#ბს-1553(კ-18) 28 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა(ა)იპ „...ას“, ზ. წ-ისა და შ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 11 ნოემბერს ა(ა)იპ „...ამ“, ზ. წ-მა და შ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელეების განმარტებით, 2016 წლის 19 აპრილს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში წარადგინა შპს „ე-ის“ 500 კვ ძაბვის ქსანი-სტეფანწმინდის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში.
2016 წლის 16 მაისს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში შედგა შეხვედრა, სადაც უნდა მომხდარიყო შპს „ე-ის“ 500 კვ ძაბვის ქსანი-სტეფანწმინდის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის განხილვა. შეხვედრის შესახებ წინასწარი განცხადება არ გაკეთებულა. შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებმაც წინასწარ წერილობით მოითხოვეს ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა.
მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 27 მაისს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გამოსცა ბრძანება #ი-260 „შპს „ე-ის“ 500 კვ ძაბვის ქსანი-სტეფანწმინდას ელექტროგადამცემი ხაზის განთავსებაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცების შესახებ.“
2016 წლის 14 ივლისს საქართველოს მთავრობას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ა(ა)იპ „...ამ“, ზ. წ-მა, შ. ბ-მა და მოითხოვეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 27 მაისის #ი-260 ბრძანების ბათილად ცნობა.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 ოქტომბრის #37068 გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „...ას“, ზ. წ-ისა და შ. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე მუხლისა და 84-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, დატოვებული იქნა განუხილველად.
ამდენად, მოსარჩელეებმა შპს ე-ის 500 კვ. ძაბვის ქსანი-სტეფანწმინდის ელექტროგადამცემი ხაზის განთავსებაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2016 წლი 27 მაისის #ი-260 ბრძანებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „ე-ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს „ს...ა“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „...ას“, ზ. წ-ისა და შ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა(ა)იპ „...ამ“, ზ. წ-მა და შ. ბ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განჩინებით ა(ა)იპ „...ას“, ზ. წ-ისა და შ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში დაცული დოკუმენტები, რაც განხილულ იქნა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გასაცემად, შეიცავდა ყველა იმ ინფორმაციას, რაც მოცემულია „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით. ამასთან, ზემოქმედების შეფასების ანგარიში სრულად შეიცავდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის #31 ბრძანებით დამტკიცებული „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების მე-6 მუხლში ჩამოთვლილ ინფორმაციას. აღნიშნულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით მომზადებული #27 ეკოლოგიური დასკვნა სრულად შეიცავდა იმ გარემოებებზე მითითებას, თუ რა პირობებზე დათქმით მომზადდა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვისას. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღსანიშნავი იყო, რომ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში მოცემული იყო ანძების განთავსების სავარაუდო კორიდორი, მათ შორის, დაცული ტერიტორიების ნაწილში. ამასთან, გზშ-ს ანგარიშში გათვალისწინებული იყო მიწათსარგებლობაზე ზემოქმედების პირობები და ზემოქმედების აღმოფხვრის საშუალებები, როგორც სათანადო კომპენსაციის მიცემით შესაძლო გასახლების, ისე ელექტრული ველის სისტემატიური კონტროლის აუცილებლობების გათვალისწინებით. გარდა ამისა, გზშ შეიცავდა გარემოსდაცვითი და სოციალური მენეჯმენტის გეგმას, რომელიც, როგორც სანებართვო პირობების შემადგენელი ნაწილი, ასევე შეფასებული იყო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ფარგლებში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა(ა)იპ „...ამ“, ზ. წ-მა და შ. ბ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორების განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა - „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლი, რაც დასტურდება მოსარჩელის მიერ დამატებითი მტკიცებულების სახით წარმოდგენილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის მ. ბ-ის 2016 წლის 15 მარტის #1949 წერილით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოადგილეს ბატონ ა. ა-ას. მინისტრის მოადგილე წერილში აღნიშნავს, რომ „ვინაიდან „ე-ის“ ელექტროგადამცემი ხაზი „ქსანისტეფანწმინდას“ ქსნის ქვესადგურიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ... (პკ.0+პკ.327+44-მდე), 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მონაკვეთი წარმოდგენილია განსხვავებული კოორდინატებითა და შესაბამისად განსხვავებული, შემცირებული ტრასით, აღნიშნულმა პროექტმა თავიდან უნდა გაიაროს წინასწარი/საჯარო განხილვის ეტაპი“. პროექტს საჯარო განხილვის ეტაპი თავიდან არ გაუვლია, რაც „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის“ შესახებ კანონის მე-6 მუხლის უხეში დარღვევაა.
შესაბამისად, კასატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა 2016 წლის 27 მაისის #ი-260 ბრძანების გამოცემისას დაარღვია როგორც „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის, ასევე „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის“ შესახებ კანონის დასახელებული ნორმის მოთხოვნები საზოგადოების მონაწილეობის შესახებ. სწორედ საზოგადოების მონაწილეობის ვალდებულების უგულებელყოფის, ადგილობრივი პირობების გაუთვალისწინებლობისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების გაუთვალისწინებლობის შედეგი იყო პროექტის განმახორციელებლსა და ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ მოსახლეობას შორის წარმოქმნილი კონფლიქტები და არაერთი პროებლემა, რომლის შესახებ ინფორმაცია დამატებით არის წარდგენილი საქმეზე და რომელიც სასამართლომ მტკიცებულების სახით დაურთო საქმეს, მაგრამ პალატა არ გაეცნო, არც შეისწავლა და საერთოდ არ გაითვალისწინა გადაწყვეტილების მიღებისას.
კასატორთა მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა: - „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, რომლის თანახმად, „ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია: ა) შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ გარემოს დაცვის ნორმებსა და სტანდარტებს; ბ) ასაბუთებს, რომ მასში მოყვანილი საქმიანობის განხორციელება განსაზღვრულ ადგილსა და გარემოებაში არ გამოიწვევს გარემოს მდგომარეობისა და ბუნებრივი რესურსების შეუქცევად ხარისხობრივ და თვისობრივ ცვლილებებს; გ) ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შემცირების ან თავიდან აცილების ღონისძიებებს (მათ შორის, ავარიული სიტუაციების შესაძლო შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებებს)“.
კასატორთა მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა „გარემოზე ზემქომედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მშენებლობის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლებისა და მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს.
ამასთან, სასამართლოს მიერ არ ყოფილა გათვალისწინებული „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მაძიებელს მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა წარედგინა შემდეგი დამატებითი დოკუმენტაცია: ა) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილის სიტუაციური გეგმა (მანძილების მითითებით) - აღნიშნული დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ სტადიაზე; - კასატორებმა განმარტეს, რომ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილის სიტუაციური გეგმა ამ ეტაპზე არსებობდა მხოლოდ „ქსნის“ ქვესადგურიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ... ვინაიდან მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის ადმინისტრაციული წარმოება სწორედ ამ პატარა მონაკვეთს ეხებოდა; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად შედგენილი გზშ-ის ანგარიში - აღნიშნული დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე. კასატორთა განმარტებით, საქმეზე წარდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება კანონის არცერთ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა. იმავეს ადასტურებს გასაჩივრებული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობები, რომლის თანახმად, საქმიანობის განმახორციელებელს კანონის მოთხოვნების შესრულება მშენებლობის დაწყებამდე გადაუვადდა. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარებისა და დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობაზე თვალის დახუჭვისა და ამ მოთხოვნების ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნის გაცემის შემდეგ შესრულების დავალებულების უფლებას სამინისტროს კანონი არ აძლევს. დ) მოსალოდნელი ემისიების მოცულობა და სახეები (მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის/ჩაშვების ნორმების პროექტი); - კასატორებმა მიუთითეს, რომ მოსალოდნელი ემისიების მოცულობა და სახეები ასევე არ ყოფილა განსაზღვრული, ინფორმაცია უბრალოდ არ ყოფილა წარდგენილი, რაც არ არის გასაკვირი პროექტის არარსებობის პირობებში. კასატორთა განმარტებით, ვინაიდან საქმიანობის ზუსტი ადგილი და გარემოება არ იყო გასაჩივრებული აქტების გამოცემისას ცნობილი, შესაბამისად, წარდგენილი დოკუმენტაციაც ვერ ასაბუთებს, რომ მასში მოყვანილი საქმიანობის განხორციელება განსაზღვრულ ადგილსა და გარემოებაში არ გამოიწვევს გარემოს მდგომარეობისა და ბუნებრივი რესურსების შეუქცევად ხარისხობრივ და თვისობრივ ცვლილებებს.
კასატორების მოსაზრებით, სასმართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის #31 ბრძანების მე-2 მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების პრინციპები. კასატორები მიიჩნევენ, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით და საქმის სასამართლო განხილვით ცალსახად დადასტურდა, რომ ჩამოთვლილი პრინციპებიდან ყველა პრინციპია უგულებელყოფილი ადმინისტრაცილი ორგანოს მიერ. ამასთან, კასატორები მიიჩნევენ, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ დაარღვია „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონით დადგენილი გარემოს დაცვის მთავარი პრინციპები, კერძოდ, „რისკის შემცირების პრინციპი“, „პრიორიტეტულობის პრინციპი“, „გარემოზე ზემოქმედების შეფასების პრინციპი“, „გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებრიობის მონაწილეობის პრინციპი“.
კასატორები მიიჩნევენ, რომ უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ ვინაიდან რიგი ურთიერთობების მომწესრიგებელი სპეციალური ნორმა ადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას, განიხილოს ეკოლოგიურ ექსპერტიზასთან დაკავშირებული საკითხები საქმიანობის განმახორციელებლის პრეტენზიასთან მიმართებით, ასევე დაინტერესებული პირების მიერ ეკოლოგიური ექსპერტიზის კანონიერებასთან მიმართებით დასმული საკითხების განხილვა სასამართლოს პრეროგატივაა. კასატორთა მოსაზრებით, ზემოაღნიშნული დასკვნა ეწინააღმდეგება „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს და აქედან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილსა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის პროცედურის აუცილებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრისა და 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა(ა)იპ „...ას“, ზაზა წიკალურისა და შ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ „...ას“, ზ. წ-ისა და შ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასააბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს შპს „ე-ის“ 500 კვ. ძაბვის ქსანი-სტეფანწმინდის ელექტროგადამცემი ხაზის განთავსებაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2016 წლი 27 მაისის #ი-260 ბრძანებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით იქმნება საექსპერტო კომისია. ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად, საექსპერტო კომისიის მუშაობის შედეგები აისახება საექსპერტო კომისიის დასკვნაში, რომელსაც ამზადებს საექსპერტო კომისია და ხელს აწერს საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე. საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე სამინისტრო ამზადებს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია: ა) შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ გარემოს დაცვის ნორმებსა და სტანდარტებს; ბ) ასაბუთებს, რომ მასში მოყვანილი საქმიანობის განხორციელება განსაზღვრულ ადგილსა და გარემოებაში არ გამოიწვევს გარემოს მდგომარეობისა და ბუნებრივი რესურსების შეუქცევად ხარისხობრივ და თვისობრივ ცვლილებებს; გ) ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შემცირების ან თავიდან აცილების ღონისძიებებს (მათ შორის, ავარიული სიტუაციების შესაძლო შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებებს). ამასთან, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: ა) შეესაბამება თუ არა საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) რა სახის ნაკლოვანებებს შეიცავს ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია; გ) რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის ნაკლოვანებები გადაწყვეტილების მიღების პროცესისთვის; დ) შესაძლებელია თუ არა ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის ნაკლოვანებების გამოსწორება და თუ შესაძლებელია, რა გზით; ე) ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობებს (საჭიროების შემთხვევაში).
„ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არის შესაბამისად გარემოზე ზემოქმედების ან მშენებლობის ნებართვის შემადგენელი ნაწილი, ხოლო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობა - სანებართვო პირობა, რომლის შესრულება სავალდებულოა გარემოზე ზემოქმედების ან მშენებლობის ნებართვის მფლობელისათვის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მაისის #28 ბრძანებით დამტკიცებული „ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის“ #1 დანართის მე-7 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება ხორციელდება „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ეკოლოგიური ექსპერტიზის შედეგები აისახება კომისიის დასკვნაში, რომელსაც ამზადებს ეკოლოგიური ექსპერტიზის საექსპერტო კომისია და ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოსარჩელეთა მოსაზრების იმ გარემოებასთან მიმართებით გაუზიარებლობას, რომ შეუძლებელი იყო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დამტკიცება იმ პირობებში, როდესაც არ არსებობდა ელექტროგადამცემი ხაზის დაზუსტებული მარშრუტი და სამინისტროში წარდგენილი იყო მხოლოდ მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე აქტები მხოლოდ ქსნის ქვესადგურიდან სოფელ ...ამდე. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქმეში დაცული დოკუმენტები, რაც განხილულ იქნა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გასაცემად, შეიცავს ყველა იმ ინფორმაციას, რაც მოცემულია „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით. ამასთან, ზემოქმედების შეფასების ანგარიში სრულად შეიცავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 მაისის #31 ბრძანებით დამტკიცებული „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების მე-6 მუხლში ჩამოთვლილ ინფორმაციას. აღნიშნულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით მომზადებული #27 ეკოლოგიური დასკვნა სრულად შეიცავს იმ გარემოებებზე მითითებას, თუ რა პირობებზე დათქმით მომზადდა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვისას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში მოცემულია ანძების განთავსების სავარაუდო კორიდორი, მათ შორის, დაცული ტერიტორიების ნაწილში. ამასთან, გზშ-ს ანგარიშში გათვალისწინებულია მიწათსარგებლობაზე ზემოქმედების პირობები და ზემოქმედების აღმოფხვრის საშუალებები, როგორც სათანადო კომპენსაციის მიცემით შესაძლო გასახლების, ისე ელექტრული ველის სისტემატიური კონტროლის აუცილებლობების გათვალისწინებით. გარდა ამისა, გზშ შეიცავს გარემოსდაცვითი და სოციალური მენეჯმენტის გეგმას, რომელიც, როგორც სანებართვო პირობების შემადგენელი ნაწილი, ასევე შეფასებულია ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო აგრეთვე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობებთან დაკავშირებული მშენებლობა ან არსებული საწარმოო ტექნოლოგიის შეცვლა განსხვავებული ტექნოლოგიით, რაც იწვევს ექსპლუატაციის პირობების შეცვლას, ასევე განიხილება, როგორც ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და მისი პირობები არის სანებართვო პირობები.
ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნებართვის (ან მშენებლობის ნებართვის) მიღების შემთხვევაში საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია: ა) განახორციელოს საქმიანობა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესაბამისად; ბ) საქმიანობის განხორციელების დაწყების შემდეგ შეასრულოს გარემოზე ზემოქმედების შემამცირებელი ის ღონისძიებები, რომელთაც აუცილებლად მიიჩნევს ნებართვის გამცემი ორგანო; გ) მშენებლობის ნებართვის მიღების შემთხვევაში, როგორც მშენებლობის პროცესში, ისე საწარმოს (ობიექტის) ექსპლუატაციისას, დაიცვას ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით მისთვის განსაზღვრული სანებართვო პირობები; დ) საქმიანობის განხორციელებისას შეასრულოს გზშ-ის ანგარიშში გათვალისწინებული ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც აუცილებლად იქნება მიჩნეული ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცესში ან/და მოწონებული იქნება ექსპერტების მიერ, რაც შესაბამისად უნდა აისახოს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში ან/და მის პირობებში.
„გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვა არ გაიცემა, თუ დარღვეულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და გარემოსდაცვით სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვა არ გაიცემა, თუ განსახორციელებელ საქმიანობაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნა არსებობს.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ გარემოსდაცვითი საქმიანობის სფეროში მოქმედი ნორმატიული ბაზა ადგენს გარკვეული პირობების გათვალისწინებით ეკოლოგიური ექსპერტიზის დამტკიცების შესაძლებლობას, რაც სავალდებულოდ შესასრულებელ ხასიათს იძენს საქმიანობის განმახორციელებელისათვის. ხსენებული საკანონმდებლო აქტები არ ითვალისწინებენ დადებითი ეკოლოგიური დასკვნის პირობებში მის დამტკიცებაზე უარის თქმის შესაძლებლობას. ამგვარი აუცილებლობა გამოწვეული უნდა იყოს ეკოლოგიური ექსპერტიზის უარყოფითი შინაარსით, ან დოკუმენტაციის უსრულობით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. მხოლოდ ის გარემოება, რომ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შეიცავს სამომავლო საქმიანობის განხორციელებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელ პირობებს, თავად ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას კანონშეუსაბამოდ არ აქცევს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესზე, რომლის თანახმად, სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
ამდენად, ვარაუდი, რომ ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობები სამომავლოდ არ შესრულდება ან არასათანადოდ შესრულდება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობაზე არ მიუთითებს. მოცემული დავის ფარგლებში ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული გარემოზე ზემოქმედების ანგარიში შეიცავს პროექტის ალტერნატიული გადაწყვეტის გზებიდან საუკეთესო გზის არჩევის დასაბუთებას, ასევე ანგარიშში დეტალურად არის გაწერილი სამომავლოდ ანძების დიზაინის დამტკიცების შემდეგ მიწის სამუშაოების, შესაძლო ეროზიებისა თუ სხვა გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მქონე პირობების შემარბილებელი ღონისძიებები. მათგან, უმრავლესი ღონისძიება შემუშავებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ანგარიშის წარდგენის შემდეგ სამინისტროს მიერ გაცემული შენიშვნების გათვალისწინებით. გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში, ასევე, გათვალისწინებულია პროექტის სავარაუდო მარშრუტის მიერ მოცული მიწის სავარგულებისა თუ კერძო საკუთრებების ოდენობა და სახეობები, დადგენილია აუცილებლობის შემთხვევაში მათი კომპენსირების წესი.
საკასაციო სასამართლო აგრეთვე იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ შპს „ე-ის“ მიერ შედგენილი გარემოზე ზემოქმედების ანგარიში ასევე შეესაბამება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების სექტორულ გზამკვლევში ასახულ ძირითად პრინციპებს, მათ შორის, აღნიშნული გზამკვლევი უთითებს გზშ-ს შესაბამისობის აუცილებლობას ეროვნულ სტრატეგიასთან. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის შემუშავების მიზანია გადამცემი ქსელის საიმედოობა, უსაფრთხოება, მდგრადი განვითარება, ელექტროენერგიის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა და ქვეყნის ელექტროენერგეტიკული ქსელის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა. განსახილველ შემთხვევაში სს „ს-ასა“ და შპს „ე-ის“ (პროექტის მართვაზე ვალდებული პირი) მიერ დაგეგმილი 500 კვ ქსანი-სტეფანწმინდა გადამცემი ხაზი: 1. უზრუნველყოფს მშენებარე ჰირდროელექტროსადგურების მიერთებას ნაციონალურ გადამცემ ქსელთან; 2. გააძლიერებს საქართველოს ჩრდილო-სამხრეთის მიმართულებით ენერგოტრანზიტის დერეფნის როლს; 3. გააუმჯობესებს ელექტროენერგიის უწყვეტ მიწოდებას მცხეთა-მთანეთის რეგიონში, აღნიშნული რეგიონის, როგორც რეკრიაციული და საკურორტო ზონის მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2016 წლის 15 დეკემბრის #103 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის 1.8. პუნქტში მოცემულია, რომ გადამცემი ქსელის 2017-2027 წლების 15 პროექტის შეფასება მოხდა CBA მეთოდოლოგიით, რომლითაც გაანალიზებული იქნა თითოეული პროექტის მიერ მოსატანი სარგებელი, მისთვის გასაწევი ხარჯები (ინვესტიციები) და გარემოზე ზემოქმედება.
CBA მეთოდოლოგიით შეფასების თანახმად, ყველაზე მაღალი რეიტინგის (და საჭიროების) პროექტებია: 1) „ჯვარი-წყალტუბო-ახალციხე“, რომელიც ახდენს 2100 მგვტ-მდე სიმძლავრის მქონე ჰესების ინტეგრაციას, ზრდის ქსელის გამტარუნარიანობას, საიმედოობას და უზრუნველყოფს #-1 კრიტერიუმის შესრულებას; 2) „ქსანი-სტეფანწმინდა-მოზდოკი“, რომელიც აძლიერებს რუსეთთან პარალელური მუშაობის საიმედოობას, ამაღლებს საქართველოს ქსელის მდგრადობას და ახდენს 170 მგვტ-მდე სიმძლავრის ჰესების ინტეგრაციას. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 მაისის #343 დადგენილებით დამტკიცებული 2014-2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის თანახმად, გზშ განვითარების პროექტებში გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინების უმნიშვნელოვანესი მექანიზმია, განსაკუთრებით სწრაფი ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის შემცირების საჭიროების პირობებში, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში გამოიხატება. დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, გზშ-ს პროცესი არასაკმარისად ითვალისწინებს ბიომრავალფეროვნების საკითხებს. გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში განხილულია სწორედ ის საკითხები, რაც აღნიშნული სტრატეგიის მიხედვით მნიშვნელოვნად არის მიჩნეული სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებისათვის. კერძოდ, აღნიშნული გზშ შეიცავს ბიომრავალფეროვნების შესახებ დეტალურ კვლევასა და მათზე ზემოქმედების შემარბილებელ ღონისძიებებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაინტერესებული საზოგადოება ადეკვატურად, დროულად და ეფექტურად უნდა იყოს ინფორმირებული საზოგადოებრივი თუ ინდივიდუალური შეტყობინების მეშვეობით (გარემოებათა გათვალისწინებით) გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესის საწყის ეტაპზე. მათ შორისაა შემდეგი საკითხები: ა) შემოთავაზებული საქმიანობა და განაცხადი, რომელზეც იქნება მიღებული გადაწყვეტილება; ბ) შესაძლებელი გადაწყვეტილებების ხასიათი ან გადაწყვეტილების პროექტი; გ) ხელისუფლების ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია გადაწყვეტილების მიღებაზე; დ) გათვალისწინებული პროცედურა იმის ჩათვლით, თუ როდის და როგორ იქნება ეს ინფორმაცია მოწოდებული; I) პროცედურის განხორციელების დაწყება; II) საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობანი; III) ნებისმიერი წინასწარ დაგეგმილი სახალხო მოსმენის დრო და ადგილი; IV) მითითება ხელისუფლების ორგანოდან, საიდანაც სათანადო ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი და სადაც ეს ინფორმაცია იგზავნება საზოგადოებისათვის განსახილველად; V) შესაბამისი ხელისუფლების ორგანოს ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო უწყების მითითება, რომელსაც შესაძლებელია გაეგზავნოს შენიშვნები, კითხვები და მათი წარდგენის განრიგი; VI) მითითება იმის შესახებ, თუ შემოთავაზებულ საქმიანობასთან დაკავშირებული რომელი გარემოსდაცვითი ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი; და ე) ფაქტი, რომ საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ეროვნულ თუ ტრანსსაზღვრო პროცედურას.
მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საზოგადოების მონაწილეობის პროცედურები სხვადასხვა ფაზებისათვის ითვალისწინებს გონივრულ ვადებს, რითაც ზემოთ, მეორე პარაგრაფის შესაბამისად იძლევა საკმარის დროს საზოგადოების ინფორმირებისათვის და გარემოს დაცვის საკითხების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეფექტური მომზადებისა და მონაწილეობისათვის. მე-4 პუნქტის თანახმად კი, ყოველი მხარე უზრუნველყოფს საზოგადოების მონაწილეობას ადრეულ ეტაპზე, როდესაც ვარიანტები ღიაა და საზოგადოებას აქვს მასში ეფექტური მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტრო ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 20 დღის ვადაში.
„გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი ადგენს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის პროცედურას, ხოლო მე-7 მუხლში მოცემულია გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შედეგების გაფორმების წესი. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ შპს „ე-ის“ მიერ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მომზადებისას მოეწყო საჯარო განხილვა და საზოგადოებასთან კონსულტაციები, რაც ასახულია სათანადო ოქმში. გარდა ამისა, უშუალოდ სამინისტროს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციულ ორგანოში საკითხის განხილვისას შედგა ორი შეხვედრა დაინტერესებულ პირთა მოწვევის უზრუნველყოფით, როგორც უშუალოდ ჩართული პირების, ისე სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციისა და სათანადო დოკუმენტაციის გამოქვეყნებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უზრუნველყოფილ იქნა საკითხის განხილვის საჯაროობა და მასში დაინტერესებული საზოგადოების ჩართვა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ა(ა)იპ „...ას“, ზ. წ-ისა და შ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე ი. მ-ეს 07.09.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ი. მ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა(ა)იპ „...ას“, ზ. წ-ისა და შ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განჩინება;
3. ი. მ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ა(ა)იპ „...ას“, ზ. წ-ისა და შ. ბ-ის საკასაციო საჩივარზე 07.09.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი