№ბს-9(კ-19) 11 აპრილი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 18 იანვარს ც. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი და დევნილობის პერიოდში ცხოვრობს ქუთაისში, ... ქუჩა №23-ში. აღნიშნული ობიექტი წარმოადგენდა კომპაქტური ჩასახლების ობიექტს. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, შენობას დაუდგინდა ნგრევადი სტატუსი. შესაბამისად, მოპასუხემ ობიექტზე მცხოვრებ დევნილებს, ყოველგვარი კონკურსის და კრიტერიუმების გარეშე, გადასცა ბინები და მოახდინა მათი გრძელვადიანი განსახლება, თუმცა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუხორციელებია ც. გ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა იმ საფუძვლით, რომ თითქოს მის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება ზესტაფონში, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მოსარჩელის განმარტებით, ნგრევად ობიექტში ცხოვრებით მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხისათვის მისი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით ც. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ც. გ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (უფლებამონაცვლე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ც. გ-ე დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით დარეგისტრირებულია მისამართზე: ქ. ქუთაისი, ... ქუჩა №23-ში (... სკოლა). ამასთან, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 10 დეკემბრის №006755614 დასკვნით დგინდება, რომ ქ. ქუთაისში, ... ქუჩა №23-ში მდებარე შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.
ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კომისია უფლებამოსილი და ვალდებულიც იყო ეხელმძღვანელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების შეფასების გარეშე გადაეწყვიტა მითითებულ შენობაში მცხოვრები ც. გ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მართალია, სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე (2014 წლის 19 დეკემბრის რედაქცია), რომელიც ადგენს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესსა და კრიტერიუმებს, თუმცა არასწორად განმარტა სადავო საკითხის მარეგულირებელი ნორმების შინაარსი.
კასატორის მითითებით, აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია), ხოლო მე-4 მუხლით დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებისას, კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, განისაზღვრება, თუ კონკრეტული პროექტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება. ასევე მითითებული მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტების შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, ამავე ბრძანებით დამტკიცებული კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებულ საფრთხის შემცვლელ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
კასატორის განმარტებით, თავდაპირველად, ქუთაისში, ... ქ. №23-ში მდებარე ობიექტიდან დევნილთა საგამონაკლისო წესით უზრუნველყოფის საკითხი დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განიხილა 2015 წლის 3 მარტის სხდომაზე, სადაც მოწინააღმდეგე მხარე ც. გ-ეს უარი ეთქვა საკუთრების გამო. კომისიის გადაწყვეტილება მხარის მიერ არ ყოფილა სადავოდ გამხდარი და უფრო მეტიც, 2016 წელს ც. გ-ემ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საერთო წესით შეავსო აპლიკაცია. კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერებას ამყარებს და ადასტურებს ის გარემოება, რომ სადავო პერიოდისათვის მოწინააღმდეგე მხარეს მართლაც უფიქსირდებოდა საკუთრება საჯარო რეესტრში, რომელსაც დღესაც ფლობს შეუზღუდავად, მიუხედავად იმისა, რომ კანონით დადგენილი წესით აღრიცხული არ არის საჯარო რეესტრში. ამდენად, კომისიის 2015 წლის 3 მარტის გადაწყვეტილება არის კანონიერი.
კასატორის მითითებით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი. სამოქმედო გეგმის მე-2 მუხლის 2.1.11 პუნქტის თანახმად, იმ დევნილ ოჯახებთან მიმართებით, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილების, რომელთაც საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი, მათი დახმარების შესაძლებლობა განიხილება ბოლო ეტაპზე.
კასატორის განმარტებით, სამინისტროს მიერ შესწავლილ იქნა ც. გ-ის განაცხადი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე და წინასწარი შეფასებით მიენიჭა 0 ქულა, რადგან ც. გ-ის საკუთრებაში ფიქსირდებოდა ორი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ერთი - შენობა-ნაგებობით, ს/კ ...). 2017 წლის 3 აპრილს განხორციელდა წარდგენილი განაცხადის გადაფასება, რის შედეგადაც ც. გ-ის ოჯახისათვის წინასწარი შეფასებით მინიჭებულ ქულათა რაოდენობამ შეადგინა 4 (სიღარიბის მაჩვენებელი - 1 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1 ქულა; მძიმე საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს - 2 ქულა).
კასატორის მითითებით, 2017 წლის 29 აგვისტოს კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა მოწინააღმდეგე მხარე ც. გ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი მეუღლესთან - მ. მ-ესთან ერთად. ვინაიდან, მოცემული პერიოდისათვის მიმდინარეობდა სასამართლო დავა ც. გ-ის სარჩელისა გამო, ქმედების განხორციელების დავალების მოთხოვნით, კომისიამ 2017 წლის 29 აგვისტოს სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკითხის განხილვა შეჩერებულიყო სასამართლო დავის დასრულებამდე.
ამდენად, კასატორის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონის დარღვევა ც. გ-ის საკითხთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს. მითითებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს წესი ეფუძნება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიასა“ (შემდგომში - სტრატეგია) და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით დამტკიცებულ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმას“ (შემდგომში სამოქმედო გეგმა). ამავე წესის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად კი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახისათვის, სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში - კომისია). ამავე წესის მე-4 მუხლით დადგენილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები. კერძოდ, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის შეთავაზებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, თუ კონკრეტული პროექტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება. მე-5 პუნქტის თანახმად კი, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში და კერძო სექტორში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №4 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №5 დანართის შესაბამისად. მითითებული მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მცხოვრებ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2015 წლის 3 მარტის №21 სხდომის ოქმით დგინდება, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განიხილა ქუთაისში, ... №23-ში, ყოფილი ... სკოლის ავარულ შენობაში მცხოვრები დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით ნგრევადი ობიექტებიდან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ციცინო გოგოლაძეს, საკუთრების გამო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 11 აგვისტოს №01-02/08/21442 წერილით ც. გ-ეს ეცნობა, რომ ის და მისი ოჯახი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დაკმაყოფილებულია რეაბილიტირებულ შენობაში საცხოვრებელი ფართით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას ხელმეორედ განეხილა საკითხი.
2016 წლის 13 სექტემბერს ც. გ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება უძრავ ქონებაზე, მდებარე - ზესტაფონის რაიონი, სოფელი ... . საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 16 სექტემბერს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება და ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2017 წლის 21 მარტს გაცემული №04/6986 ცნობით დგინდება, რომ ც. გ-ე დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით დარეგისტრირებულია მისამართზე: ქ. ქუთაისი, ... ქუჩა №23 (... სკოლა).
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 10 დეკემბრის №006755614 დასკვნის თანახმად, ქ. ქუთაისში, ... ქუჩა №23-ში მდებარე შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო ლოკალურ ზონებში ავარიულია. მომდევნო ექსპლუატაციისათვის აუცილებელია შენობას ჩაუტარდეს სარეაბილიტაციო აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოები, თუმცა ხანდაზმულობის, დაზიანებათა მასშტაბებისა და მზიდი კონსტრუქციების ქვეყანაში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის სირთულის გათვალისწინებით, შენობის აღდგენა, მისი არარენტაბელურობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ კომისია უფლებამოსილი და ვალდებულიც იყო ეხელმძღვანელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების შეფასების გარეშე გადაეწყვიტა მითითებულ შენობაში მცხოვრები ც. გ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოთხოვნის მიუხედავად, ადმინისტრაციულმა ორგანომ სასამართლოს ვერ წარუდგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელეს რეალურად საკუთრებაში ან თუნდაც მხოლოდ ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნდა რაიმე სახის მიწის ნაკვეთი და მასზედ არსებული საცხოვრებელი სახლი, რის გამოც მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის განმარტებით, მის სახელზე საჯარო რეესტრში მისი ნების გარეშე და უფლების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის გარეშე ნამდვილად იყო რეგისტრირებული გარკვეული მიწის ნაკვეთი, რომელიც არასოდეს არ გადასცემია და არც ფაქტობრივ მფლობელობაში არ ჰქონია, რის გამოც მისი მოთხოვნით ასეთი ფიქტიური რეგისტრაცია გაუქმდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი