ბს-959(კ-18) 20 ივნისი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.06.2018წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ჩ-მა 07.11.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის 13.09.2017წ. N4945/02-03-14/04-02 აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ლ. ჩ-ისათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 22.02.2018წ. გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 13.09.2017წ. N4945/02-03-14/04-02 აქტი და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დაევალა ლ. ჩ-ის 05.09.2017წ. განცხადებასთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელეს მიენიჭება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსი რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 12.06.2018წ. განჩინებით სსიპ ვეტრანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 22.02.2018წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სასამართლომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელემ დაარღვია სადავო აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი 1 თვიანი ვადა, კერძოდ, ლ. ჩ-ს 13.09.2017წ. სადავო აქტი ჩაბარდა 15.09.2017წ., ხოლო სარჩელი სასამართლოში შეტანილია 07.11.2017წ.
კასატორმა „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტრანების შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტსა და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის 1.2 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ კანონმდებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანის სტატუსის მიღებას უკავშირებს ტერიტორიულობის პრინციპს, კერძოდ, პირს მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული აფხაზეთის ან შიდა ქართლის ტერიტორიაზე წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. ამასთანავე, აუცილებელია არსებობდეს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულები მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება პირის გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირი ომთან ან შესაბამისი უწყების გენერალური ინსპექციის დასკვნა გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.
კონკრეტულ შემთხვევაში, ლ. ჩ-ის მეუღლის - კ. ჩ-ის გარდაცვალება დაკავშირებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაისთან, საბრძოლო მოქმედებების ზონიდან დაჭრილების გამოყვანისას ექსპრეზიდენტის მომხრეებთან შეტაკებასთან. ამდენად, როგორც საბრძოლო მოქმედების, ისე გარდაცვალების ადგილი განსხვავდება იმ ტერიტორიული ზონისაგან, რომლის ფარგლებშიც წარმოებულ მოქმედებებში მონაწილეობა და დაღუპვა წარმოშობს ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების მოთხოვნის უფლებას. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გამოეკვლია წარმოადგენდა თუ არა 12.09.1992წ. მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის წარმოებულ მოქმედებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კატეგორიას განეკუთვნებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები. ამავე კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები. საქმეში დაცული საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსის 01.04.1992წ. N86 კ.გ. ბრძანების თანახმად, მოსარჩელის მეუღლე - კ. ჩ-ი დაინიშნა საქართველოს ეროვნული გვარდიის ოზურგეთის N18 ბატალიონის გვარდიელად - მენაღმედ. საქმეში დაცული ორივე საბრძოლო მოკვლევის მიხედვით, კ. ჩ-ი ნამდვილად იყო ჩარიცხული და მსახურობდა ეროვნული გვარდიის ოზურგეთის N18 ბატალიონში, მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთის რეგიონში. მოკვლევის თანახმად, კ. ჩ-ი 12.09.1992წ. საბრძოლო მოქმედებიდან დაჭრილების გამოყვანის დროს დაიღუპა სოფელ ცაისთან (ზუგდიდის რაიონი). საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ კ. ჩ-ის აფხაზეთის ტერიტორიის გარეთ გარდაცვალების ფაქტი არ გამორიცხავს მის ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და დაღუპვის ფაქტს. საქმეში დაცული ყველა მტკიცებულება ადასტურებს, რომ კ. ჩ-ი საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილი პირების გამოსაყვანად იმყოფებოდა სოფელ ცაისთან, რაც ადასტურებს მისი საბრძოლო მოქმედებეში მონაწილეობის ფაქტს. ამდენად, მოსარჩელის მეუღლის გარდაცვალება მიზეზ-შედეგობრივად სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას უკავშირდება. მითითებული გარემოების გამაქარწყლებელი სარწმუნო მტკიცებულებები მოპასუხე ადმინისტარციულ ორგანოს არ წარმოუდგენია.
სადავო აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი 1 თვიანი ვადის დარღვევის თაობაზე კასატორის მოსაზრებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზაკ-ის 52.2 მუხლის თანახმად, იმპერატიული მოთხოვნაა, რომ წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა. კონკრეტულ შემთხვევაში, წერილობითი ფორმით გამოცემული სადავო აქტი არ შეიცავს მითითებას მისი გასაჩივრების ვადასთან დაკავშირებით, ამდენად, მოსარჩელის მიერ გასაჩივრების 1 თვიანი ვადის დაცვის აუცილებლობა არ არსებობდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.06.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი