Facebook Twitter

№ბს-1581(კ-18) 28 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 10 იანვარს ნ. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 1995 წლიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურედ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლიდან კი, სამოქალაქო პირად. 2017 წლის 19 აპრილის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის MOD 8 17 000002815 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურედ მუშაობის პერიოდში არ მიუღია კუთვნილი ხელფასი - 1337.40 ლარი, კერძოდ: 1998 წლის - 372.50 ლარი, 1999 წლის - 553.97 ლარი და 2000 წლის - 410.90 ლარი.

მოსარჩელის განმარტებით, მან განცხადებით მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, რომლის 2017 წლის 30 ნოემბრის №2 17 01149069 წერილით უარი ეთქვა დავალიანების ანაზღაურებაზე, დაფინანსების არარსებობის გამო, თუმცა დავალიანება აღიარებულ იქნა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელფასო დავალიანების - 1337.40 ლარისა და ყოველდღიურად, 2006 წლის მარტიდან დაყოვნებული სახელფასო თანხის - 0,07 პროცენტის, სულ - 5034 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 წლების ხელზე გასაცემი ხელფასის - 702.62 ლარის ოდენობით ანაზღაურება; ნ. ნ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ იმ შემთხვევაშიც თუ, მოსარჩელის მიერ უფლების რეალიზაცია განხორციელდა 2017 წლის 1 ივლისის შემდეგ ანუ იმ პერიოდში, როდესაც მოქმედებდა უკვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი, სადაც აღარ არის მითითებული 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე გასაცემი კუთვნილი თანხის, ანუ წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესი, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე არ შეიძლება აღნიშნული გარემოება ჩაითვალოს მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძვლად, ყოველ შემთხვევაში ახალი რეგულაციის მიღების მომენტიდან სახელშეკრულებო ურთიერთობებისთვის განსაზღვრულ ხანდაზმულობის ვადაში მაინც. შესაბამისად, მის მიმართ უნდა გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები.

პალატის მითითებით, უდავოა, რომ მუშაკის შრომითი გასამრჯელოს - ხელფასის გაცემის ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აკისრია კანონმდებლობის საფუძველზე, ანუ იგი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებაა. სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე დაწესებული კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელებულიყო დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება. ამავე ნორმის დანაწესით, იგი არ შეიცავს საჯარო მოსამსახურისათვის განსაზღვრული კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულებას.

პალატამ გაიზიარა მსჯელობა, რომ კვების კომპენსაცია ხელფასის თანხისგან განსხვავებით არ არის მოქცეული სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლის მოქმედების ფარგლებში. ამდენად, მოსარჩელის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა მითითებული პერიოდის კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში პალატამ ხანდაზმულად მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მოსარჩელე ნ. ნ-ის სასარგებლოდ ყოველდღიურად, დაყოვნებული სახელფასო თანხის 0,07%-ის - 3 697 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, მოსარჩელემ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების უფლების რეალიზაცია მოახდინა 2017 წელს, ანუ იმ დროს, როდესაც მოქმედებდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელშიც აღარ არის მითითებული 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე გაცემული კუთვნილი თანხის, ანუ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესი.

კასატორის განმარტებით, ხელფასის გაცემის ვალდებულებას უნდა მიეცეს სახელშეკრულებო ვალდებულების კვალიფიკაცია, რომელზეც უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელფასო დავალიანების - 1337.40 ლარისა და ყოველდღიურად, 2006 წლის მარტიდან დაყოვნებული სახელფასო თანხის - 0,07 პროცენტის, სულ - 5034 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-1999-2000 წლების ხელზე გასაცემი ხელფასის - 702.62 ლარის ოდენობით ანაზღაურება; ნ. ნ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ნ. ნ-ის სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლების ხელფასის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეს - ნ. ნ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არ გაუსაჩივრებია. ამდენად, გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ნ. ნ-ის სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლების ხელფასის თანხის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობა წარმოადგენს.

საქმის მასალების შესაბამისად დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 30 ნოემბრის №MOD 2 17 011 49069 წერილით ნ. ნ-ს, 2017 წლის №406389 განცხადების პასუხად გაეგზავნა გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 2017 წლის 28 ნოემბრის №1138347 წერილი. ასევე ეცნობა, რომ ვინაიდან წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ასიგნებები არ არის გამოყოფილი, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას დააკმაყოფილონ განმცხადებლის თხოვნა.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, მუშაკის სახელფასო და კანონით გათვალისწინებული სხვა სოციალური გარანტიების დავალიანების ანაზღაურება იმ ორგანოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელთანაც იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ნ. ნ-ის სასარგებლოდ ხელფასის ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერების შესახებ და მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა მართებულად მიიჩნია არახანდაზმულად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, სარჩელი აღძრულია 10.01.2018წ. - „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. კანონის მოქმედების პირობებში, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ კანონი ამოქმედდა 2017 წლის 1 ივლისიდან (128 მუხ.). მითითებული კანონის ამოქმედებამდე საკითხის რეგულირებას ახდენდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონი, რომლის 1341 მუხლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა ხორციელდებოდა წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 1341 მუხლის თანახმად რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რაც წარმოადგენს დავალიანების კანონისმიერ აღიარებას. შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება დავის გადაწყვეტისას ახალი კანონის რეგულაციების გამოყენების თაობაზე. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, სამინისტროზე ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო თანხების გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება გამხდარიყო მოსარჩელისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი