Facebook Twitter

№ბს-1602(კ-18) 28 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 22 იანვარს ჟ. პ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი დევნილია 1993 წლიდან, ქ. გალიდან. მას შემდეგ ცხოვრობდა ქ. გორში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში ...ის ქუჩაზე. 1996 წელს დაოჯახდა ზ. ღ-ზე და ცხოვრობდა მეუღლის მშობლების სახლში გორი, ...ის ქ. №29/48. ქორწინების პერიოდში შეეძინა სამი შვილი - დ. ღ-ი, ა. ღ-ი და ნ. ღ-ი. 2016 წლის 1 ივნისს განქორწინდა. განქორწინების პროცესში ბავშვებთან ერთად 4 თვის მანძილზე ცხოვრობდა ძალადობისაგან დაცვის თავშესაფარში. თავშესაფრიდან გამოსვლის შემდეგ კი ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, რომელიც მდებარეობს გორში, ...ის №47-ში.

2017 წლის იანვრის თვეში შეავსო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე აპლიკაცია. 2017 წლის მარტის თვეში ოჯახის შეფასება მოხდა 5.5 ქულით.

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის სექტემბერში შემოწმდა მოსარჩელის ოჯახი საცხოვრებელ ადგილზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ და დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, 5 დღის ვადაში წარედგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი ბინის მესაკუთრის თაობაზე, აღნიშნული მის მიერ ვადაში იქნა წარდგენილი.

2018 წლის 4 იანვარს მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ დარჩა ბინის გარეშე მის არასრულწლოვან შვილებთან ერთად, ვინაიდან უფროსი შვილი იმყოფება მამასთან და ოჯახი არის ხელოვნურად გაერთიანებული.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 7 თებერვლის №266 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ დ. ღ-ი, ნ. ღ-ი და ა. ღ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით ჟ. პ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 7 თებერვლის №266 ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება ჟ. პ-ას მოთხოვნა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 სექტემბრის განჩინებით განსახილველ საქმეში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილი იქნა - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებს განსაზღვრავს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის მე-4 მუხლი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. მითითებული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლადაშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები. დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, თუ კონკრეტული პროექტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში და კერძო სექტორში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №4 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №5 დანართის შესაბამისად.

კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჟ. პ-ა წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, რომელიც აღნიშნული სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ და გადაეწყვიტა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი.

პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ჟ. პ-ამ შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე, ზემოაღნიშნული წესის საფუძველზე. სამინისტრომ ჟ. პ-ას დევნილ ოჯახს კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინასწარი შეფასებით მიანიჭა 5.5 ქულა, მათ შორის, სოციალურ კრიტერიუმში - 4.5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები - 1 ქულა.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აპელანტის პოზიციაზე, რომელიც ემყარება ოჯახის ხელოვნურად გაერთიანებას. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ უდავოდ დადგენილი ის გარემოება, რომ ჟ. პ-ას საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონება. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ჟ. პ-ას დევნილი ოჯახის გრძელვადიან განსახლებაზე უარის თქმის საფუძვლად მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ჟ. პ-ას შემთხვევაში ადგილი აქვს ოჯახის ხელოვნურ გაერთიანებას, არ წარმოადგენს ჟ. პ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ და მესამე პირმა დ. ღ-მა პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესზე განმარტეს, რომ დ. ღ-ი ნამდვილად ცხოვრობს მამასთან - ზ. ღ-თან, ვინაიდან ჟ. პ-ას მიერ ნაქირავებ ერთოთახიან ბინაში ფიზიკურად არ არის ადგილი და საშუალება, მისი ოჯახთან, დედასა და და-ძმასთან ერთად ცხოვრებისა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი“ ადგენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღებისა და მისი განხილვის წესს. ამავე წესით რეგულირდება დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურა და კრიტერიუმები. თითოეული დევნილი ოჯახის განაცხადის შეფასება ხორციელდება სამინისტროს მიერ მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების საფუძველზე. შეფასების შედეგად, თითოეულ დევნილ ოჯახს, ზემოაღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით ენიჭება შესაბამისი ქულა. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად და იმ დევნილ ოჯახს, რომელიც სხვა დევნილ ოჯახებთან შედარებით მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, რომელიც საკითხს განიხილავს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამდენად, პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები.

კასატორის მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის, დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, როგორც დევნილის, დროებითი საცხოვრებელი მისამართია: ქ. გორი, ...ის გამზირი №29, ბინა №48, ხოლო ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად უფიქსირდება გორი, ... ქუჩა №54. 2017 წლის 17 იანვარს მოსარჩელემ შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. მის მიერ განაცხადში შეყვანილ იქნა შვილები - დ. ღ-ი, ა. ღ-ი და ნ. ღ-ი. მეუღლესთან - ზ. ღ-თან ოფიციალურად განქორწინებულია 2016 წლიდან. განაცხადის შევსების პერიოდში ქირით ცხოვრობდა მისამართზე ქ. გორი, ... ქუჩა №54. მოსარჩელის განაცხადს პირველადი შეფასებით მიენიჭა 5.5 ქულა. მიუხედავად აღნიშნული ქულებისა, მოსარჩელეს კომისიის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ქ. გორში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების გამო.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის №320 ბრძანების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას, რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ განაცხადში მითითებული ერთ-ერთი შვილი დ. ღ-ი არ წარმოადგენს აღნიშნული ნორმით განსაზღვრულ ოჯახის წევრს. დ. ღ-ი ფაქტობრივად არ ცხოვრობს მოსარჩელესთან ერთ მისამართზე და არც ერთობლივ შინასამეურნეო საქმიანობას არ ეწევიან. აღნიშნული გარემოება დასტურდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ამონაწერით, სადაც ასახულია, რომ მისამართზე - ქ. გორი, ... ქუჩა №54 რეგისტრირებულია და ფაქტობრივად ცხოვრობს ოჯახის სამი წევრი: ჟ. პ-ი, ა. ღ-ი და ნ. ღ-ი. ასევე 2017 წლის 21 სექტემბერს სამინისტროს მიერ მოსარჩელესთან განხორციელებული მონიტორინგის დროს, მან თავად დააფიქსირა, რომ მისი უფროსი ვაჟი (სრულწლოვანი) ცხოვრობს მამასთან, მისამართზე: გორი, ...ის გამზ. №29, ბინა №48. 2017 წლის 17 ოქტომბერს მონიტორინგის თანამშრომლები გამოცხადნენ მოსარჩელის მეუღლის მისამართზე, სადაც ადგილზე არავინ დახვდათ, სამინისტროს თანამშრომელი გაესაუბრა (შედგა შესაბამისი ოქმი) მეზობელს - ნ. კ-ეს, რომელმაც განაცხადა, რომ ზ. ღ-ი (მოსარჩელის ყოფილი მეუღლე) მუშაობს კერძო მშენებლობაზე და გვიან ღამე ბრუნდება სახლში, ხოლო მისამართზე ცხოვრობს შვილთან დ. ღ-თან ერთად, რომელიც სავარაუდოდ იმყოფება მამასთან ერთად სამუშაოზე. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე ცალსახად დასტურდება, რომ სახეზეა ოჯახის ხელოვნურად გაერთიანება.

კასატორის განმარტებით, დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა სააგენტოს უფლებამოსილებას წარმოადგენს და ის ამ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს. ცალკე აღებული რომელიმე ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭება დაუშვებელია. ამავე დროს საჯარო ინტერესების გათვალისწინებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისთვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს საჯარო ინტერესებისთვის მიყენებულ სიკეთეს, გამოყენებულ უნდა იქნეს პირის კანონიერი უფლებისთვის ყველაზე ნაკლები ზიანის მიმყენებელი საშუალება.

კასატორის მითითებით, საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მოსარჩელის საკითხი გამოკვლეულია სრულყოფილად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც დარწმუნდა მის მართებულობაში. სააგენტომ მოცემულ შემთხვევაში დაიცვა ყველა მოთხოვნა, რაც გათვალისწინებულია საკითხის მომწესრიგებელი აქტებით და მიმდინარე ეტაპზე არ დააკმაყოფილა პირი საცხოვრებლით, რომელსაც გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი. მოსარჩელე ცდილობს უფრო ადრე მიიღოს საცხოვრებელი სხვა უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფ და უფრო მაღალქულიან ოჯახებთან შედარებით. ის ფაქტი, რომ ოჯახი სახელმწიფოსაგან საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელია არ დგას ეჭვის ქვეშ, თუმცა ამ შემთხვევაში ბენეფიციარებსაც აქვთ თმენის ვალდებულება დაელოდონ თავიანთ რიგს და რიგითობის გათვალისწინებით მიიღონ საცხოვრებელი ფართი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საპროცესო უფლებამონაცვლედ ჩაერთო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 7 თებერვლის №266 ბრძანება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების (სადავო პერიოდში მოქმედი) პირველი პუნქტით დამტკიცებული იქნა „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი“, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია; მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. აღნიშნული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლადაშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები. დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, თუ კონკრეტული პროექტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №4 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №5 დანართის შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჟ. პ-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. ჟ. პ-ას ოჯახი (რეგისტრაციის ნომერი №025-0205) მონაცემთა ბაზის მიხედვით, დევნილად რეგისტრირებულია მისამართზე: აფხაზეთი, გალი, .... №138, დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი) საქართველო, შიდა-ქართლი, გორი, ...ის გამზ. №29, ბინა №48; ჟ. პ-ას ჰყავს სამი შვილი: 1997 წლის ... დაბადებული დ. ღ-ი, 2002 წელს დაბადებული ა. ღ-ი და 2011 წლის ... დაბადებული ნ. ღ-ი, რომლებიც ასევე წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირებს.

2017 წლის 17 იანვარს, ჟ. პ-ამ შეავსო განაცხადი (№...) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. სამინისტრომ ჟ. პ-ას დევნილ ოჯახს კრიტერიუმების გათვალისწინებით, წინასწარი შეფასებით მიანიჭა 5.5 ქულა, მათ შორის, სოციალურ კრიტერიუმში - 4.5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები - 1 ქულა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმასთან მიმართებაში, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ჟ. პ-ას დევნილი ოჯახის გრძელვადიან განსახლებაზე უარის თქმის საფუძვლად მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ჟ. პ-ას შემთხვევაში ადგილი აქვს ოჯახის ხელოვნურ გაერთიანებას, არ წარმოადგენს ჟ. პ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ და მესამე პირმა დ. ღ-მა პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესზე განმარტეს, რომ დ. ღ-ი ნამდვილად ცხოვრობს მამასთან - ზ. ღ-თან, ვინაიდან ჟ. პ-ას მიერ ნაქირავებ ერთოთახიან ბინაში ფიზიკურად არ არის ადგილი და საშუალება, მისი ოჯახთან, დედასა და და-ძმასთან ერთად ცხოვრებისა. ჟ. პ-ას საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია საკუთრებაში და ცხოვრობს ქირით. ამასთანავე, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ჟ. პ-ასათვის მინიჭებული ქულები საკმარისი იყო მისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი