Facebook Twitter

საქმე №ბს-485(კ-19) 2 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. გ-მა 2017 წლის 28 ნოემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 28 ოქტომბრის №MES 8 17 01325046 გადაწყვეტილება განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც აღიარებული იქნება ნ. გ-ის მიერ მიღებული განათლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 28 ოქტომბრის №MES 8 17 01325046 გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით. აღნიშული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით, ,,სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.“ აღნიშნული საერთაშორისო აქტებით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვის უფლების განხორციელება უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. იგივე უფლებები გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს არა მხოლოდ უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის გარანტიას, არამედ სამართლიანი, გამჭირვალე სასამართლოს უფლებას, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების ამომწურავად შეფასებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2006 წლის 13 ივლისსა და 2007 წლის 13 ივლისს ცვლილებები შევიდა; კოდექსს დაემატა რამდენიმე დებულება, რომლებიც ხაზს უსვამდა დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე უნდა მიმდინარეობდეს და სასამართლოების მიერ მიღებული განჩინებები დასაბუთებული უნდა იყოს. შეჯიბრებითობის პრინციპის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი უზრუნველყოფს, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. კოდექსის მე-5 მუხლი ადგენს კანონის წინაშე მოქალაქეების თანასწორობის პრინციპს: „მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე“. სასამართლო განჩინებების დასაბუთების უფლებას კოდექსის 284-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს და მიუთიუთებს, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ განჩინებას მხარეთათვის გადასაცემად (2006 წლის 13 ივლისის საკანონმდებლო ცვლილება). სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებას ზედამხედველობას უწევს საკასაციო სასამართლო, რომელსაც შეუძლია გააუქმოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნოს იმავე ან სხვა შემადგენლობით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლი). გადაწყვეტილება კანონის დარღვევით მიღებულად ჩაითვლება, თუ ის: არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული; გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია (2006 და 2007 წლებში შეცვლილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლი). კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია, რითაც უხეშად დაირღვა საერთაშორისო აქტით გათვალისწინებული ნორმის მოთხოვნები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ. გ-ს, ცენტრმა უარი უთხრა განცხადების განხილვაზე, რადგან ცენტრის კომპეტენცია არ არის განხილოს იმ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების საკითხი, რომელიც არ არის საქმიანობა შეწყვეტილი ან ლიკვიდირებული. ზოგადად, განათლების აღიარებას, როგორც მმართველობით ღონისძიებას (აქტის გამოცემა) ცენტრი ახორციელებს მხოლოდ სამ შემთხვევაში: 1) თუ განათლება მიღებულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე; 2) თუ განმცხადებელი არის დევნილი; 3) თუ ის დაწესებულება, სადაც პირმა მიიღო განათლება არის ლიკვიდირებული ან საქმიანობა შეწყვეტილი. ამასთან, ლიკვიდაციის ფაქტი დგინდება (თუ კერძო სამართლის იურიდიული პირი იყო დაწესებულება) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ან თუ საჯარო სამართლის პირი იყო მისი დამფუძნებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ლიკვიდირებული. ხოლო, დაწესებულება საქმიანობაშეწყვეტილად მიიჩნევა, თუკი აღნიშნულის თაობაზე თავად დაწესებულება აცნობებს ცენტრს (როგორც სხვა შემთხვევებში). ცენტრში დაცულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი, სადაც ასახულია ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე სრულყოფილი მონაცემები. კერძოდ, როდის დაარსდა, როდის გაიცა ლიცენზია, როდის მიენიჭა ავტორიზაცია/აკრედიტაცია ასევე, როდის შეწყვიტა საქმიანობა (აცნობა ცენტრს აღნიშნული თაობაზე) ან როდის გამოცხადდა ლიკვიდირებულად. მოცემულ შემთხვევაში, უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ...ა საქმიანობას განაგრძობს ლიცენზირებულ რეჟიმში. ცენტრში არ არის იმგვარი ინფორმაცია წარდგენილი, რომ ამ დაწესებულებამ შეწყვიტა საქმიანობა. შესაბამისად, მის კურსდამთავრებულებთან მიმართებით, ცენტრი არ არის კომპეტენტური ორგანო განიხილოს განათლების აღიარების საკითხი. მოცემულ შემთხვევაში, ცენტრში 2017 წლის 28 სექტემბერს შევიდა ნ. გ-ის №1167885 განცხადება, მის მიერ ... ასოციაცია ...აში (შპს ...ა) 2001-2005 წლებში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე. მხარეს განემარტა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის" (შემდგომში წესი) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ცენტრი ახდენს საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების განათლების აღიარებას, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას.

ცენტრში არსებული ინფორმაციის შესაბამისად, საქართველოს განათლების სამინისტრომ 1991 წლის 19 სექტემბერს გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №... ლიცენზია, რომლითაც ნება დართო ... ასოციაციას რეგისტრაციაში გაეტარებინა ასოციაციასთან დაარსებული უმაღლესი სასწავლებელი, როგორც ფასიანი უმაღლესი სასწავლებელი. ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 16 მაისის დადგენილებით (სარეგისტრაციო №...) რეგისტრაციაში გატარდა შპს „...ა“. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 4 თებერვლის №2-19/204 გადაწყვეტილებით ... ასოციაციას „...ას“ მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. სსიპ - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 22 ნოემბრის №62/ს გადაწყვეტილებით, ... უნივერსიტეტ „...ას“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, შპს “...ამ“ (ს/კ ...) ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია და საქმიანობას განაგრძობს ლიცენზირებულ რეჟიმში. შესაბამისად, შპს „...ა“, არ წარმოადგენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებას. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განათლების აღიარების პროცედურა ცენტრის მხრიდან ხორციელდება ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების მიმართ, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს ნ. გ-ის მიერ 2001-2005 წლებში შპს „...აში“ მიღებული განათლების აღიარების საკითხი. მიუხედავად აღნიშნული განმარტებისა, არც პირველი ინსტანციის სასამართლომ და არც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ცენტრის პოზიცია, რომ მოცემული საკითხის განხილვა, მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, არ მიეკუთვნება ცენტრის კომპეტენციას. სასამართლო გადაწყვეტილებით ცენტრს დაევალა განცხადების განხილვა და სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემა.

კასატორის მოსაზრებით სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტები. სასამართლო უსაფუძვლოდ აპელირებს ცენტრის მიერ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით. სასამართლო ვერ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატა ცენტრის მხრიდან კონსტიტუციის დებულებების დარღვევა. სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ ნორმათა ციტირებით და მათი ფორმალური მითითებით, რაც დაცლილია ნორმის მითითების სამართლებრივი ლოგიკისაგან. აღსანიშნავია, რომ სწორედ აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესის პრაქტიკულ რეალიზებას ემსახურება ცენტრის თითოეული ქმედება, კერძოდ, ცენტრის მიზანია, ყველას ჰქონდეს თანაბარ პირობებში განათლების მიღების უფლება, საბოლოოდ კი, ხარისხიანი განათლებით უზრუნველყოფილი იქნეს ქართული საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. ცენტრის მხრიდან არათუ დარღვეულია კონსტიტუციური დებულება, არამედ პირიქით, სრულად არის იგი დაცული. შეუძლებელია ცენტრის აქტი არღვევდეს საქართველოს კონსტიტუციას და ზღუდავდეს კონკრეტული პირის, მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარის უფლებას - მიიღოს განათლება. ცენტრმა უარი თქვა განეხორციელებინა იმ სახის მმართველობითი ღონისძიება, რაც არ მიეკუთვნებოდა მის კომპეტენციას. სასამართლო, ასევე უთითებს მე-6 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. აღნიშნული მუხლიც მხოლოდ ფორმალურადაა სასამართლოს მხრიდან მოხმობილი, რადგან მას არ მიესადაგება კონკრეტული ფაქტობრივ-სამართლებრივი მოცემულობა. არც ერთი საერთაშორისო სამართლებრივი აქტი არ უთითებს, რომ სახელმწიფომ ნორმატიულ დონეზე არ გაწეროს განათლების ხარისხის უზრუნველმყოფი მექანიზმები. ქართული კანონმდებლობა არ მოდის წინააღმდეგობაში საერთაშორისო აქტებთან, შესაბამისად, სასამართლოს მიერ მათზე აპელირება არაა მართებული. მოქმედმა კანონმდებლობამ ცალსახად განსაზღვრა, რომ ცენტრის კომპეტენციაა სწორედ საქმიანობაშეწყვეტილ ან/ლიკვიდირებულ დაწესებულებაში განათლებამიღებული პირების განათლების აღიარება. ამასთან, არ არსებობს კანონმდებლობაში ჩანაწერი, რომელიც ცენტრს შესაძლებლობას მისცემდა საქმიანობაშეწყვეტილად მიეჩნია ის დაწესებულებები, რომლებიც ფაქტობრივად აღარ ახორციელებენ საგანმანათლებლო საქმიანობას.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს მოსარჩელის არგუმენტზე, რომლის მიხედვითაც ,,... ასოციაცია - „...ა“ არსებული მდგომარეობით არ ფუნქციონირებს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით უსაფუძვლოდ ეთქვა უარი განათლების აღიარების საკითხის განხილვაზე“. როგორც პირველ ინსტანციაში, ასევე, სააპელაციო სასამართლოში პროცესის მსვლელობისას, ცენტრის მიერ არაერთხელ იქნა განმარტებული, რომ საგანმანათლებლო საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, თავად დაწესებულებამ უნდა მომართოს ცენტრს განცხადებით. ხოლო აღნიშნული განცხადების შემდგომ ცენტრი საგანმანთლებლო დაწესებულებათა რეესტრში ასახავს ინფორმაციას დაწესებულების მიერ საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, რის შემდგომაც დაწესებულება ჩაითვლება საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილად. მანამ კი, სანამ დაწესებულებას აქვს მოქმედი სტატუსი და იგი არ არის საქმიანობაშეწყვეტილი, ცენტრი არ არის უფლებამოსილი, რომ განახორციელოს დაწესებულებისათვის მინიჭებული უფლებამოსილებები (მაგ. აღიაროს განათლება, გასცეს დიპლომი). ამასთან, დამატებით განვმარტავთ, რომ შესაძლოა დაწესებულება არ იყოს საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილი, თუმცა ფაქტობრივად არ ახორციელებდეს საქმიანობას. მიუხედავად აღნიშნულისა, ცენტრი არ არის უფლებამოსილი, რომ ჩაერიოს დაწესებულების უფლებამოსილების ფარგლებში. ვინაიდან, დაწესებულების უფლებაა იგი მომართავს თუ არა ცენტრს საქმიანობის დასრულების შესახებ. ხოლო, ვიდრე ამ სახის განცხადება არ იქნება წარმოდგენილი ცენტრში, საგანმანათლებლო დაწესებულებას ვერ მიიჩნევა საქმიანობაშეწყვეტილად. სასამართლო უთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე“, რომლის თანახმად, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ცენტრი ახდენს საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების განათლების აღიარებას, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. „წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ, ცენტრი აღიარებს პირის მიერ მიღებულ განათლებას ან უარს ამბობს პირის მიერ მიღებული განათლების აღიარებაზე. სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმატიული აქტი ცენტრს ავალდებულებს განათლების მიღების ფაქტის დადგენას საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრი ვალდებულია კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.

მოცემულ შემთხვევაში ცენტრი განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არანაირ დაშვებას და შესაძლებლობას, მოქმედი სტატუსის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობაში ჩარევისათვის. ვინაიდან, დაწესებულებას საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებაზე არ განუცხადებია უარი და ამის შესახებ არ უცნობებია ცენტრისათვის. შესაბამისად, ცენტრი ასეთ შემთხვევაში მოკლებულია შესაძლებლობას, რომ რაიმე ფორმით იმსჯელოს მოსარჩელის განათლების ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით. რადგანაც, დაწესებულება, რომელშიც მოსარჩელემ მიიღო განათლება არ არის საქმიანობაშეწყვეტილი და დიპლომის დუბლიკატის გაცემის უფლებაც აქვს დაწესებულებას. ცენტრი მხოლოდ იმ შემთხვევაში არის უფლებამოსილი განახორციელოს ზემოაღნიშნული ქმედებები, როდესაც დაწესებულება საქმიანობაშეწყვეტილია. ასევე, სასამართლო უთითებს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25(1) მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ,,ცენტრი ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას“. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული მუხლი იმპერატიულად ადგენს თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის შემთხვევაში არის ცენტრი უფლებამოსილი აღიაროს დაინტერესებული პირის განათლება. მოცემულ მუხლში მითითებულია, რომ ცენტრი განათლების აღიარებას ახდენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არსებობს ლეგიტიმური საფუძველი დასკვნისათვის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი, შესაბამისად, ცენტრი, არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც უცვლელად, ძალაში დატოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილება. ცხადია, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მართებული იყო იმ ნაწილში, რომლითაც მიჩნეულ იქნა, რომ განათლების აღიარების საკითხს არსებითად სასამართლო ვერ გადაწყვეტდა, რადგან მასზე ნამსჯელიც კი არ ჰქონდა ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა, კანონმდებლობის შეუსაბამოა გადაწყვეტილების ის ნაწილი, სადაც ცენტრს დაევალა საკითხის არსებითად განხილვა და ახალი აქტის გამოცემა. კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოქმედი ადმინისტრაციული ორგანო ვერ განახორციელებს იმ სახის მმართველობით ღონისძიებას, რაც არ მიეკუთვნება მის კომპეტენციას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატა მიუთითებს იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 28 სექტემბერს, ნ. გ-ის წარმომადგენელმა - ლ. თ-ემ №MES 3 17 01167885 განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და ნ. გ-ის მიერ ... ასოციაცია „...აში“ 2001-2005 წლებში მიღებული განათლების აღიარება მოითხოვა. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 28 ოქტომბრის №MES 8 17 01325046 გადაწყვეტილებით ნ. გ-ს უარი ეთქვა მის მიერ 2001-2005 წლებში შპს „...აში“ მიღებული განათლების აღიარების საკითხის განხილვაზე. სადავო გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ შპს „...ა“ არ წარმოადგენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებას, ხოლო ცენტრის მიერ განათლების აღიარების პროცედურა ხორციელდება ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების მიმართ, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას.

საკასაციო საჩივრის ძირითად საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არანაირ დაშვებას და შესაძლებლობას, მოქმედი სტატუსის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობაში ჩარევისათვის. ვინაიდან, დაწესებულებას საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებაზე არ განუცხადებია უარი და ამის შესახებ არ უცნობებია ცენტრისათვის.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაბუთების გაზიარების შესაძლებლობა, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება შპს „...ის“ ფუნქციონირების ფაქტი. ამასთან, შპს „...ის“ მიერ ლიცენზირებულ რეჟიმში საქმიანობის განხორციელება არ ათავისუფლებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობისაგან - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესით“ დადგენილი პროცედურით განახორციელოს საქართველოში მიღებული განათლების აღიარება „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 251 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მითითებული მუხლის თანახმად, ცენტრი ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი წესის დარღვევით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვერ იქნა დამტკიცებული გასაჩივრებული აქტის კანონიერება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სათანადოდ არ შესწავლილა და შეფასებულა საკითხი შპს „...ა“ ფაქტობრივად ახორციელებდა თუ არა საგანმანათლებლო საქმიანობას და წარმოადგენდა თუ არა საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებას. ამასთან, აღნიშნული გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და დადასტურების შემთხვევაში, ასევე, უნდა შეფასდეს 2017 წლის 28 სექტემბრის №MES 3 17 01167885 განცხადებით წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოადგენს თუ არა ნ. გ-ის მიერ ... ასოციაცია „...აში“ 2001-2005 წლებში მიღებული განათლების აღიარების საფუძველს.

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 იანვრის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/ნ 202330566) დაუბრუნდეს 22.03.2019წ. №02659 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე