Facebook Twitter

ბს-748-748(კ-18) 11 ივლისი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.02.2018წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ი-ემ 25.05.2015წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, შპს „...-ისა“ და შპს “S...-ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის მატერიალური ზიანის - 20 000 ლარის სოლიდარულად დაკისრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.06.2015წ. განჩინებითსარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.03.2016წ. გადწყვეტილებით ნ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს საავტომობილო გზების ტეპარტამენტს, შპს „...-სა“ და შპს „S...“ სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით, რაც ნ. ი-ემ. შპს „...-მა“ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.02.2017წ. განჩინებით შპს „...-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.02.2018წ. განჩინებით ნ. ი-ისა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.03.2016 გადაწყვეტილება, რაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორმა აღნიშნა, რომ დასაბუთებული არ არის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბრალეულობა მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით. სასამართლო მთლიანად დაეყრდნო სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ ჩატარებულ სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც დაფუძნებულია მოსარჩელის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ იგი მოძრაობდა 30-40 კმ/სთ სიჩქარით, თუმცა ზემოხსენებული ფაქტის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის მსგავსი სიჩქარით იმოძრავებდნენ სხვა ავტომობილებიც, თუმცა სხვა ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ დეპარტამენტში ინფორმაცია არ შესულა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა დაადასტურა, რომ ექსპერტიზის დასკვნის კატეგორიულობა არის გადამეტებული და გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელი იყო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. ექსპერტიზის ჩატარების დროს არ შესწავლილა მოსარჩელის ავტომობილის მიერ დატოვებული კვალი, ავტომობილის გამართულობა (საბურავების მდგომარეობა) და ასევე, არ მომხდარა საავტომობილო გზის სავალი ნაწილიდან სინჯების აღება, რათა დადგენილიყო ავტოავარიის გამომწვევი მიზეზი. მიუხედავად ამისა, სასამართლომ სრულად გაიზიარა ზემოხსენებული დასკვნა. კასატორმა აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილ ფოტოებზე ნათლად ჩანს გზის განაპირა ზოლის თეთრი ხაზი, რითიც მტკიცდება, რომ გზის სავალი ნაწილი იყო ტალახისფრად შეფერადებული და არ ტალახიანი (როგორც ექსპერტიზის დასკვნაში არის მითითებული), წინააღმდეგ შემთხვევაში თეთრი ზოლი არ გამოჩნდებოდა.

კასატორმა აღნიშნა, რომ ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის საჭიროა ერთდროულად არსებობდეს შემდეგი პირობები: მოპასუხის ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, მართლსაწინააღმდეგობა გამოწვეული უნდა იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით (უმოქმედობით), ქმედებას უნდა მოყვეს ზიანი, ქმედებასა და მიღებულ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. სააპელაციო პალატამ არ/ვერ დააასაბუთა დეპარტამენტის მიერ რომელი ქმედება (უმოქმედობა) იყო მართლსაწინააღმდეგო, ან რა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს ქმედებასა (უმოქმედობასა) და დამდგარ შედეგს შორის.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა ექსპერტიზის დასკვნას, რომელშიც მითითებული იყო, რომ ავარიული ხასიათის მექანიკური დაზიანების გათვალისწინებით, ავტომანქანის აღდგენა ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის. დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ექსპერტები ავტომანქანის ძარაზე არსებული მცირე დაზიანების არსებობისასაც კი დასკვნაში მიუთითებენ, რომ მისი აღდგენა არ არის მიზანშეწონილი, რაც ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს აღნიშნული მანქანის აღდგენის შეუძლებლობას და მისი ჯართში ჩაბარების აუცილებლობას. ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებიდან ირკვევა, რომ დაზიანებულ ავტომობილს ჰქონდა საკმაოდ სოლიდური ღირებულება და ვინაიდან ნოდარ ი-ის მიერ მოპასუხეებისთვის არ იქნა გადაცემული დაზიანებული ავტომანქანის გასხვისებით მიღებული თანხის ნაწილი, მოხდა მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დასტურდება, რომ ...წ. ქ. ბათუმიდან ქ. ქობულეთის მიმართულებით მიმავალი ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ..., რომელსაც მართავდა ნ. ი-ე, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ...-ე კილომეტრზე მოცურდა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ჩავარდა არხში. 30.04.2015წ. N0024372315 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ნ. ი-ის ავტომანქანის ძარის ზედა ნაწილზე განვითარებული ავარიული სახის მექანიკური დაზიანებების გათვალისწინებით მისი აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ იყო. 15.05.2015წ. N002799315 საექსპერტო დასკვნის მიხედვით ნ. ი-ის კუთვნილი ავტომანქანა MERCURY MARINER-ის საშუალო საბაზრო ღირებულება დასკვნის მომზადების პერიოდისათვის საორიენტაციოდ შეადგენდა 20 000 ლარს. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ ნ. ი-ის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დადგენა საჭიროებს იმ გარემოების გარკვევას, თუ ვისი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით/უმოქმედობით მიადგა ზიანი მოსარჩელეს.

საქმეში დაცული ელექტრონული საჯარიმო ქვითრების თანახმად, სადავო ავტოსატრანსპორტო შემთხვევის გამო ნ. ი-ე, მანევრირების წესების დარღვევისათვის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლი) დაჯარიმდა 250 ლარით, ხოლო შპს “ S...-ის“ წარმომადგენელი გზის საფარის გაჭუჭყიანებისათვის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლი) დაჯარიმდა 500 ლარით. აღსანიშნავია, რომ მითითებული სამართალდარღვევის ოქმები არ გასაჩივრებულა. ამდენად, დადასტურებულია, რომ ნ. ი-ის კუთვნილი ავტომანქანის გზის სავალი ნაწილიდან გადასვლა გამოწვეული იყო როგორც მძღოლის მიერ მანევრირების წესების დარღვევით, ისე გზაზე არსებული ტალახის ნარჩენებით. შესაბამისად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც.

სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის, მნიშვნელოვანია დადგენდეს გზის სავალი ნაწილის მოვლასა და დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პირები. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 20.05.2015წ. წერილისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს - აჭარის ა/რ საავტომობილო გზების დირექტორის 31.03.2015წ. წერილის თანახმად, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე მოვლა შენახვის სამუშაოებს აწარმოებდა შპს „...“, თუმცა მოცემული პერიოდისათვის გზის მონაკვეთზე მიმდინარეობდა ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელსაც აწარმოებდა ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „S...“. აღნიშნული ინფორმაცია აგრეთვე დასტურდება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „...-ს“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 05.05.2014წ. N44-14 ხელშეკრულებით. საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ გზის სადავო მონაკვეთის გაჭუჭყიანება გამოწვეული იყო შპს „S...-ის“ მიერ ჩატარებული გზის სამშენებლო სამუშაოებით. ამდენად, მითითებული კომპანიის აქტიური მოქმედება - გზის გატალახიანება იყო ავტოსატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ შპს „...“ პასუხისმგებელი იყო გზის სადავო მონაკვეთის მოვლა-შენახვაზე, რაც გზების ყოველდღიურ შემოვლას და გზის სავალი ნაწილის სხვადასხვა საგნებისაგან გაწმენდას გულისხმობდა. შემთხვევის დღეს (...წ.) გზის სადავო მონაკვეთის გაწმენდა არ მომხდარა, ამდენად, მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება გამოიწვია შპს „...-ის“ მიერ მოვალეობის არაჯეროვანმა შესრულებამაც. რაც შეეხება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბრალეულობას, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონისა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების შესაბამისად, დეპრტამენტი ახორციელებს საავტომობილო გზების ფუნქციონირების ორგანიზებას, მართვას, ზედამხედეველობასა და კონტროლს. ამასთანავე, დეპარტამენტსა და შპს „...-ს“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 05.05.2014წ. N44-14 ხელშეკრულების მე-13 მუხლის მიხედვით, დეპარტამენტი ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ინსპექტირებას, კონკრეტულ შემთხვევაში არ დასტურდება დეპარტამენტის მიერ ვალდებულების ჯეროვანი შესრულება. ამდენად, საკასაციო პალატის მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება (იხ. სუსგ. 13.03.2018წ. Nბს-1180-1174(კ-17) .

ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ სახეზეა შერეული ბრალი, რადგან ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც (მანევრირების წესების დარღვევამ). ამდენად, სსკ-ის 415-ე მუხლის შესაბამისად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის (ავტომაქანის ღირებულების - 20 000 ლარის) ოდენობა უნდა შემცირდეს 50%-ით და მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მატერიალური ზიანის - 10 000 ლარის ანაზღაურება.

დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება ავტოსატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევი მიზეზის თაობაზე. გზის სადავო მონაკვეთის გაჭუჭყიანების ფაქტი დასტურდება არა მხოლოდ კასატორის მიერ მოხმობილი სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, არამედ სამართალდარღვევის ოქმით, რომლითაც ...წ. შპს “S...-ის“ წარმომადგენელი გზის საფარის გაჭუჭყიანებისათვის დაჯარიმდა 500 ლარით. ამასთანავე, დაუსაბუთებელია მოსაზრება ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, რადგან კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი მტკიცებულებები, რაც ნ. ი-ის მიერ დაზიანებული ავტომანქანის გასხვისებით შემოსავლის მიღებას დაადასტურებდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.02.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი