ბს-834(კ-18) 20 ივნისი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.04.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ჩ-მა 02.03.2017წ. სარცელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, ქ. სამტრედიაში ...ქ. N62, ბინა N5-ში მდებარე 34,5 კვ.მ. ფართის თ. გ-ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 12.10.2016წ. N37 1348 ბრძანებისა და თ. გ-ის სახელზე გაცემული 12.10.2016წ. N21 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 16.05.2017წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩართო თ. გ-ი.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 26.09.2017წ. გადაწყვეტილებით გ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.04.2018წ. განჩინებით გ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 26.09.2017წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ჩ-მა.
კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. N189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ თანახმად, იმისათვის, რომ პირს საკუთრებაში გადაეცეს ფართი, უნდა გააჩნდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული აქტი და უნდა იყოს აღნიშნული ფართის კანონიერი მოსარგებლე. კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო ფართში 2005 წლიდან უწყვეტად ცხოვრობს გ. ჩ-ი და არა თ. გ-ი. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, თ. გ-მა განცხადებაში არასწორი ინფორმაცია მიუთითა. კასატორმა აღნიშნა, რომ მიუხედავად მისი სადავო ფართში ცხოვრებისა, იგი ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმული არ ყოფილა, რაც ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. ამასთანავე, ის ფაქტი, რომ გ. ჩ-ს სადავო ფართი გადაცემული ჰქონდა 2006 წლამდე, არ გამორიცხავს მისი ადმინისტრაციულ წამოებაში ჩაბმის აუცილებლობას, რადგან 2006 წლის შემდეგ მისთვის არ მოუთხოვიათ ფართის გათავისუფლება და რადგან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ გ. ჩ-მა გააგრძელა სადავო ფართით სარგებლობა, უნდა ჩიათვალოს, რომ ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ სამტრედიის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 29.03.1988წ. N84 გადაწყვეტილებით სადავო უძრავი ქონება გამოეყო ე. გ-ს, როგორც ბარაკული ტიპის სახლების აყრის დროს ბინით დაუკმაყოფილებელ მოქალაქეს. მითითებული უძრავი ქონებით გარდაცვალებამდე (19.09.2005წ.) უწყვეტად სარგებლობდა ე. გ-ი. 11.10.2005წ. სამტრედიის გამგეობასა და გ. ჩ-ს შორის გაფორმდა ბინის დროებით სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ე. გ-ის სარგებლობაში არსებული ბინის ნაწილი - 16 კვ.მ. ფართი დროებით სარგებლობაში გადაეცა გ. ჩ-ს, რომელიც ვალდებულებას იღებდა 2006 წლის 1-ლი აპრილისათვის უპირობოდ გაეთავისუფლებინა სადავო ბინა. საქმის მასალებით აგრეთვე დასტურდება, რომ ე. გ-ის სამკვიდრო ქონება სრულად მიიღი მისმა ძმისშვილმა თ. გ-მა. ამ უკანასკნელმა განცხადებით მიმართა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას ბინის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სადავო აქტებით თ. გ-ს, როგორც ე. გ-ის მემკვიდრეს საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. N189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა სადავო ქონება.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ თ. გ-მა სადავო ქონება მიიღო როგორც გარდაცვლილი მოსარგებლის მემკვიდრემ, რის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 20.02.2014წ. N189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი.“ ამდენად, ის ფაქტი, რომ სადავო ბინით სარგებლობდა გ. ჩ-ი და არა თ. გ-ი, გავლენას ვერ მოახდენს განსახილველ ურთიერთობაზე. რაც შეეხება ადმინისტრაციულ წარმოებაში გ. ჩ-ის ჩართვას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოების ფორმალური წესების დარღვევა, რომელიც გავლენას არ ახდენს შედეგზე, არ წარმოადგენს აქტის ბათილად ცნობის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.04.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი