმართ, არც ერთი მათგანის პასუხი არ იქნებოდა კრიტიკის შემცველი და დანიშნულ მოსამართლეთა მოსაზრებები სრულად დაემთხვეოდა იუსტიციის საბჭოს წევრთა საჯაროდ გამოთქმულ მოსაზრებებს. ამ გარემოების დადასტურების საშუალება კი მას არ მიეცა, ერთი მხრივ, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მტკიცებულებათა გაცემაზე უსაფუძლო უარით და მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ ამ მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით.
კასატორი ასევე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ საბჭოს წევრის - ვ. მ-ის მიერ წარდგენილი დასკვნის შეფასებას.
კასატორის მითითებით, არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მ. ბ-ის მიმართ განსხვავებული მოპყრობა ასოციაცია „მოსამართლეთა ერთობის“ ...ობითა და სასამართლო სისტემისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით არის განპირობებული. კასატორმა აღნიშნა, რომ „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან ამ წესით გათვალისწინებული შეფასების ძირითადი კრიტერიუმებით მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისას იხელმძღვანელონ ობიექტურობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით და გამოიყენონ შეფასების ერთგვაროვანი სტანდარტი ყველა კანდიდატთან მიმართებაში. კასატორი მიიჩნევს, რომ სამოსამართლეო უფლებამოსილების ამოწურვის შემდგომ მოსამართლეთა შესარჩევ ორ კონკურსში მონაწილეობის მიღებისას იგი აკმაყოფილებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა კრიტერიუმს, თუმცა მასთან ჩატარებული გასაუბრებები ემსახურებოდა არა „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესით“ განსაზღვრული კრიტერიუმებით მის შეფასებას, არამედ საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების მიმართ კანდიდატის დამოკიდებულების გამჟღავნებას. ამასთან, მისი კანდიდატურის განხილვისას არ დადგენილა არაკეთილსინდისიერება ან არაკომპეტენტურობა, მ. ბ-ე მხოლოდ განსხვავებული მოსაზრების და აქტივობის გამო არ იქნა დანიშნული მოსამართლედ. მის მიმართ არ დასმულა იმგვარი კითხვები, რომლებიც მის კომპეტენციას თუ პროფესიულ უნარებს გამოავლენდა, ხოლო დასმულ კითხვებზე ის კრიტიკულ პოზიციებს აფიქსირებდა, რაც გასაუბრებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უმეტესი ნაწილის უკმაყოფილებას იწვევდა. კასატორის მითითებით, კითხვების შინაარსთან ერთად, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დასადგენად მნიშვნელოვანია ასევე იმის შეფასება, იდენტური კითხვების დასმის ფაქტის დაშვების შემთხვევაშიც კი, რა განსხვავება იყო მ. ბ-ის მიერ გაცემულ კრიტიკულ პასუხებსა და იმ კანდიდატთა პასუხებს შორის, რომლებიც ამ ორი კონკურსის მიმდინარეობისას საბჭომ მოსამართლის თანამდებობებზე გაამწესა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ სათანადო „შედარების“ ობიექტის მნიშვნელობა უგულებელყო.
კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მ. ბ-ე და მოსამართლეობის სხვა კანდიდატები მსგავს პირობებში მყოფ პირებს წარმოადგენენ, რადგან მათ გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიეღოთ მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში და აკმაყოფილებდნენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, მოსამართლეობის კანდიდატები ანალოგიურ გარემოებებში მყოფ შედარებად კატეგორიებს წარმოადგენენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებისას არ იყენებს ერთგვაროვან სტანდარტს, კანდიდატებს უსვამს განსხვავებული სირთულისა და თემატიკის შეკითხვებს, ხოლო მ. ბ-ესთან გასაუბრებაზე დასმული კითხვები ცხადყოფს, რომ მასთან გასაუბრება არ ემსახურებოდა კანდიდატის შეფასებას მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე.
კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად იხელძღვანელა მოსამართლეთა ერთობის წევრთა დანიშვნის თაობაზე წარდგენილი სტატისტიკით. არსებითი იყო ის, რომ დანიშნული წევრები არასოდეს გამოირჩეოდნენ აქტიურობით, აზრის დაფიქსირებით, ერთობის ღონისძიებებზე მონაწილეობით, ხოლო ისინი ვინც დანიშვნამდე ატიურობდნენ, დანიშვნისთანავე შეწყვიტეს აქტივობა. კასატორის მოსაზრებით, „მოსამართლეთა ერთობის“ წევრების მიმართ არათანაბარ მოპყრობას ადასტურებს სტატისტიკური მონაცემები მოსამართლეობის კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. 2013-2016 წლებში დანიშნულ მოსამართლეთა შორის მცირეა „მოსამართლეთა ერთობის“ წევრთა რაოდენობა.
კასატორი მიიჩნევს, რომ განსხვავებულ მოპყრობას არ გააჩნდა კანონით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზანი და არ იყო აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წინასწარ ჩამოყალიბებული, სუბიექტური შეხედულებების საფუძველზე შეზღუდა სახელმწიფო თანამდებობის დაკავებაზე მ. ბ-ის უფლება სათანადო ობიექტური და გონივრული გამართლების გარეშე. იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის დასაბუთებას, არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რატომ ვერ გაიმარჯვა კონკურსებში მ. ბ-ემ. საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილებისა და შესაბამისი მტკიცებულების არარსებობა არ შეიძლება გამოყენებულ იქნას დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლის საზიანოდ. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ განხორციელდა დისკრიმინაციული მოპყრობა და იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა, ეკისრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ამასთანავე, ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში გამოირიცხა თანაზომიერების პრინციპზე მსჯელობის საჭიროება.
კასატორი სასამართლოს შემადგენლობას არაკანონიერად მიიჩნევს, რადგან გადაწყვეტილების გამოტანიდან ორი თვის შემდეგ, მაშინ როდესაც გადაწყვეტილება ჩაბარებული ჯერ არ ჰქონდა, საქმის განხილველი ერთ-ერთი მოსამართლე იუსტიციის საბჭომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად წარადგინა. კასატორის მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ობიექტური შერჩევა არ მომხდარა, არსებობს ეჭვი, რომ პროცესი ვერ იქნებოდა მიუკერძოებელი და ეს მოსამართლე საბჭოს სუბიექტური შეფასებით (და არა ობიექტური კრიტერიუმებით, რაც არც დადგენილა) მოხვდა დასაწინაურებელ მოსამართლეთა შორის. კასატორის მოსაზრებით, წარდგენამდე ორი თვით ადრე ის ვერ იქნებოდა მიუკერძოებელი მხარის მიმართ და ამდენად, ამ გადაწყვეტილების მიღებისას მის განწყობას შესაძლოა გავლენა მოეხდინა შედეგზე.
კასატორი თვლის, რომ სასამართლომ ვერ დაასაბუთა მტკიცებულებათა დართვის თაობაზე მ. ბ-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რის გამო არსებობს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩნება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ თავად კასატორიც ადასტურებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის კანდიდატად საქმის განხილველი ერთ-ერთი მოსამართლის წარდგენას საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ. ის, რომ საბჭოს მიერ კანდიდატის წარდგენის მომენტისთვის მ. ბ-ეს ჩაბარებული არ ჰქონდა დასაბუთებული გადაწყვეტილება, არ ასაბუთებს კანდიდატად წარდგენამდე ორი თვით ადრე მიღებული გადაწყვეტილების შედეგის უსწორობას, მოსამართლის მიკერძოებას. საქმის განმხილველი მოსამართლის შესაძლო მიკერძოებასთან დაკავშირებით მ. ბ-ის მოსაზრება მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, არ დასტურდება საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოსამართლის აცილების წინაპირობები. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმე განხილულია სააპელაციო სასამართლოს კანონიერი შემადგენლობის მიერ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მ. ბ-ის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და მოპასუხისთვის - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის მ. ბ-ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის - 14 ლარის ანაზღაურების დავალება. კასატორი თვლის, რომ არსებობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მ. ბ-ის მიმართ, ასოციაცია „მოსამართლეთა ერთობის“ ...ობითა და სასამართლო სისტემისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით განპირობებული განსხვავებული მოპყრობის ვარაუდის საკმარისი საფუძველი. შესაბამისად, სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მ. ბ-ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის და აქედან გამომდინარე მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა.
საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლის (ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლის) თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. დისკრიმინაციულ ფორმათა აღმოფხვრის, პრევენციისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ შესაბამისი დებულებები დეტალურადაა რეგლამენტირებული „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში.
კანონის და სასამართლოს წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბრად აღიარებას და დაცვას, რომელიც იმყოფება თანაბარ პირობებში და კანონით განსაზღვრული საკითხის მიმართ აქვს ადეკვატური დამოკიდებულება. დისკრიმინაცია, არაგონივრული დიფერენციაცია აკრძალულია ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას. დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. შესაბამისად, დისკრიმინაციის, თვითნებობის ყველა ფორმის აღმოფხვრა, საჯარო მმართველობაში ადმინისტრაციული იუსტიციის უმნიშვნელოვანეს ამოცანათა რიგს განეკუთვნება, თავად ადმინისტრაციული მართლმსაჯულება ეფუძნება კანონის და სასამართლოს წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს, საჯარო სფეროში დისკრიმინიაციის აღმოფხვრა საჭიროებს ეფექტურ სასამართლო კონტროლს, უფლების დაცვის მაღალ სტანდარტს. დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადასტურება უნდა მოხდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, წარდგენილ მტკიცებულებათა სრულად და ყოველმხრივ შეფასების შედეგად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ასოციაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ დაფუძნდა 2014 წელს და მასში გაწევრიანება შეეძლო საერთო სასამართლოების სისტემის ყველა მოქმედ და რეზერვში ჩარიცხულ მოსამართლეს. ასოციაცია დააფუძნა 18-მა პირმა და 2016 წლის ოქტომბრის მდგომარეობით მისი წევრების რაოდენობა 33 წევრს შეადგენდა. 2013-2016 წლებში პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლის თანამდებობები დაიკავა ასოციაციის ჩვიდმეტმა წევრმა, ამდენად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება აღნიშნული ასოციაციის წევრობის გამო მის მიმართ განსხვავებული მოპყრობის შესახებ. გასათვალისწინებელია, რომ კასატორი თავადვე ადასტურებს ასოციაციის წევრების მიერ მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესებას, რაც საფუძველს აცლის ასოციაციაში მონაწილეობის მოტივით კასატორის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას.
საფუძველს მოკლებულია კასატორის პრეტენზია საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ გასაუბრებაზე დასმული შეკითხვების შინაარსთან დაკავშირებით, რადგან არ არის დასაბუთებული კონკრეტულად რომელი შეკითხვა იყო დისკრიმინაციული და არ ემსახურებოდა მოსარჩელის კვალიფიკაციის დადგენას. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატის შეფასება ხორციელდება ორი ძირითადი კრიტერიუმის - კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის საფუძველზე, ამასთან, დასასმელი კითხვები წინასწარ ნორმატიულად განსაზღვრული არ არის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ინდივიდუალურად წყვეტს კონკრეტული კანდიდატისათვის დასასმელი კითხვის ფორმულირებასა და შინაარსს, მიღებული პასუხის გაანალიზების შედეგად კი უყალიბდება მოსაზრება ნორმატიულად გათვალისწინებული შეფასების ძირითად კრიტერიუმებთან კანდიდატის შესაბამისობის შესახებ. კენჭისყრა ფარულია, საბჭოს წევრს არ ეკისრება მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება.
საქმის მასალებით, კერძოდ, გასაუბრების ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ საბჭოს წევრებმა მ. ბ-ეს დაუსვეს არაერთი შეკითხვა, რომელთა შინაარსით და გასაუბრების მიმდინარეობით არ მომხდარა კონკურსანტის რაიმე სახის კანონიერ უფლებათა და ინტერესთა ხელყოფა. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ კითხვის დასმისას საბჭო ფართო დისკრეციით სარგებლობს, კონკურსანტის კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის დადგენის მიზნით მას აქვს ნებისმიერი სირთულის შეკითხვის დასმის უფლება როგორც სამართლის დარგიდან, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამასთან, მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისას, შეფასების ძირითადი კრიტერიუმების გათვალისწინებით, საბჭოს წევრები თავად წყვეტენ დასასმელი შეკითხვის ფორმულირებას, შინაარსს და რაოდენობას. განსახილველ შემთხვევაში, მ. ბ-ის მიმართ დასმული შეკითხვები მიმართული იყო სასამართლოს დამოუკიდებლობის, გამოხატვის თავისუფლების და სხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით კანდიდატის სამართლებრივი მსჯელობისა და არგუმენტაციის შეფასებისკენ. კანდიდატის კვალიფიკაციის შემოწმება გულისხმობს პროფესიული უნარების გამოვლენასა და მათ შეფასებას, კვალიფიკაციის მთლიანობაში შეფასების საჭიროება უშვებს საბჭოს წევრების მიერ ისეთი შეკითხვის დასმის შესაძლებლობას, რომელზეც პასუხის გაცემა მოითხოვს სათანადო დასაბუთებას, დასმული შეკითხვის ირგვლივ მსჯელობის განვითარებას, ნორმის განმარტებას. კანდიდატებისათვის განსხვავებული შეკითხვების დასმა არ ადასტურებს მათ არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას, დისკრიმინაციულ მოპყრობას. ასევე აღსანიშნავია, რომ დასმული შეკითხვების შინაარსი და ფორმა კანდიდატს გასაუბრების მიმდინარეობისას სადავოდ არ გაუხდია და დაეთანხმა მათზე პასუხის გაცემას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის - ვ. მ-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით (სახელწოდებით - „...“) და აღნიშნავს, რომ საბჭოს გადაწყვეტილება ეფუძნება კომისიის ცალკეული წევრების ინდივიდუალურ პროფესიულ შეფასებებს, შინაგან რწმენას, პირად აღქმას. ვ. მ-ის და საბჭოს სხვა წევრების მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ერთმანეთს, რადგან თითოეულ მათგანს აქვს დამოუკიდებელი შეფასების შესაძლებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ადასტურებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მის მიმართ განსხვავებულ მოპყრობას ასოციაცია „მოსამართლეთა ერთობის“ ...ობისა და სასამართლო სისტემისადმი კრიტიკული დამოკიდებულების გამო. ასოციაციის სხვა წევრების მოსამართლის თანამდებობაზე განმწესება, მ. ბ-ის მიმართ დასმული შეკითხვების შინაარსი, გასაუბრების მიმდინარეობა გამორიცხავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ მოსაზრებას.
რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონი მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობად დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას ასახელებს (10.1 მუხ.). ამასთანავე, ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესის თანახმად, მართლწინააღმდეგობის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას. ამდენად, კენჭისყრის შედეგების ძალაში ყოფნის, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დაუდგენლობის პირობებში, მ. ბ-ის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას.
კასატორის მიერ გასაჩივრებულია აგრეთვე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის საოქმო განჩინებები, რომლითაც არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობები მტკიცებულებათა გამოთხოვისა და საქმეზე დართვის თაობაზე. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მიუთითებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცალკეული კანდიდატის მოსამართლედ გამწესების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ კანდიდატის გამოცდილების, კვალიფიკაციის, კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების ნიშნით. შესაბამისად, განსხვავებულია გასაუბრებისას კანდიდატებთან დასმული შეკითხვების შინაარსი, ფორმულირება და რაოდენობა. ამდენად, თითოეულ შემთხვევაში საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ინდივიდუალური ნიშნით ხასიათდება. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ იმ პირობებში, როდესაც უშუალოდ მ. ბ-ის მიმართ დასმული შეკითხვები არ მიუთითებს დისკრიმინაციის ფაქტზე, სხვა კანდიდატთა გასაუბრების ჩანაწერები ვერ გამოდგება მ. ბ-ის მიმართ განსხვავებული მოპყრობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. მნიშვნელოვანია, რომ კასატორისათვის დასმული შეკითხვები ემსახურებოდა მისი ცოდნის, კვალიფიაციის დონისა და ლოგიკური აზროვნების უნარის განსაზღვრას და არა მის დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებას, რის გამო სხვა კანდიდატებთან ჩატარებული გასაუბრების ჩანაწერების გაცნობა ვერ დაადასტურებს მ. ბ-ის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას. ტელეკომპანია „...“ ეთერში გასული საინფორმაციო გამოშვების ჩანაწერისა და 2016 წლის პირველ თებერვალს გამართული მოსამართლეთა მე-... რიგგარეშე კონფერენციის სხდომის ვიდეო-ჩანაწერის საქმეზე მტკიცებულებად დართვასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ სატელევიზიო სიუჟეტში და მოსამართლეთა მე-... რიგგარეშე კონფერენციაში მონაწილე მოსამართლე დ. გ-ი, მ. ბ-ის კონკურსში მონაწილეობის პერიოდისათვის არ წარმოადგენდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და შესაბამისად, არ მონაწილეობდა მ. ბ-ის მოსამართლედ განმწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამდენად, დ. გ-ის, როგორც ცალკეული მოსამართლის მიერ, სხვადასხვა დროს, ასოციაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმდროინდელი შემადგენლობის მიმართ გამოთქმული დადებითი თუ უარყოფითი მოსაზრებები ვერ მოახდენდა გავლენას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის მიმდინარეობასა და დამდგარ შედეგზე. საბჭოს გადაწყვეტილება ეფუძნება კენჭისყრის ფარულობას, საბჭოს თითოეული წევრის ინდივიდუალურ აღქმას, პირად პროფესიულ შეფასებას და შინაგან რწმენას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადასინჯოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერება სამართლებრივი თვალსაზრისით, შეამოწმოს მისი შესაბამისობა მოქმედ საპროცესო და მატერიალურ ნორმებთან, ხოლო საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და ახალი მტკიცებულებების მოპოვების პროცესუალური კომპეტენცია საკასაციო სასამართლოს არა აქვს მინიჭებული. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს, სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას, იგი არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთანავე, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობები საკასაციო პალატის მიერ მტკიცებულებათა გამოთხოვისა და საქმეზე დართვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, მოცემული დავის საგნობრივ განსჯადობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განმარტებებზე (15.09.2016წ. განჩინება საქმეზე #ბს-349-345(გ-16), 22.09.2016წ. განჩინება საქმეზე #ბს-610-604(გ-16), 01.08.2018წ. განჩინება საქმეზე #ბს-377-374(გ-17)) და მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ, მართებულად იქნა განხილული ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები მოცემულია არა მხოლოდ კერძო-სამართლებრივ, არამედ საჯარო-სამართლებრივ კანონმდებლობაში. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონი არ შეიცავს მითითებას იმაზე, თუ რომელმა კოლეგიამ უნდა განიხილოს საქმე, კანონი არ არის ერთმნიშვნელოვნად კერძო ან საჯარო-სამართლებრივი აქტი. კანონის მე-3 მუხლი ადგენს, რომ ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, ამავე კანონის მე-10 მუხლი უთითებს, რომ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. ამდენად, დისკრიმინაციულ ქმედებას ადგილი შეიძლება ჰქონდეს როგორც კერძო-სამართლებრივ, ასევე საჯარო სფეროში, როგორც კერძო პირის, ისე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, შესაბამისად დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეები შესაძლოა იყოს როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა განმხილველი სასამართლოს განსჯადი. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა სასამართლოს შესაბამისი კოლეგიის მიერ უნდა მოხდეს. ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განხილვისას შესაძლოა მოუწიოს სსკ-ის VII3 კარის დებულებების გამოყენება, არ ცვლის საგნობრივ განსჯადობას. სასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. შესაბამისად, არსებობს სსკ-ის VII3 კარით დადგენილი წესების გამოყენების საფუძველი ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა განხილვისას. დავის განხილვის პროცედურული წესების კონკრეტულ ნორმატიულ აქტში მოთავსება არ ცვლის დავის ბუნებას, მის არსს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო, რომელიც მის განსჯად საქმეს იხილავს, ფლობს ამ საქმის განხილვის სრულ კომპეტენციას, საქმის განხილვის პროცესში იგი უფლებამოსილია გამოიყენოს და განმარტოს დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ყველა ნორმატიული აქტი. ამასთან, დავის განსჯადობას განაპირობებს არა მხოლოდ მოპასუხის სტატუსი, მოთხოვნის ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ დაყენება, არამედ სასარჩელო მოთხოვნის შინაარსი და საფუძვლები, დავის იმანენტური ბუნება. ის, რომ სასკ-ის 2.1 მუხლი სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეებში პირდაპირ არ ასახელებს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ დავას, მსგავს საქმეებს ადმინისტრაციული კატეგორიის დავებიდან არ გამორიცხავს, რადგან სასკ-ის 2.3 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით შეიძლება განხილულ იქნეს საქმეები იმ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან (ენუმერაცია).
საჯარო მმართველობის საქმიანობის კანონიერების დადგენა, ამ პროცესში დისკრიმინაციული ქმედებების გამოვლენა შესაძლებელია მხოლოდ სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტის სტატუსის, უფლება-მოვალეობების, სამართალურთიერთობებში კანონით განსაზღვრული თანასწორობის პრინციპზე დამყარებული ქცევის წესისა და სტანდარტების სათანადო ანალიზის შედეგად. ამდენად, დისკრიმინაციის საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილი ყველა დავის სამოქალაქო საქმეთა განმხილველი სასამართლოების იურისდიქციაში მოქცევა შედეგად გამოიწვევს იმას, რომ საჯარო მმართველობის კანონიერების ყველაზე აქტუალური საკითხები გამოვა ადმინისტრაციული კატეგორის საქმეთა განმხილველი სასამართლოების იურისდიქციის სფეროდან. განსჯადობის დავის ამგვარი გადაწყვეტა შედეგად გამოიწვევს თავისი ბუნებით ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეების გადაცემას სამოქალაქო კატეგორიის დავების განმხილველი სასამართლოების იურისდიქციაში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არამართლზომიერი ქმედების ჩადენა, კერძო სუბიექტების მიერ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით, ხშირ შემთხვევაში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია. სამართალი აწესრიგებს საზოგადოებრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს, რომელიც მიემართება პირთა განუსაზღვრელი წრისადმი. პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. მხოლოდ პროცესუალური ნორმის განთავსების მიხედვით განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა საფუძველს მოკლებულია. აღნიშნული შედეგად გამოიწვევს თანასწორობის ფუნდამენტური საკითხების ამორიცხვას ადმინისტრაციული მართლმსაჯულების სფეროდან, მისი იურისდიქციის მნიშვნელოვან შეზღუდვას, ადმინისტრაციული მართლმსაჯულების უფლებადამცავი პოტენციალის შესუსტებას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენას და მორალური ზიანის - 14 ლარის ანაზღაურებას, რაც ადასტურებს სადავო ურთიერთობის საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე წარმოშობას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ თავისი საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ქმედებების, მოსამართლეობის კანდიდატებთან ჩატარებული გასაუბრების მიმდინარეობის, მიღებული გადაწყვეტილების კანონშესაბამისობის შეფასება ცდება სამოქალაქო დავების განმხილველი სასამართლოს კომპეტენციას. საჯარო სფეროში დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა მოითხოვს ადმინისტრაციული თვითნებობის, სახელმწიფო მმართველობაში დისბალანსის, უფლებამოსილების გადაჭარბების, პასუხისმგებლობის შესუსტების ფაქტებზე რეაგირებას. ასეთ ფაქტებზე ადმინისტრაციული მართლმსაჯულების რეაგირება ამკვიდრებს კანონიერების რეჟიმს სახელმწიფო მმართველობაში. დისკრიმინაცია უკავშირდება თანასწორობის ფუნდამენტური, კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას, მისი აღმოფხვრა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ემსახურება, რაც ადმინისტრაციული მართლმსაჯულების კომპეტენციის უმნიშვნელოვანეს სფეროს შეადგენს. თავისთავად დისკრიმინაციული მოპყრობა არ ცვლის დავის ბუნებას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ მოთხოვნა არ აქცევს დავას ავტომატურად სამოქალაქო კატეგორიის დავად და არ იწვევს შედეგად სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დავის განხილვას. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმმოფხვრის შესახებ“ კანონით აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია (2.1 მუხ.) ნებისმიერი სუბიექტის მხრიდან (მე-3 მუხ.). სამოქალაქო საქმეთა განმილველ სასამართლოს მოქმედი კანონმდებლობით არ აქვს მინიჭებული კომპეტენცია შეაფასოს როგორც კერძო პირთა ქმედებების დისკრიმინაციული ხასიათი, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოთა მმართველობითი საქმიანობის გამოვლენის ფორმების კანონშესაბამისობა. აღნიშნული მოცემულობა განაპირობებს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ დავათა დიფერენცირებას სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის დავებად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელის მიზანი საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებების დისკრიმინაციულობის დადგენაა, საკასაციო პალატის უმრავლესობა თვლის, რომ დავა ადმინისტრაციული კატეგორიისაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. მ. ბ-ის შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის საოქმო განჩინებები;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი