Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 608-აპ 25 დეკემბერი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

დ. სულაქველიძე,

მ. ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 19 ივნისის განაჩენზე, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» და „გ» ქვეპუნქტებით (2006წ. 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006წ. 28 თებერვლის განაჩენით დ. ნ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006წ. 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» და „გ» ქვეპუნქტებით იმაში, რომ არაერთგზის ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2005წ. 21 მარტს, დ. ნ-მა განიზრახა სხვისი ნივთის _ ავტომანქანის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. იგი მივიდა ქ. თბილისში, ---ის დასახლების ასახვევთან, სადაც მორგებული გასაღებით გახსნა ვ. ა-ას კუთვნილი «გოლფ-3»-ის მარკის ავტომანქანის კარი, დაჯდა საჭესთან და გაიტაცა ავტომანქანა, რითიც დაზარალებულს მიაყენა 7 000 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი. დ. ნ-ლი იმავე დღეს დააკავეს პოლიციელებმა მცხეთის რაიონის სოფ. ---ში.

აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის დ. ნ-ლს მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2005წ. 21 მარტიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა და მოითხოვა გამართლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 19 ივნისის განაჩენით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დ. ნ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებული დ. ნ-ლი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არის ავადმყოფი, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე, ორი მცირეწლოვანი შვილი და ბებია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მოითხოვს, შეუმსუბუქდეს სასჯელი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის, მოწმეების _ ზ. ვ-ის, გ. თ-ის, ა. ქ-სა და თავად მსჯავრდებულის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით, დაკავების ოქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით უტყუარადაა დადასტურებული, რომ დ. ნ-მა არაერთგზის ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არ დარღვეულა.

მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტიდან _ ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია _ (2006წ. 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტზე, ვინაიდან 2006წ. 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტი მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო დღეს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს.

რაც შეეხება დ. ნ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, იგი არ არის მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო, შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებმა სათანადოდ გამოიკვლიეს და შეაფასეს ის მასალები, რაც შეეხებოდა დ. ნ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და ამ უკანასკნელს განესაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც ემსახურება სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ელ ნაწილში აღნიშნულ მიზნებს, მათ შორის, დამნაშავის რესოციალიზაციას და ამ სასჯელის შემსუბუქების რაიმე გარემოება არ არსებობს.

ამასთან, გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება სასჯელის მოხდის რეჟიმზე, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 498-ე მუხლის დღევანდელი რედაქციის შესაბამისად, აღნიშნული არ წარმოადგენს სასამართლოს მიერ გადასაწყვეტ საკითხს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლო, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებული და სამართლიანია, ამიტომ სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 19 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: დ. ნ-ის ქმედება საქართველოს 2006წ. 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტზე.

განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება სასჯელის მოხდის რეჟიმზე.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.